ჰონგკონგი

ახალი გუბერნატორი

0 კომენტარი

მარტს, ჰონგკონგში ახალი გუბერნატორი აირჩიეს. 57 წლის პროჩინური პოლიტიკოსი ლიუნგ ჩუნ-ინგი მოვალეობების შესრულებას ივლისიდან შეუდგება. ის დონალდ ცანგს ჩაანაცვლებს, რომელსაც პოსტი 2005 წლიდან ეკავა. ჰონგკონგის გუბერნატორს 1,132 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კომიტეტი ირჩევს, რომელიც ბიზნესმენებითა და სხვა გავლენიანი პიროვნებებით არის დაკომპლექტებული. ჩინეთის მთავრობას სავაჭრო თუ პროფესიული კავშირებისა და სხვა ინტერესთა ჯგუფების მეშვეობით კომიტეტის წევრების უმრავლესობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ლიუნგის არჩევაც ადგილობრივი პრესის მიერ პეკინის დაგეგმილ სპექტაკლად შეფასდა.

აზიის ფინანსურ ცენტრ ჰონგკონგს 156 წლის მანძილზე ბრიტანეთი მართავდა. 1997 წელს ქალაქი ჩინეთს განსაკუთრებული ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსით შეუერთდა. ჩინეთისა და ჰონგკონგის ურთიერთობები განისაზღვრება ფორმულით – ერთი ქვეყანა, ორი პოლიტიკური სისტემა. ბრიტანეთის მმართველობისას გუბერნატორს ლონდონი ნიშნავდა, 1997 წლიდან კი მას საარჩევნო კომიტეტი ირჩევს. ჰონგკონგის 7.1-მილიონიანი მოსახლეობა, სავარაუდოდ, 2017 წლიდან გუბერნატორს პირდაპირი წესით აირჩევს.

ჩინეთთან მიერთების შემდეგ ჰონგკონგმა პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება შეინარჩუნა. ლიუნგის არჩევამ კი ამ პრივილეგიების დაკარგვის საფრთხე წარმოშვა. ახალ გუბერნატორს მოსახლეობა საპროტესტო აქციებით შეხვდა. უკმაყოფილო დარჩა ადგილობრივი მედია და ბიზნესმენთა ნაწილიც. საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარებულ საკუთარ პირველივე პრესკონფერენციაზე ლიუნგი ჰონგკონგელებს დაჰპირდა, რომ მათი პოლიტიკური თავისუფლებები ხელშეუხებელი დარჩება. მიუხედავად ამ დაპირებებისა, პროდემოკრატიული ძალები შიშობენ, რომ ქალაქში ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლების გავლენა გაიზრდება. პეკინი შეიძლება ჰონგკონგის განსაკუთრებულ სტატუსსაც დაემუქროს და საკუთარ პოლიტიკურ სისტემაში მისი უფრო მეტად ინკორპორირება მოისურვოს.

საარჩევნო კომიტეტის 1,132 ხმიდან ლიუნგმა, რომელსაც ჰონგკონგში უბრალოდ CY-თი მოიხსენიებენ, 689 მიიღო. მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ჰენრი ტანგმა, 285 ხმის მოგროვება შეძლო. მესამეზე კი პროდემოკრატიული კანდიდატი ალბერტ ჰო გავიდა 76 ხმით. მან ჰონგკონგს არასასურველი პოლიტიკური ცვლილებები უწინასწარმეტყველა.

წლევანდელ არჩევნებზე პეკინის თავდაპირველი ფავორიტი ტანგი იყო, რომელსაც გუბერნატორის პოსტი, 2005 წლის მაისსა და ივნისში მოვალეობების დროებითი შემსრულებლის სტატუსით, უკვე ეკავა. თუმცა შემდეგ ის არაერთ სკანდალში გაეხვია და აქცენტი ლიუნგზე გადავიდა. ხმაური არც ამ უკანასკნელს აკლდა. მას აბრალებდნენ, რომ ჰონგკონგის კომუნისტური პარტიის ფარული წევრი იყო. ლიუნგი მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე უარყოფდა ამ ბრალდებას.

ჰონგკონგის ჩინეთთან მიერთებისას იმედოვნებდნენ, რომ მისი თავისუფალი პოლიტიკური სისტემა ჩინეთში დემოკრატიულ რეფორმებს წაახალისებდა. თუმცა, 15 წლის შემდეგ, ჰონგკონგელებს, შესაძლოა, საკუთარი თავისუფლებების დასაცავად მოუხდეთ ბრძოლა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები