ჩინეთი

რყევები პოლიტიკურ ელიტაში

შემოდგომაზე, მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას ახალი ლიდერი ეყოლება – ჰუ ძინტაოს სი ძინპინი ჩაანაცვლებს. ლიდერის ვინაობა გარკვეულია. სხვა მნიშვნელოვანი პოსტებისა და გავლენის გაფართოებისთვის კი, როგორც ჩანს, მძაფრი დაპირისპირება მიმდინარეობს. პოპულარული პოლიტიკოსის, ბო სილაის კომუნისტური პარტიის ქალაქ ჩუნცინის კომიტეტის მდივნობიდან გადაყენება სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლის გააქტიურების დადასტურებაა. ბო უახლოეს მომავალში კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ადგილის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო. 9 წევრისგან შემდგარი კომიტეტი ჩინეთში შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ უმაღლეს ორგანოდ ითვლება.

სკანდალი თებერვალში მომწიფდა. ბომ მის მარჯვენა ხელად მიჩნეული, ჩუნცინის პოლიციის აწ უკვე ყოფილი უფროსი ვან ლიძუანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელმა სამართალდამცავებმა ჩუნცინის მმართველობაში არსებული კორუფციის გამოძიება დაიწყეს და მუნიციპალიტეტის ლიდერზეც გავიდნენ. მიმომხილველთა ვარაუდით, ვანის გადაყენებით ბომ ბინძური საქმეებისგან დისტანცირება სცადა. გათავისუფლებიდან 5 დღის შემდეგ ვანი ქალაქ ჩენდუში ამერიკის საკონსულოში გამოცხადდა და იქ ერთი დღე გაატარა. ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო. საბოლოოდ, ვანი ჩინელ სამართალდამცავებს ჩაბარდა, გამოძიება კი გრძელდება.

ბო თანამდებობიდან 15 მარტს გადააყენეს. ეს ფაქტი ჩინურმა სამთავრობო მედიამ მოსახლეობას მშრალად ამცნო. ინფორმაციის სიმწირემ მრავალფეროვან სპეკულაციებს მისცა ბიძგი. ონლაინსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბო სახელმწიფო გადატრიალების ჩაშლილ მცდელობას შეეწირა, რომელსაც სათავეში პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრი და მისი თანამოაზრე ჟუ იონკანი ედგა.

ბომ, რომელიც 2004-2007 წლებში ჩინეთის კომერციის მინისტრი იყო, სახელი ჩუნცინში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით გაითქვა. ის ე.წ. წითელი კულტურისადმი ლტოლვითაც იყო გამორჩეული. პოლიტიკოსმა საკუთარი მუნიციპალიტეტის საჯარო ადგილებში მაოისტური იდეალებით გამსჭვალული სიმღერები დააბრუნა. ბომ თავისი ეკონომიკური პოლიტიკით ჩინეთში ე.წ. ჩუნცინის მოდელიც დაამკვიდრა. ეს უკანასკნელი რედისტრიბუციული პოლიტიკით, სოციალურ უზრუნველყოფაზე გაზრდილი ხარჯებითა (მაგალითად, მოსახლეობის კომუნალური ბინებით უზრუნველყოფით) და სახელმწიფო კორპორაციების მხარდაჭერით გამოიხატებოდა. ამით ის კომპარტიის მარცხენა ფლანგის, ე.წ. ახალ და ძველ მემარცხენეთათვის სასურველი პერსონა გახდა. ახალი მემარცხენეები პარტიის იერარქიის შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ პირებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს მოიცავენ. ისინი ლიბერალიზაციისადმი მწყრალად არიან განწყობილი, არ მოსწონთ ჩინეთის მოსახლეობის ფენებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავება და ეკონომიკაში სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას ემხრობიან. ძველი მემარცხენეები მაოისტური წარსულის ნოსტალგიით მცხოვრები შედარებით ასაკოვანი კომუნისტები არიან.

ოპონენტები ბოზე ამბობდნენ, რომ დანაშაულთან ბრძოლის მისი კამპანია შერჩევით ხასიათს ატარებდა, თანაც პოპულიზმითა და პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. გავრცელებული ინფორმაციით, ბო მსხვილ ბიზნესმენებს არ სწყალობდა. 2010 წელს ჩინეთიდან გაქცეულმა ბიზნესმენმა ლი ძუნმა Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხედრო პირებთან კორუცფიულ გარიგებებში გარეულმა ბომ მას ქონება წაართვა.

ბოს პოპულიზმი, მართვის ავტორიტარული სტილი და მაოისტური მიდრეკილებები ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას აღიზიანებდა. ეს ყველაფერი არსებულ პოლიტიკურ სისტემაში წონასწორობას არღვევდა. მისი ამბიციური პოლიტიკა საკუთარი პროგრამის მქონე ამერიკელი გუბერნატორის წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიას ჰგავდა. ბო ბევრისთვის კულტურული რევოლუციისა და პიროვნების კულტის მაოისტურ წარსულში დაბრუნებასთანაც ასოცირდებოდა. ჩინეთის მთავრობის ჩუნცინის ლიდერით უკმაყოფილებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პრეზიდენტი ჰუ ძინტაო და პრემიერ-მინისტრი ვენ ძიაბაო ბოს მმართველობის პერიოდში 32-მილიონიან მუნიციპალიტეტს ოფიციალური ვიზიტით არ სწვევიან. თუმცა 2010 წელს ქალაქში ვიცე-პრეზიდენტი და მომავალი ლიდერი სი ძინპინი ჩავიდა და ბოს ეკონომიკური პოლიტიკა შეუქო.

პრემიერმა ვენმა ბოს გადაყენებამდე ერთი დღით ადრე, მისი მისამართით (თუმცა სახელისა და გვარის მოხსენიების გარეშე) მკვეთრი განცხადებები გააკეთა. ვენის აზრით, ჩუნცინის ხელისუფლება ვან ლიძუანის ინციდენტს უკეთ უნდა გამკლავებოდა. ამას გარდა, პრემიერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კულტურული რევოლუციის მსგავსი ტრაგედია ჩინეთში ჯერ კიდევ შეიძლება დატრიალდეს. ექსპერტებმა ვენის ეს განცხადება, ბოს მაოისტურ მისწრაფებებს დაუკავშირეს. მისი გადაყენება კომუნისტური პარტიის ე.წ. რეფორმისტების ფლანგის გამარჯვებად შეფასდა – ის პარტიის კურსის საწინააღმდეგოდ ცურავდა და შეაჩერეს. პეკინის რენმინის უნივერსიტეტის პროფესორ ჯან მინის განცხადებით კი, ჩუნცინის მოდელის დრო ამოიწურა და ჩინეთის პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის მარცხნივ გადახვევის შანსები მკვეთრად შემცირდა.

პოლიტიკური ცვლილებებით, სავარაუდოდ, ჩუნცინში ბოს წინამორბედი და ამჟამად გუანდონის პროვინციის კომპარტიის კომიტეტის მდივანი, ვან იანი ისარგებლებს. ლიბერალი პოლიტიკოსის იმიჯის მქონე იანი პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ადგილისთვის ბოს უპირველეს კონკურენტად მიიჩნეოდა. ჩუნცინში პარტიის კომიტეტის მდივნად კი ვიცე-პრემიერი ჯან დეძიანი მიავლინეს. ის პოსტზე გრძელვადიან კანდიდატურად არ მიიჩნევა. შემოდგომაზე ლიდერის შეცვლისა და პოლიტბიუროს მუდმივ კომიტეტში ახალი წევრების არჩევის შემდეგ, მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ახალ კადრს გაგზავნიან.

ბო კომუნისტური პარტიიდან არ გაურიცხავთ, თუმცა შესაძლოა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. პოლიტიკოსების დასჯის პოპულარული მეთოდი ჩინეთში ამჟამად მათი კორუფციის ბრალდებით გასამართლებაა. 1989 წლის ტიანანმენის მოვლენების შემდეგ, როდესაც დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით გამოსული ადამიანების პროტესტი მთავრობამ სისხლში ჩაახშო, სწორედ ასეთი ბედი ეწია პარტიის სხვა ორ მაღალჩინოსანს – 1995 წელს ჩენ სიტონსა და 2006 წელს ჩენ ლიანუს. ეს უკანასკნელნი, შესაბამისად, პეკინისა და შანხაის პარტიული კომიტეტების მდივნები იყვნენ. თუმცა ბო (ისევე როგორც სი ძინპინი) ე.წ. პრინცების ჯგუფს ეკუთვნის. მასში თანამდებობის ის პირები შედიან, რომელთა მშობლებიც კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსნები იყვნენ. ბოს მამა, ბო იუბო კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მაოს თანამებრძოლი იყო. უფროსი ბო კულტურულ რევოლუციას შეეწირა (პოლიტიკურად და არა ფიზიკურად). მაგრამ უმცროს ბოს მამის ადრინდელი პოლიტიკური სტატუსის შესაბამისი პრივილეგიები მაინც ერგო. ამ სტატუსმა ის ახლა უკიდურესი პოლიტიკური დამცირებისგანაც უნდა დაიცვას.

ბოს გათავისუფლების შემდეგ, სი ძინპინი პრეზიდენტ ჰუ ძინტაოსა და პრემიერ ვენთან ერთად საჯაროდ გამოჩნდა, რაც მათი ერთიანობისა და შეთანხმებულობის ხაზგასმას ისახავდა მიზნად. კომუნისტური ჩინეთის ისტორიაში ლიდერის ცვლილებამ სისხლისა და კრიზისის გარეშე მხოლოდ ერთხელ, 2002 წელს ჩაიარა. მაშინ ძიან ძემინისგან ჩინეთის ლიდერობა ჰუ ძინტაომ გადაიბარა. 1989 წელს ტიანანმენის მოედანზე დაწყებულ საპროტესტო აქციებსაც სწორედ ძალაუფლებისათვის ბრძოლამ მისცა სტიმული. ჩინეთის ხელისუფლებისათვის ძალაუფლების ტრანზიციასთან დაკავშირებული პრობლემების გაღრმავება და მათი სააშკარაოზე გამოტანა დაუშვებელია. ეს, შესაძლოა, მისი ლეგიტიმურობისათვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდეს. ჩინეთის მთავრობას მშვიდი შემოდგომა სურს.

კომენტარები