ერნესტ ჰემინგუე

ჰემინგუეს აღიარება

0 კომენტარი

ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუემ ერთხელ საყვარელი კატა მოკლა. ამაზეა საუბარი მის  ერთ-ერთ გამოუქვეყნებელ წერილში, რომელიც ბოსტონის გარეუბანში მდებარე ჯონ კენედის სახელობის ბიბლიოთეკაშია გამოფენილი. ამის შესახებ ინფორმაცია The New York Times-მა გაავრცელა.

ბიბლიოთეკაში ექსპონირებულია ჰემინგუეს 15 წერილი, რომელთა ადრესატიც ვენეციელი არისტოკრატი - ჯანფრანკო ივანჩიჩია (Gianfranko Ivancich), რომელიც მწერალმა 1949 წელს გაიცნო. ზემოთ აღნიშნული გზავნილები 1953 – 1960 წლებშია დაწერილი. ამ დროს მწერალი კუბაში ცხოვრობდა.

წერილში, რომელიც დათარიღებულია 1953 წლის 22 თებერვლით, ჰემინგუე ყვება იმის შესახებ, თუ როგორ გაიტანა მისი კატა, სახელად ვილი, მანქანამ. ცხოველი ძალიან წვალობდა, ამიტომაც მწერალი იძულებული იყო მისთვის იარაღიდან ესროლა. კატის მოკვლის სხვისთვის გადაბარება ჰემინგუემ ვერ შეძლო.  

22 თებერვლის წერილში ჰემინგუე აღიარებს, რომ მას უსროლია ადამიანებისთვის, მაგრამ არასოდეს ჰქონია შემთხვევა, როდესაც იძულებული იყო მოეკლა ის, „ვინც 11 წლის განმავლობაში უყვარდა და ვინც ორი მოტეხილი თათითაც კი აგრძელებდა კრუტუნს“.

მწერალი წერილში აღნიშნავს, რომ მაშინვე, როგორც კი კატას ესროლა, მის სახლს უცნობი  ტურისტები მიუახლოვდნენ, რომელთაც ჰემინგუემ უთხრა, რომ მათთან სასაუბროდ არ ეცალა, ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო და წასვლა სთხოვა. თუმცა, „კადილაკიანმა მდიდრებმა“, როგორც მათ ჰემინგუემ უწოდა, წასვლა არ ისურვეს და აღნიშნეს, რომ გაუმართლათ, რამდენადაც სახელგანთქმული ჰემინგუე კატაზე მოტირალი ნახეს. ამის შემდეგ მწერალს უკვე  ძალიან უხეში ფორმით მოუხდა აბეზარი თაყვანისმცემლების თავიდან მოშორება . . .

კატა ვილი, თანახმად წიგნისა „ჰემინგუეს კატები: ილუსტრირებული ბიოგრაფია“, მწერალმა ერთ-ერთი კატის სახის შესაქმნელად გამოიყენა ნაწარმოებში „კუნძულები ოკეანეში“.

ამერიკელი მწერალი ცნობილი იყო თავისი სიყვარულით კატებისადმი. 1945 წლისათვის ჰემინგუეს 23 კატა ყავდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები