1 აპრილი

1 აპრილი

0 კომენტარი

ყოველ პირველ აპრილს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში სულელის დღეს აღნიშნავენ. ნაციონალურ დღესასწაულად ის ჯერ არსად ქცეულა. თუმცა, მრავალ ადამიანს ეს ხელს არ უშლის ერთმანეთის გაცურებითა და გაშაყირებით დაკავდეს. პირველ აპრილს დილიდან უნდა გვახსოვდეს, რომ დღის მანძილზე ჩვენს გასულელებას შეეცდებიან. თუ დაგვავიწყდა ამ დღის უჩვეულო თავისებურება, შესაძლოა, რომელიმე ოინბაზმა, ხაფანგში გაბმულს შეგვახსენოს – „დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია”.

მართლმადიდებელი ეკლესია საპირველაპრილო ოინებს აღდგომის დღესასწაულის შარჟად მიიჩნევს და ტყუილს, თუნდაც უწყინარს, ცოდვას ეძახის. ეს დამკვიდრებულ ტრადიციას ვერაფერს აკლებს. არსებობს შეთქმულების თეორიათა მთელი ინდუსტრია, რომელსაც საეკლესიო პრესა ამ დღესასწაულთან დაკავშირებით უხვად ბეჭდავს. გვაფრთხილებენ, რომ ჩვენი მეგობრების უწყინარი გაშაყირებაც კი, შეიძლება სულის წარწყმედის ფასად დაგვიჯდეს. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნდა ვთქვათ, რომ სააღდგომო კვერცხის დაჭიდებაცა და მისი თანმხლები მოგების სურვილიც, აზარტის დამღუპველი ვნებაა, რომელიც ასევე ბნელ ძალათა კრებამ ჩაიფიქრა ქრისტიანთა საცდუნებლად.

სინამდვილეში, პირველი აპრილის დღესასწაულის ფესვები უცნობია. მისი წარმომავლობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს სათავეს ადრეული რომაული და ინდუისტური ფესტივალებიდან იღებს, რომელიც გაზაფხულის ბუნიობას იწყებოდა და აპრილამდე გრძელდებოდა. თუმცა, მოსაზრების დადასტურება ვერ ხერხდება. პოპულარული მტკიცების მიხედვით, რომელსაც მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, გასულელების ტრადიცია საფრანგეთში დაიბადა. მე-16 საუკუნეში მეფე შარლ IX-ეს ბრძანების თანახმად, 1 აპრილს ახალი წლის აღნიშვნის წესი 1 იანვარს გადავიდა – რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაპი გრეგორი ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლას გამოაცხადებდა. ბუნებრივია, ცნობამ კალენდარული წესის ცვლილების შესახებ ყველგან მალევე ვერ მიაღწია. ამიტომაც, საფრანგეთში ბევრი ახალ წელს კვლავ აპრილით იწყებდა. ზოგიერთს უბრალოდ არ სურდა ახალ ჩვეულებასთან შეგუება. ამ ადამიანებს ფრანგები საპირველაპრილოდ ყალბ საჩუქრებს ურიგებდნენ. ასე გაჩნდნენ აპრილის სულელები, იგივე აპრილის თევზები – poisson d’avril. მზე, თევზის ზოდიაქოს ნიშნის ეტლს, სწორედ აპრილის დასაწყისში ტოვებს, სავარაუდოდ, დასახელებაც ამას უკავშირდება. ტრადიციულად, ფრანგები ამ დღეს ერთმანეთს მკვდარ თევზებს უდებდნენ სკამზე; დღეისთვის ნამდვილი თევზი ქაღალდისგან დამზადებულმა შეცვალა, რომელიც მეგობარს ისე უნდა მიაკრა ზურგზე, რომ ვერ შენიშნოს.

კომუნიკაციების განვითარებამ კიდევ უფრო მეტი ადამიანის გაცურება გახადა შესაძლებელი. შესაძლოა, სულელის დღე მართლაც საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ ბრიტანეთმა გაზარდა: 1976 წელს BBC-ის რადიოს პირდაპირ ეთერში სტუმრად მიწვეულმა ასტრონომმა, პატრიკ მურმა, მშობლიურ ბრიტანეთს ამცნო, რომ ზუსტად 9:47 წუთზე პლანეტა პლუტონი იუპიტერის უკან ჩაივლიდა, რაც დედამიწის გრავიტაციას შეასუსტებდა. მურის მტკიცებით, ამ დროს ჰაერში ახტებოდით, უცნაურ ფარფატს იგრძნობდით და რამდენიმე მილიწამით ჰაერშიც გაჩერდებოდით. 9:47-ის შემდეგ, რადიოში ზარები გაისმა, სადაც მრავალი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ამის გარდა, ფრენაც კი გამოუვიდა.

იმავე BBC-ის ახალი ამბების შოუ Panorama-მ 1957 წელს მაყურებელს აცნობა, რომ თბილმა ზამთარმა შვეიცარიელი ფერმერები სპაგეტის უხვი მოსავლით დააჯილდოვა. ტექსტს თან ფოტომასალაც ახლდა, სადაც ბედნიერი შვეიცარიელები ხეებიდან სპაგეტის კრეფდნენ. ხუმრობამ უამრავი მაყურებელი „წამოიკიდა”. BBC-ის ოფისში ბევრი რეკავდა, ვისაც სპაგეტის მოყვანა ჭკუაში დაუჯდა – მათ კითხვებს ტელეკომპანია შეგონებით პასუხობდა: ერთი ღერი სპაგეტი პომიდვრის საწებელში ჩააწეთ და იმედი გქონდეთ!

1962 წელს მრავალმა შვედმა საკუთარ შავ-თეთრ ტელევიზორებს ნეილონის ნაჭრები იმ იმედით გადააფარა, რომ ფერადი ტალღის დაჭერას შეძლებდა. ამ დროისთვის ფერადი ტელევიზორები ჯერ არ არსებობდა. ნეილონის ნაჭრების სასწაულმოქმედების შესახებ მათ იმ ერთადერთი ტელეარხიდან შეიტყვეს, რომელიც მაშინ შვედეთში მაუწყებლობდა.

16 წლის წინ კი, ამერიკულმა კორპორაცია Taco Bell Corporation-მა განაცხადა, რომ ამერიკული დამოუკიდებლობის სიმბოლო, Liberty Bell-ი შეიძინა, სახელი გადაარქვა და ამიერიდან მას Taco Liberty Bell-ი ეწოდება. სწორედ ამ ზარმა მოუხმო მოსახლეობას ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოცხადებაზე. ფილადელფიის ისტორიულ პარკს, აღშფოთებული მოქალაქეები მიაწყდნენ. სულ მალე კორპორაციამ აღიარა, რომ განცხადება ხუმრობა იყო. ხოლო მომხდარის კომენტირებისას, თეთრი სახლის პრესსამსახურმა ხუმრობით განაცხადა, რომ აბრაამ ლინკოლნის მემორიალიც იყიდებოდა და მას ამიერიდან Ford Lincoln Mercury Memorial-ი ერქმეოდა.

პირველ აპრილს სამოქალაქო პროტესტის გასავრცელებლადაც იყენებდნენ. 1998 წელს ამერიკელებს გამოცემა New Mexicans for Science

and Reason-მა აცნობა, რომ ალაბამის შტატში მათემატიკური მუდმივა „პი” -3.14-ის მაგიერ, ამიერიდან 3.0 იქნება, რადგან შტატის საკანონმდებლო ორგანოს აზრით, სამი ბიბლიური რიცხვია. აღნიშნული ცნობა ფიზიკოსმა მარკ ბოსლოუმ დაბეჭდა. მალე საკანონმდებლო ორგანოში ათასობით ადამიანის ზარი გაისმა და ცხადი გახდა, რომ ფიზიკოსმა, ამგვარად, შტატში ევოლუციის თეორიის სწავლების შევიწროება გააპროტესტა.

ისტორიას ისეთი საპირველაპრილო ტყუილებიც ახსოვს, რომელიც სიცილს არ იწვევს. წარმოიდგინეთ, რომ გაზეთში თქვენი ოჯახის წევრის შეწყალების შესახებ ცნობას კითხულობთ, ციხესთან მისულს კი განგიმარტავენ, რომ დღეს პირველი აპრილია. სწორედ ასე „იხუმრა” რუმინულმა გაზეთმა 2000 წელს. 1996 წელს სააგენტო იტარ-ტასმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი ვარშავის ხელშეკრულებიდან გადის, რამაც ჩეხეთსა და ბულგარეთში პანიკა გამოიწვია. სააგენტომ გავრცელებული ინფორმაცია მალევე უარყო. შესაძლოა, სწორედ საპირველაპრილო ხუმრობების გამოც, 1946 წელს, პირველ აპრილს, ცუნამის მოახლოების შესახებ განგაში, ჰავაის მკვიდრთა ნაწილმა სულელის დღის მავნებლურ ოინებს მიაწერა. ეს მათ ძვირად დაუჯდათ. ჰავაის მკვიდრთა ტრაგედია მოწმობს, რომ მართალია, ამ დღეს სხვებს ეჭვის თვალით უნდა ვუყუროთ, მაგრამ ყველაფერს უნდობლობით არ მოვეკიდოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები