რეზერვი

პოლიტიკური პერიპეტიები რეზერვის გარშემო

ცოტა ხნის წინ კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია დასავლეთ საქართველოში უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაზე ალაპარაკდა. პოლიტიკოსმა ეს განცხადება პირველად 15 მარტს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას გააკეთა. ალასანიას თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი სამოქალაქო ომისთვის ემზადება. „სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი (სირია) ზუგდიდში, ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ, დაიწყეთ მოქმედება”, – უთხრა მან დიპლომატებს.

ალასანიამ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ამის გადამოწმება, „განსაკუთრებით”, აფხაზეთის საოკუპაციო საზღვართან შეუძლიათ. მის განცხადებას მალე ოკუპირებული ტერიტორიიდანაც გამოეხმაურნენ და ალასანიას სიტყვები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს. ეს ქართული მილიტარიზმის შესახებ საკუთარი ბრალდებების კიდევ ერთ დასტურად გამოაცხადეს.

ალასანიას განცხადების შემდეგ ხელისუფლების რიგმა წარმომადგენლებმა ივარაუდეს, რომ ის უკანონო ფორმირებებს ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს უწოდებდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საპილოტე პროექტია და ნებაყოფლობითობის საფუძველზე დაკომპლექტებული სარეზერვო ძალების წვრთნას ითვალისწინებს. ასეთი წვრთნები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს საქართველოს ოთხ რეგიონში – იმერეთში, სამეგრელოში, ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.

მოგვიანებით ალასანიამ განაცხადა, რომ უკანონო ფორმირებებზე მტკიცებულებები ჰქონდა, თუმცა ისინი არ გაასაჯაროვა და რეაგირებისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუგზავნა. თავის მხრივ, ეროვნული უშიშროების საბჭომ ჩათვალა, რომ ალასანიას მიწოდებული მასალა არ შეიცავს რაიმე ღირებულ ინფორმაციას და ის გამოაქვეყნა, რათა საზოგადოებას თავად ემსჯელა წარმოდგენილი მონაცემების სერიოზულობაზე. გამოქვეყნებულ მასალაში შედიოდა ალასანიას წერილი და იმ პირთა სია, რომლებიც, ალასანიას თქმით, შეიარაღებულ დაჯგუფებებს ხელმძღვანელობენ. უშიშროების საბჭოში განაცხადეს, რომ მასში უბრალოდ ჩამოთვლილი იყო მოქმედი სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების სახელები და გვარები.

ალასანიამ განაცხადა, რომ ამ დაჯგუფებებს რეზერვთან საერთო არაფერი აქვთ. თუმცა, ეროვნული უშიშროების საბჭოს საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მისი განცხადებების შემდეგ, დაიწყო რეზერვისტების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება და საკუთარ ინტერესებზე მორგება.

ალასანიას არ აუხსნია, როგორ არის მის ამ გამოსვლამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე ანონსირებული რეზერვის რეფორმა ახლა გამოთქმულ ბრალდებებზე რეაქცია. ხელისუფლების მხრიდან ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება 2011 წლის ოქტომბერში გაკეთდა. თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე მოიპოვება 2011 წლის 31 ოქტომბერს განთავსებული განცხადება: „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. რეზერვის შესახებ მოქმედი კანონის „საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი”.

როგორც თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ ხარშილაძემ, ტაბულას განუცხადა, ამ მიმართულებით საპილოტე წვრთნები სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ის რამდენიმე ათასმა ადამიანმა უკვე გაიარა, ან გადის ქვეყნის 4 რეგიონში. საპილოტე წვრთნების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა რეზერვის კონკრეტული ელემენტების ტესტირება და სისტემის წინასწარი ანალიზის ჩატარება. სწორედ 2008 წელს მიღებული გამოცდილების საფუძველზე, სურდათ, ჯერ პრაქტიკულ დონეზე ენახათ და შეესწავლათ სისტემა და შემდგომ დანერგილიყო სრულფასოვნად.

რეზერვის მანამდე არსებული ნაკლოვანი სისტემის გარდაქმნაზე საუბარი და მუშაობა კი გაცილებით ადრე დაიწყო. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მოიპოვება 2010 წლის 28 ოქტომბრის მასალა, სადაც მითითებულია, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა ამ დღეს ვაზიანში გასვლითი სხდომა გამართა. აქ განაცხადეს, რომ შეიქმნებოდა 2 ტიპის რეზერვი – ერთი საარმიო ფუნქციებით, ხოლო მეორის ძირითადი ფუნქცია საგანგებო სიტუაციების მართვა და ტერიტორიულ-ლოჯისტიკური საკითხები იქნებოდა. აქცენტს აკეთებდნენ სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2011 წლის ნოემბერში კი კომიტეტის თავმჯდომარე, გივი თარგამაძე, ტაბულასთან ინტერვიუში საუბრობდა 2 სახის რეზერვზე: პირველი იმ ადამიანებზე გათვლილი, რომელთაც სამხედრო გამოცდილება ჰქონდათ; მეორე, მოხალისეებზე რეგიონულ დონეზე – თარგამაძის განცხადებით, ასეთი საკმაოდ ბევრი მოიძებნა და შეეცდებოდნენ, მოსამზადებელი ცენტრები რეგიონებშივე განელაგებინათ.

ცოტა ხნის წინ კი დასრულდა საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტზე მუშაობა. დოკუმენტი მსგავსი ფორმატით შემუშავებული პირველი კონცეფციაა. მანამდე არსებულ სხვადასხვა კონცეპტუალურ დოკუმენტებსა და ხედვებს რეზერვზე, ამ მიმართულებით ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის სახე არ მიუღია. კონცეფციაზე ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფორმატში შექმნილი სამუშაო ჯგუფი მუშაობდა.

რეზერვის ახალი კონცეფციის არსზე ინფორმაციის მისაღებად ტაბულამ ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმართა. სისტემის ახალი სტრუქტურა ორ კატეგორიად იყოფა: სახმელეთო ჯარების რეზერვად და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვად. სახმელეთო ჯარების რეზერვი სავალდებულო წესით კომპლექტდება. თუმცა, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია სახმელეთო ჯარების რეზერვში ნებაყოფლობითი ჩარიცხვა. ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კი კომპლექტდება მხოლოდ ნებაყოფლობითობის საფუძველზე და სწორედ მას მოიხსენიებენ ნებაყოფლობითი რეზერვის სახელით. კონცეფციაში ორივე მიმართულებით მიმდინარე საპილოტე წვრთნებიდან მიღებული გამოცდილება აისახა.

ეროვნული უშიშროების საბჭოში საუბრობენ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის დადებით მხარეებზე. „ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, დროის და ფინანსების მინიმალური დანახარჯებით მივაღწიოთ შესაძლო მაქსიმალურ შედეგს. მაგალითად, ტერიტორიული რეზერვი კონკრეტული ტერიტორიის ადგილობრივი მოსახლეობით კომპლექტდება. მის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ რეზერვისტი კარგად იცნობს იმ ტერიტორიას და გეოგრაფიულ გარემოს, რომელშიც მას შესაძლებელია დასჭირდეს მოქმედება. ადაპტირება ოპერაციულ გარემოსთან და საჭიროების შემთხვევაში მობილიზება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ხარჯებთან და დროსთან, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მის ეფექტიანობას”, – აცხადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ბათუ ქუთელია.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ რეზერვის სისტემა მთლიანად ნებაყოფლობითი გახდეს, უშიშროების საბჭოში აღნიშნავენ ნებაყოფლობითობის უპირატესობას, რადგან მოტივირებული მოქალაქეები რეზერვში საკუთარი ინიციატივით ირიცხებიან. თუმცა, ბათუ ქუთელია ამბობს, რომ გამოცდილება და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეები გვაჩვენებს, რა მიმართულებით იქნება უკეთესი რეზერვის განვითარება – სისტემის სრულად ნებაყოფლობითობის პრინციპზე აგება, მხოლოდ სავალდებულო წესის დანერგვა, თუ ამ ორი პრინციპის კომბინირება. შესაბამისად მოხდება კონცეფციის ადაპტირებაც – დოკუმენტი მუდმივად განახლებადია.

ამ კონცეფციის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის რეზერვის განვითარების სტრატეგიასა და დოქტრინას შეიმუშავებს. ნოდარ ხარშილაძემ ტაბულას განუცხადა, რომ კონცეფციის საფუძველზე მიღებულ სხვადასხვა დოკუმენტში უკვე დეტალურად გაიწერება – ზუსტად რამდენ ხანს გაგრძელდება ეს წვრთნები, რა სახის იქნება და ა.შ. რაც შეეხება ნებაყოფლობითი რეზერვის მიმდინარე წვრთნების იურიდიულ საფუძველს, ის მიუთითებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ კანონზე, რომელიც ამჟამად სამი ტიპის რეზერვის არსებობას ითვალისწინებს – აქტიური რეზერვის, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და ინდივიდუალური რეზერვის. ეს უკანასკნელი იმ პირებისგან კომპლექტდება, რომლებიც არ ირიცხებიან პირველ და მეორე რეზერვში და რომლებსაც, ხარჩილაძის თქმით, შესაძლებლობა აქვთ, ნებაყოფლობით რეზერვში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან.

ცხადია, საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა ტერიტორიული თავდაცვის რეზერვით. ზოგადად, ტერიტორიული თავდაცვის სარეზერვო ძალები იმ პატარა ქვეყნებს ჰყავთ, რომელთათვისაც რთულია დიდი ჯარის ქონა, გამომდინარე შეზღუდული რესურსებიდან. მათ, ამავე დროს, სურთ, საგარეო საფრთხისგან დაცული იყვნენ. ასეთი სახელმწიფოებია, მაგალითად – ესტონეთი, ლატვია, ფინეთი, შვედეთი, დანია. ზოგან ამგვარი სამხედრო სამსახური სავალდებულოა. 

თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარების მიზნად საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება ცხადდება. გარე აგრესიის შემთხვევაში, ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად, შეიარაღებული ძალების მზადყოფნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეზერვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას. ახალი სისტემა მიმართული იქნება სწორედ რეზერვისტთა მომზადების, მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ასევე მოსახლეობის ფართო ჩართულობაზე ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში.

პრიორიტეტულად რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება ცხადდება, რომელიც ომისას ეფექტიანად დაუჭერს მხარს შეიარაღებულ ძალებს, უზრუნველყოფს ტერიტორიულ თავდაცვას. ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს კი სამოქალაქო ხელისუფლებას დაეხმარება. ამისთვის, რეზერვისტები უნდა ფლობდნენ სამხედრო მოსამსახურის ძირითად და კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების შესაბამის ცოდნას და უნარებს.

ერთი ტიპის რეზერვის – სახმელეთო ჯარების რეზერვის ძირითადი ამოცანაა, საომარი მოქმედებებისას შეიარაღებული ძალების მოქმედ ქვედანაყოფებს დაუჭიროს მხარი და საჭიროების შემთხვევაში ისინი სრულფასოვნად ჩაანაცვლოს. ასევე, მისი ამოცანაა სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა, რაც განხორციელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის გეგმებისა და მითითებების მიხედვით. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებსაც უნდა დაეხმარონ საგანგებო სიტუაციებისას. სახმელეთო ჯარების რეზერვს მოამზადებს და მართავს სახმელეთო ჯარების სარდლობა.

რაც შეეხება ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს, ის საომარი მოქმედებებისას უმთავრესად ტერიტორიულ თავდაცვასა და ზურგის ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება სახმელეთო ჯარების რეზერვს. მათ ფუნქციაშია თავდაცვის ძალების გეგმებისა და მითითებების მიხედვით განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონის ავტონომიურად დაცვა, რაც დგინდება საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი დახმარებას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს. თავის მხრივ, მას ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი მოამზადებს და მართავს.

 

 

კომენტარები