მასობრივი მკვლელობები

მასობრივი მკვლელობები

0 კომენტარი

'იმედი მაქვს, ერთ დღესაც ნამდვილი წვიმა მოვა და ქუჩებს ნაძირლებისგან გარეცხავს' – ალბათ გეცნოთ ცნობილი ფრაზა მარტინ სკორსეზეს ფილმიდან „ტაქსისტი”. მთავარი პერსონაჟის, ტრევისის ისტორია რეალურ ცხოვრებაშიც ხშირად მეორდება: ადამიანები იარაღდებიან, დანიშნულების ადგილზე მიდიან და იქ მყოფებს ხოცავენ. ფსიქოპათი, დაჩაგრული, გაბრაზებული, იდეით შეპყრობილი – მკვლელებს მრავალგვარი ეპითეტით ახასიათებენ. შეძრწუნების მიღმა, მასობრივი ჟლეტის ავტორები დაუცხრომელ ინტერესს იწვევენ: ისინი ხომ „ჩვეულებრივნი” არ არიან – გონება, სადაც არაადამიანური სისასტიკე იბადება, დანარჩენებისთვის მისტიკურ საბურველში გახვეული რჩება.

მასობრივი მკვლელები საზოგადოებას თავს არასოდეს ანატრებენ. ცოტა ხნის წინ საფრანგეთს თავზარი დაეცა. სწორედ ასე ჟღერს სათაურები ამ დღეების ამსახველ ფრანგულ პრესაში. 19 მარტს, ტულუზაში მდებარე ებრაულ სკოლასთან მამაკაცი მოტოციკლიდან გადმოვიდა და ორი ცეცხლსასროლი იარაღიდან სკოლის ეზოში შეკრებილ ბავშვებს სროლა დაუწყო. შემთხვევას სამი პატარა ბავშვი (4, 5 და 7 წლის), მასწავლებელი და რაბინი ემსხვერპლა. ტულუზაში დაბადებულმა ტერორისტმა, მოჰამედ მერამ, რამდენიმე დღით ადრე სამი სამხედროც დახოცა. ის 32-საათიანი ალყის შემდეგ, სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. მკვლელი თავს ალ-ყაიდას წევრად ასახელებდა, მოტივად კი შურისძიებას – მისივე თქმით, პალესტინელი ბავშვების მკვლელობისა და საფრანგეთის ჯარების ავღანეთში გაგზავნის გამო. სპეცოპერაციის დროს, მომლაპარაკებლებს განუცხადა, რომ საფრანგეთი „მუხლებზე დააჩოქა”, თუმცა გული წყდება,

რადგან მეტის მოკვლას ვეღარ ასწრებს. ეს, ქვეყანაში 1995 წელს ისლამური ჯგუფის მიერ მოწყობილი ტერაქტების შემდეგ ყველაზე შემზარავი ფაქტია, სარკოზიმ კი ისტორიაში უსაშინლეს სასკოლო მკვლელობებად შეაფასა. ფრანგული საზოგადოების ფილანთროპი და ლიბერალი ნაწილი წუხს, რომ მომხდარმა, შესაძლოა, ქვეყანაში მუსლიმთა მიმართ აგრესია გამოიწვიოს. თუმცა, ჰიპოთეტური მსჯელობების მიღმა, მოცემულობა ასეთია: ტერორისტის მთავარი მოტივი ანტისემიტიზმი იყო.

აშშ-ის მართლმსაჯულების სტატისტიკის ბიურო მასობრივ მკვლელობას ასე განმარტავს: „მკვლელობა, სადაც მსხვერპლი 4 ან მეტი ადამიანია, ერთ ადგილას, ერთი მოვლენის დროს”. ადამიანური თანაგრძნობის მიღმა, მსგავსი ტრაგედიები შფოთსა და შიშს იწვევს: მისგან დაცული არავინაა. ეს გასულ წელს ნორვეგიაში, ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ ქვეყანაში, ბრეივიკის მიერ მოწყობილმა ხოცვა-ჟლეტამაც დაადასტურა. კარგად გამოჩნდა, რომ ყურადღების მოდუნება ასეთ გარემოშიც კი არ შეიძლება – ყოველთვის გამოჩნდება ფსიქოპათი, რომელიც განდიდების მანიით ან რაიმე იდეითაა შეპყრობილი.

სტატისტიკურად, მასობრივი მკვლელობები არც ისე ხშირია. მაგალითად, აშშ-ში ჰომიციდების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. თუმცა, საკმარისია ერთმა სტუდენტმა დანარჩენები ჩაცხრილოს, ცხადი ხდება, რომ „იშვიათობა” მომხდარს სიმძაფრეს ვერ

აკლებს. ამერიკას კიდევ დიდხანს არ დაავიწყდება 1999 წლის ტრაგედია – „კოლუმბინის სკოლის ხოცვა-ჟლეტა”. ერიკ ჰარისისა და დილან კლებოლდის მიერ მოწყობილ სისხლიან წარმოდგენას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 21 დაშავდა. მოზარდების მიერ სასწავლებლებში მოწყობილი მასობრივი მკვლელობები ამ „დარგის” ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად შეიძლება ჩავთვალოთ. ამ მხრივ აშშ-ში რეკორდსმენი ჩო სეუნ-ჰუია: 2007 წელს, ვირჯინიის ტექნიკურ ინსტიტუტში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას 33 ადამიანი ემსხვერპლა, 25 დაშავდა. ფსიქოლოგები იმასაც ამბობენ, რომ დამნაშავეებს გარკვეული არაჯანსაღი კონკურენციის განცდა აქვთ – მათ მიერ დატრიალებული ტრაგედია წინამორბედებზე ტრიუმფალური უნდა იყოს.

მასობრივი მკვლელობები სპონტანურად არ ხდება. როგორც წესი, მკვლელები დიდი ხნის მანძილზე ემზადებიან – შოულობენ შესაბამის იარაღს, სწავლობენ მის მოხმარებას, ადგენენ გეგმას, თუ რა მეთოდით განახორციელებენ ჩანაფიქრს, ხშირად ახდენენ საკუთარი იდეების ტირაჟირებას ინტერნეტით. თითოეულ მათგანს განსხვავებული პირადი ისტორია თუ გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმები აქვს. თუმცა, კრიმინალური ფსიქოლოგების განმარტებით, შესაძლებელია საერთო მახასიათებლების გამოყოფა.

დამნაშავეები ბნელ, ხშირად სექსუალურ სიამოვნებასაც იღებენ აქტის დროს. „არსებობს მუხტი, ჟრუანტელი, რომელიც მკვლელობას ახლავს”, – ამბობს სტანტონ სეიმნაუ, სასამართლო ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა „კრიმინალური გონების შიგნით”. მოტივზე საუბრისას, ხშირად ახსენებენ ნარცისიზმის კლინიკურ გამოვლინებას. მას დაბალი თვითშეფასება იწვევს, ახასიათებს კრიტიკაზე განრისხება ან სირცხვილის განცდა, ეჭვი, ემპათია. ასეთი ადამიანები გამუდმებით საჭიროებენ საკუთარი მნიშვნელობის უწყვეტ აღიარებას. მართლაც, ანტიგმირები ხშირად ხდებიან თავისი ეპოქის „ხატები” – მათზე მსჯელობენ, იღებენ ფილმებს და, რაც მთავარია, დიდხანს ახსოვთ.

ფოქსისა და ლევინის 2005 წლის კვლევაში ნაჩვენებია, რომ მასობრივ მკვლელთა სრული უმრავლესობა (94%) მამაკაცია, ნახევარზე მეტი (62%) თეთრკანიანი, ძირითადი ასაკობრივი ჯგუფი 20-დან 29 წლამდეა (23%). როგორც წესი, მასობრივი მკვლელი კონტროლისა და ძალაუფლებისკენ ისწრაფვის. ტულუზელი ტერორისტის მსგავსად, მას კონკრეტულ ადამიანებზე, ჯგუფზე ან მთელ საზოგადოებაზე შურისძიება სურს.

კრიმინალისტი გრან დიუვე სხვა მახასიათებლებსაც გამოყოფს. მკვლელი საკუთარ პრობლემებს სხვებს აბრალებს; დიდი ალბათობით, მენტალური პრობლემები აქვს – მაგალითად, პარანოიდული შიზოფრენია. როგორც წესი, სუიციდური მიდრეკილებებიც ახასიათებს – იკლავს თავს, ან პოლიციას სხვა არჩევანს არ უტოვებს. იშვიათად, ვინმეს ისე გაუმართლოს, რომ ასობით ადამიანზე ნადირობის შემდეგ, ნორვეგიის კომფორტულ ციხეში ჟურნალისტებს ინტერვიუებზე უთანხმდებოდეს. სუიციდი იყო ზემოთ ნახსენები სტუდენტების დასკვნითი აკორდიც. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ისინი საკუთარ თავსაც მსხვერპლად განიხილავენ, შეპყრობილნი არიან, ერთი მხრივ – აღიარების სურვილით და, მეორე მხრივ, არსებობის ამაოების განცდით.

როდესაც მომავალი საფრთხის პრევენციაზე საუბრობენ, პოტენციური მკვლელის დამახასიათებელ ნიშნად ხშირად მოჰყავთ მისი მარტოსულობაც. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ თუ სამსახურში თქვენი კოლეგა ჩაკეტილობით გამოირჩევა, ის აუცილებლად პოტენციური მკვლელია. ამის გამო ფსიქოლოგებს ხშირად მარტოსულთა სტიგმატიზებაშიც ადანაშაულებენ.

წიგნში „კრიმინალური გონების შიგნით” სეიმნაუ ამბობს, რომ კრიმინალები სამყაროს ფუნდამენტურად განსხვავებულად ხედავენ. ეს არ არის გამოწვეული ცუდი მეზობლებით, მშობლებით, ტელევიზიით, სკოლებით, ნარკოტიკებით ან უმუშევრობით, შესაბამისად, ისინი პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდებიან. „ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს, არის თუ არა ეს ადამიანი, რომელსაც სრულებით არ გააჩნია სინდისი? როგორც ჩანს, მათ განუზომელი უნარი აქვთ, შეუძლიათ უკუაგდონ ცოდნა შედეგების შესახებ, განსხვავება სწორსა და არასწორს შორის”.

მკვლელის მოტივების ამოსაცნობად, საუკეთესო მეთოდი, შესაძლოა, საკუთარი თავის მის ადგილზე წარმოდგენაა. ეს უფრო მარტივია, თუ საქმე ფილმის პერსონაჟს ეხება – პირადი დრამა, მარტოობა და გარიყულობა თანაგანცდასაც იწვევს. თუმცა, როდესაც დამნაშავე ფილმის გმირი კი არა, მოჰამედ მერაა, რომელიც პატარა ბავშვების სიკვდილს მკერდზე მიმაგრებული ვიდეოკამერით იღებს, საკუთარი თავის წარმოდგენა, ალბათ, მსხვერპლის ადგილზე უფრო გაგიადვილდებათ. ეს გასაკვირი არ არის – საბედნიეროდ, მასობრივი მკვლელი ყველა ვერ იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

რას ამბობენ მმართველი გუნდის წევრები საკონსტიტუციო მონარქიაზე

კომენტარები