სუპერკომპიუტერი

უოტსონი ბიზნესის სამსახურში

0 კომენტარი

ერთი წლის წინ მთელი მსოფლიოს მედიასაშუალებები და მათ შორის ჟურნალი ტაბულა, კომპანია IBM-ის კვლევითი ცენტრის ქმნილების, ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული სუპერკომპიუტერის, მეტსახელად „უოტსონის” შესახებ წერდნენ. მაშინ უოტსონმა ჩახლართულ შეკითხვებზე პასუხით და დიდი ინფორმაციის სწრაფი დამუშავებით გამოიჩინა თავი და პოპულარულ ინტელექტუალურ შოუში, Jeopardy-ში აბსოლუტური ჩემპიონების, ბრედ რატერის და კენ ჯენინგსის დამარცხება შეძლო. სირთულე ის იყო, რომ შეკითხვები სიტყვების თამაშებს, გამოცანებს და ენობრივ თავსატეხებს შეიცავდა, რისი დაძლევაც კომპიუტერებს, ზოგადად, არ ძალუძთ.

არსებობის ერთი წლის მანძილზე უოტსონმა მრავალი გულშემატკივარი შეიძინა, რომლებიც აკვირდებოდნენ მის წარმატებებს და შემდეგ ტექნოლოგიურ ბლოგებზე დითირამბებს უძღვნიდნენ. სკეპტიკოსებიც ამბობდნენ, რომ უოტსონი კარგად შეფუთული მარკეტინგული პროდუქტია და მეტი არაფერი. თუმცა, საბოლოოდ, IBM-ის მრავალმილიონიანი პროექტი დიდ აჟიოტაჟში გადაიზარდა და შედეგიც სახეზეა: დღესდღეობით უოტსონის დაქირავების ან შეძენის მსურველი კომპანიების რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს. თუმცა „ცისფერ გიგანტად” წოდებული ამერიკული კორპორაცია თავისი ქმნილების საბოლოო გაყიდვას არ აპირებს და კომპანიებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

უოტსონს დიდი რაოდენობით ინფორმაციის ათვისება, ფაქტებსა და მოვლენებს შორის კანონზომიერებების დადგენა და შემდეგ ამ ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება შეუძლია. ამის გამო ის დიდი წარმატებით დაიტესტა სამედიცინო სფეროში, როგორც ექიმის კონსულტანტი დიაგნოზის დასმაში. დედამიწაზე არსებულ არცერთ მედიკოსს არ ძალუძს ავადმყოფობების ისტორიის ყველა დავთრის დაზუთხვა და შემდგომში დაავადების სიმპტომებს შორის საერთო ნიშან-თვისებების დადგენა. ინფორმაციის რაოდენობა წლიდან წლამდე ორმაგდება, შესაბამისად, გასაგებია, თუ რატომ არის უოტსონი შეუცვლელი კონსულტანტი.

სამედიცინო სფეროში მიღწეული წარმატების შემდეგ უოტსონით ფინანსისტები, სადაზღვევო კომპანიები და გაყიდვების მენეჯერები დაინტერესდნენ. IBM-ის მარკეტინგის დირექტორმა, სტივენ გოლდმა განაცხადა, რომ IBM-ი მზადაა დახმარება აღმოუჩინოს ყველას, ვინც უოტსონის მომსახურებას საჭიროებს. თუმცა საამისოდ გარკვეული პროცედურების ჩატარებაა საჭირო. უოტსონს ინფორმაცია სტრუქტურირებული ფორმით ესაჭიროება და არა მშრალი ფაქტების სახით. საამისოდ ყველა დაინტერესებულ კომპანიას თავისი საინფორმაციო ბაზის უოტსონისთვის გასაგებ „ენაზე” თარგმნა მოუწევს.

IBM-ი უოტსონის ქლაუდად ქცევას აპირებს, რის გამოც ახალი მარკეტინგული კამპანია წამოიწყო, რომლის სლოგანია „Get Ready for Watson” (მოემზადე უოტსონისთვის). ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეეძლება უოტსონის ქლაუდში ანგარიშის გახსნა, იქ თავისი ინფორმაციის ატვირთვა (სასურველ ფორმატში) და შემდგომ უოტსონისთვის შეკითხვების დასმა, რომელიც Jeopardy-ის შეკითხვების მსგავსი, ოღონდ პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე იქნება. მაგალითად, უოტსონი შეძლებს სადაზღვევო კომპანიებისათვის მომხმარებელთა რისკჯგუფების დადგენას, მომხმარებლის საჭიროების შესაბამისი პროდუქტის შერჩევას და ა.შ.

არსებობის ერთი წლის მანძილზე, უოტსონმა „რკინის” კომპიუტერების მიმართ ამერიკელ ბიზნესმენთა დამოკიდებულება შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ადამიანების და მანქანების თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის დასაწყისი.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები