ოკუპირებული ტერიტორიები

„ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება”

საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარების საპასუხოდ, ჩერქეზული ორგანიზაციები და აქტივისტები თბილისთან დაახლოებას ცდილობენ. ამავე დროს, აფხაზეთს რუსეთზე დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ და სოხუმს თბილისთან დიალოგისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს გასულ თვეში ყაბარდოელი აქტივისტი, 1992-93 წლებში აფხაზეთში საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ჩერქეზი მოხალისეების მეთაური, იბრაჰიმ იაგანოვი ეწვია. დისკუსია ჩრდილოეთ კავკასიისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხების გარშემო კვლავ გააქტიურდა.

იანვარში, იაგანოვის მოსაზრებებს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, როგორც სოხუმში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში გამოეხმაურნენ. ყაბარდოელი აქტივისტი აცხადებდა, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფიქციაა და რეგიონი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული. მან აფხაზებს თბილისთან ურთიერთობების დამყარებისკენ მოუწოდა.

იაგანოვი, მისი თქმით, საქართველოში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. იგი გაეცნო თბილისში ჩერქეზული ცენტრის საქმიანობას და მთავრობის რამდენიმე წევრსა და დეპუტატს შეხვდა.

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მასზე პოლიციის რეფორმამ, „კანონიერი ქურდების” დამარცხებამ და სახელმწიფო აპარატის მუშაობამ მოახდინა. ამ ვიზიტმა ყაბარდოელი აქტივისტი თავის მოსაზრებებში კიდევ უფრო განამტკიცა.

„აფხაზეთის ომის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოსთან ურთიერთობა მანამ არ გვექნება, სანამ ის აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. მაგრამ სიტუაცია აფხაზეთში და საქართველოს ახალი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ახალ პირობებს გვკარნახობს. 20 წლის შემდეგ, ჩვენ გვაქვს საქართველოს მიმართ დამოკიდებულების შეცვლის უფლება, მით უმეტეს, რომ საქართველო ინიციატივას იჩენს და პირველ ნაბიჯებს დგამს”, – განაცხადა იაგანოვმა.

ჩამოსვლამდე იგი ამ თემებზე ყოფილ თანამებრძოლებს, აფხაზეთის კონფლიქტის ჩერქეზ მონაწილეებს ესაუბრა. მათ იაგანოვის ინიციატივები დადებითად აღიქვეს.

მოგვიანებით, ჩერქეზების პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაზე გამოსვლისას, იაგანოვმა საკუთარი მოსაზრებები კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი თქმით, „აფხაზეთი დღეს არ არის რუსეთის მოკავშირე, ის თითქმის გუბერნიაა. აფხაზეთს არანაირი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებელი სახელმწიფო პოლიტიკის ნიშანი არ აქვს”. ბოლო საგანგაშო მაგალითად კრასნოდარის გუბერნატორის, ტკაჩოვის, აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლად დანიშვნა დაასახელა. მან სოხუმს იმის გამოც უსაყვედურა, რომ აფხაზეთი არათუ ვერ გახდა ჩრდილოეთ კავკასიის ფანჯარა გარესამყაროში, არამედ უკეტავს მეორე ფანჯარას – საქართველოს გავლით. იაგანოვის თქმით, „ომი მუდმივად ვერ გაგრძელდება” და აფხაზებმაც თბილისთან დიალოგი უნდა დაიწყონ.

ჩრდილოკავკასიელი ადიღეელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უფრო თბილი ხდება, მოსკოვის მიმართ იმედგაცრუება კი იზრდება. ამის შესახებ 19 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოცემა Eurasia Daily Monitor-ი აღნიშნავს. მას მოჰყავს ცნობა, რომ 16 მარტს სირიაში რუსეთის დელეგაცია გაემგზავრა, რომელსაც ამ ქვეყნიდან ჩერქეზების სამშობლოში რეპატრიაციის თემა უნდა განეხილა.

თუმცა, ავტორი ვარაუდობს, რომ მოსკოვი არ აპირებს ჩერქეზთა დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. მაგრამ, იძულებულია ჩერქეზთა მოთხოვნას გენოციდის აღიარებაზე და ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ საქართველოს პოლიტიკის გააქტიურებას გამოეხმაუროს.

Eurasia Daily Monitor-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქტიური პოლიტიკა ჩერქეზებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ამის მაგალითად გამოცემას იაგანოვის ვიზიტი და მისი მოსაზრებები მოჰყავს. საქართველოს მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარებამ „გზა გაუხსნა ჩერქეზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების სწრაფად გაუმჯობესებას... შესაძლოა, იაგანოვს სხვა ლიდერებმა მიბაძონ და გადაწყვიტონ, თავად იხილონ საქართველოში მომხდარი ცვლილებები”, – აღნიშნავს გამოცემა.

„მართალია, ომი ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ რეგიონის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გათვალისწინებით, მოსკოვი იძულებული იქნება მოძებნოს უფრო მტკიცე და მშვიდობიანი გადაწყვეტილება, რასაც ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკას დაუპირისპირებს”, – აღნიშნავს გამოცემა.

 

კომენტარები