ფეხბურთი

120 წლის ლივერპული: სიმბოლური ნაკრები

მარტს ინგლისის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ლივერპულმა 120 წლის იუბილე იზეიმა.

დღეს ენფილდროუდელები პრემიერლიგის მოწინავეთა შორის აღარ არიან, მაგრამ ლივერპულში კარგად იციან, რომ ჩავარდნა დროებითია – კლუბს გაცილებით მძიმე წლებიც ახსოვს.

მიუხედავად იმისა, რომ კენი დალგლიშის გუნდი ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, სეზონს ჩაგდებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: კლუბმა ინგლისის ლიგის თასი უკვე მოიგო და დიდი შანსია, ასოციაციის თასიც აღმართოს.

ქართველ ქომაგებს ლივერპულთან ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს, მაგრამ ეს დღევანდელ წერილთან სულაც არაა კავშირში: ტაბულა სამი საუკუნის მომსწრე კლუბის ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებს გთავაზობთ.

მეკარე: რეი კლემენსი

18 წლის იყო, სკანტროპში თამაშობდა და... ლივერპულში ბილ შენკლიმ მიიწვია 1967 წელს, ერთ წელიწადში კი პირველი მეკარე გახდა. ის დღემდე ლივერპულის ყველაზე ტიტულიანი მეკარეა: ხუთჯერ მოიგო ჩემპიონატი, თითოჯერ ასოციაციის და ლიგის თასები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სამჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი! ლივერპული 1981 წელს დატოვა – ტოტენჰემ ჰოთსფურში გადაბარგდა. საერთო ჯამში, კლუბის მაისური 665 ოფიციალურ მატჩში მოირგო და მათგან თითქმის ნახევარში – 314 შეხვედრა – გოლი არ გაუშვა! 1979 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში დინამოსთან 0:3 წაგებულ მატჩში, ლივერპულის კარში სწორედ ის იდგა.

მცველი: ფილ ნილი

პირველი, ვინც კლუბის ახალმა მწვრთნელმა ბობ პეისლიმ გადაიბირა, სწორედ ფილ ნილი გახლდათ. ეს 1974 წლის 9 ოქტომბერს მოხდა. ახალწვეული მალევე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და 1985 წლის ჩათვლით, როცა გუნდს გამოეთხოვა, 650 მატჩში 59 გოლი გაიტანა. ის ლივერპულის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა თასზე კლუბის პირველ ხუთ ფინალში ითამაშა – ოთხჯერ ნილმა თასი აღმართა! საერთო ჯამში, ლივერპულის მაისურით 23 ტიტული მოიგო და მედლების მხრივ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში მესამეა – მხოლოდ მანჩესტერელები რაიან გიგზი და პოლ სქოულზი უსწრებენ.

მცველი: ალან ჰანსენი

„ასეთი მცველის ყურება ერთი სიამოვნებაა! სიმართლე გითხრათ, მასზე უკეთესი ბრიტანელი უკანახაზელი არასდროს მინახავს. ჩინებულად ხედავს მოედანს, ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და თავისი კარიდან შეტევის დაწყებაც ეხერხება. ის შეუდარებელია!” – ამ სიტყვებით ბობ პეისლიმ ალან ჰანსენი დაახასიათა. შოტლანდიელი მცველი ლივერპულმა 1977 წელს გადაიბირა 110 ათასი გირვანქად. მან 1991 წლის ჩათვლით ითამაშა ენფილდ როუდზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ლივერპულის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში. კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო, კარიერის დასრულების შემდეგ კი ტელეკომენტატორი გახდა.

მცველი: ჯეიმი კარაგერი

2011 წლის 9 მაისს ლივერპულის მაისური 666-ე მატჩში მოირგო და ახლა ის მხოლოდ იან კალაჰანს ჩამორჩება, ვის ანგარიშზეც 875 ოფიციალური თამაშია. თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, მიმდინარე სეზონში კარაგერი, სავარაუდოდ, საიუბილეო, მე-700 მატჩს ჩაატარებს! ბავშვობაში ქალაქის მეორე გუნდს, ევერტონს გულშემატკივრობდა, მაგრამ ლივერპულის სიმბოლოდ იქცა – დღეს გუნდის ვიცე-კაპიტანი და გულშემატკივართა ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მე-16 სეზონს ატარებს გუნდში, ერთხელაც ვერ გახდა პრემიერლიგის გამარჯვებული. მის კოლექციაში 11 მედალია.

მცველი: ემლინ ჰიუზი

ინგლისის ნაკრების და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი 2004 წელს გარდაიცვალა. ორ წელიწადში გულშემატკივრებმა კლუბის ყველა დროის საუკეთესო 100 ფეხბურთელი დაასახელეს – ჰიუზმა მეათე ადგილი დაიკავა. 1977 წელს, როცა გუნდმა პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, კაპიტნის სამკლავური სწორედ მას ეკეთა (ისევე, როგორც 1978 წელს). რეი კლემენსის დარად, ლივერპულში მანაც 665-ჯერ ითამაშა.

ნახევარმცველი: კევინ კიგანი

კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი 1977 წელს, კარიერის პიკზე მყოფმა დატოვა. ლივერპულში ექვსი სეზონი გაატარა და 323 ოფიციალურ მატჩში ზუსტად 100 გოლი შეაგდო. ჰამბურგში გადასულმა, 1978 და 1979 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოქროს ბურთი მოიგო. თბილისს სწორედ ჰამბურგის შემადგენლობაში ესტუმრა – დინამოს წინააღმდეგ ის ორივე შეხვედრაში შეუდარებელი იყო...

ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი

თუ ვინმეზე ითქმის ნაღდი ლივერპულელი, პირველ რიგში ჯერარდზე: 23 წელია კლუბშია, დღეს კი ენფილდროუდელთა კაპიტანია! სამწუხაროდ, ჯერ ერთხელაც ვერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამაგიეროდ, სამჯერ მოიგო ლიგის თასი, ორ-ორჯერ ასოციაციის, ინგლისის და ევროპის სუპერთასები, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი. მალე კლუბში 600, ხოლო ნაკრებში 100-მატჩიან ნიშნულებს გადააბიჯებს. ევრო 2012-ზე, შესაძლოა, ნაკრების კაპიტანიც იყოს.

ნახევარმცველი: იან კალაჰანი

ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ლივერპულის მაისურით: 1960-1978 წლებში ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა 857 თამაშში 68 გოლი გაიტანა. 1966 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ინგლისის ნაკრების წევრი იყო, თუმცა მაშინ მედალი არ შეხვდა. ფიფამ დაუდევრობა 2009 წელს გამოასწორა და კალაჰანი ოქროს მედლით დააჯილდოვა. მოიგო ყველა საკლუბო ტიტული ინგლისის ლიგის თასის გარდა.

თავდამსხმელი: კენი დალგლიში

დღეს ის კლუბის მთავარი მწვრთნელია, მაგრამ თუ გულახდილები ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ხორცშესხმული ლივერპულია. 1977 წელს კევინ კიგანის შემცვლელად გადაიბირეს გლაზგოს სელტიკიდან. დალგლიშმა მოლოდინი არა მარტო გაამართლა, გადააჭარბა კიდეც: 501 მატჩში 169 გოლს თავი რომ დავანებოთ, მოთამაშე-მწვრთნელის რანგში საერთო ჯამში 26 ტიტული მოიპოვა!

თავდამსხმელი: იან რაში

ყველაზე მეტი ოფიციალური გოლი ლივერპულის მაისურით – 346... ყველაზე მეტი გოლი ინგლისის თასის ფინალებში – 5... ყველაზე მეტი გოლი ინგლისის ლიგის თასზე – 49... ყველაზე მეტი გოლი მერსისაიდულ დერბიში – 25... 1995 წლის შემოდგომით ჭაღარაშეპარული რაში თბილისსაც ესტუმრა უელსის ნაკრების შემადგენლობაში – მისი გუნდი ეროვნულზე საქართველოსთან 0:5 დამარცხდა.

თავდამსხმელი: როჯერ ჰანტი

1966 წელს ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 60-იანი წლების ლივერპულის ნომერი პირველი თავდამსხმელი როჯერ ჰანტი იმ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა! 1967 წლის 7 ნოემბერს თავისი 242-ე „ლივერპულური” გოლი შეაგდო და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, კარიერა კი 492 მატჩში 286 გოლით დაასრულა.

 

 

კომენტარები