კომპიუტერული თამაშები

თამაშები

0 კომენტარი

კომპიუტერული თამაშების მავნე გავლენის დასადგენად უამრავი კვლევა ჩატარებულა. იმის მიუხედავად, კარგს გვეუბნება ეს გამოკვლევები თუ ცუდს, საზოგადოების ნაწილს თამაშების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. განწყობას ამძაფრებს ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც საათების და ზოგჯერ დღეების განმავლობაშიც შეუწყვეტლად უსხედან კომპიუტერებს, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, კვლევისას ყურადღების მიღმა დარჩა მათი დადებითი მხარეები.

კომპიუტერულ თამაშებს ადამიანის ტვინის სტრუქტურის შეცვლა შეუძლიათ და, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ეს ცვლილებები, უმეტეს შემთხვევაში, უკეთესობისკენაა მიმართული. რამდენიმე ათას მოთამაშეზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს, სხვებისგან განსხვავებით 25%-ით სწრაფად შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება კრიტიკულ სიტუაციაში. მათ ასევე ჭარბად აქვთ სივრცეში ორიენტაციის უნარი და თვალებსა და ხელებს შორის უკუკავშირი. ამ უკანასკნელს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ისეთ პროფესიებში, რომლებიც ზუსტ და კარგად გათვლილ მოქმედებებს ითხოვს. როჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, სამგანზომილებიანი თამაშებით ნავარჯიშევ ტვინს შეუძლია წამში 6 განსხვავებული მოქმედების განხორციელება და გადაწყვეტილების მიღება, რაც ჩვეულებრივი ტვინის ანალოგიურ მონაცემზე ოთხჯერ მეტია.

მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ გეიმერი ქალები, რომლებიც მოთამაშეთა საერთო რაოდენობის 42%-ს შეადგენენ, კაცებზე უკეთ ახერხებენ სივრცეში ორიენტაციას. ჩვეულებრივ, „გაუვარჯიშებელი” ტვინით ეს საქმე კაცებს უკეთ გამოსდით. დაკვირვებების უმეტესობა მოზრდილ ადამიანებზე განხორციელდა, თუმცა საინტერესოა რა გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები მოზარდის ტვინზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. ამას ვისკონსინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, შონ გრინი პასუხობს. მისი თქმით, „ვიდეოთამაშები ტვინის სტრუქტურას ცვლის” – ისევე, როგორც წერა-კითხვის სწავლა და ფორტეპიანოზე დაკვრა. ამერიკის საშუალო სკოლების 491 მოსწავლეზე სამწლიანი კვლევა ჩატარდა. დადგინდა, რომ სქესისა და რასისგან დამოუკიდებლად, თამაშების მოყვარული ბავშვები ტორანსის სტანდარტულ შემოქმედებით ტესტს (TTCT) უკეთ აბარებენ. მეტიც, ვიდეოთამაშებზე დახარჯული დროის პროპორციულად იზრდება ტესტში აღებული ქულების რაოდენობა. ტესტი ამგვარია – ბავშვს ევალება უცნაური ფორმის ფიგურებისგან სურათის აწყობა და შემდეგ მასზე მცირე მოთხრობის დაწერა.

კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია დღეს საკმაოდ შემოსავლიანია. მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის თამაშები იყიდება. ამ მასშტაბების მიღწევას სულ რაღაც 41 წელი დასჭირდა, მას შემდეგ რაც პირველი კომერციული ვიდეოთამაში გამოჩნდა. მხოლოდ 2010 წელს კომპანიებმა 257 მილიონი თამაშის ასლი გაყიდეს. ამის გამო საშუალოსტატისტიკური მოთამაშე კვირაში 12-18 საათს ატარებს თამაშებში. ერთ-ერთი უდიდესი ონლაინთამაშის, World of Warcraft-ის 11 მილიონ მომხმარებელს კი ჯამში უკვე 50 მილიარდ საათამდე აქვს დახარჯული თამაშში, რაც დაახლოებით ისეთივე დროა, რაც ადამიანის, როგორც სახეობის ჩამოყალიბებას დასჭირდა – 5.9 მილიონი წელი.

უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონების, ინტერნეტის ან კომპიუტერის უბრალოდ გამოყენებას, ტვინზე რაიმე გავლენა აქვს. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სასტიკია თამაში – ტვინის განვითარებაზე ყველა მათგანი თანაბრად მოქმედებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები