მალაიზია

საქართველოს წარმომადგენელი მოლაპარაკებებს მართავს პატიმრების ექსტრადიციის საკითხზე

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ამ დრომდე იმყოფება მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველ ადვოკატებთან. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საპატიმროში მოინახულეს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე და გაეცნენ მათი დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მალაიზიაში იმყოფება მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძეც, იუსტიციის სამინისტრის  მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ის მოლაპარაკებებს მართავს კუალალუმპურში, მალაიზიელ კოლეგებთან, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 3 აპრილს მალაიზიის ქალაქ კოტა კინაბალუში გაიმართა სასამართლო სხდომა. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებები და პოზიცია,  საქართველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძესაც შეუმსუბუქა ბრალი და სიკვდილით დასჯის ნაცვლად 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  აქედან 2 წლიანი პატიმრობა გოდრაძეს უკვე მოხდილი აქვს. მანამდე მიღებული გადაწყვეტილებით, სიკვდილით დასჯას დარეჯავნ კოხტაშვილიც გადაურჩა. ის და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში 2010 წელს ნარკოტიკების შეტანის ფაქტზე დააკავეს, მსგავსი დანაშული მალაიზიაში სიკვდილით ისჯება.

 

კომენტარები