რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

საქართველოს უარი რუსეთის მიმართ - ღია ცის ხელშეკრულების ვალდებულებებზე

საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამავე ხელშეკრილებით ნაკისრი ვალდებელებების შესრულების შეწყვეტის გამო გადადგა. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში განმარტა:

 "ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს "ღია ცის" ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის.

 2010 წელს, რუსეთის მხარემ, "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევით, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 პარაგრაფზე დაყრდნობით, თვითნებური შეზღუდვები დაუწესა ხელშეკრულების წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე. კერძოდ, რუსეთმა საბაბად გამოიყენა დებულება, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს უკრძალავს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას. შედეგად, რუსეთმა აკრძალა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, იმ მოტივით, რომ ისინი წარმოადგენენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს და არ არიან ხელშეკრულების წევრები. შესაბამისად, ხელშეკრულების VI მუხლის, მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის გამოყენებით, რუსეთის ფედერაციამ, თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა წევრ ქვეყნებს "ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე.

ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს მრავალმხრივი ხელშეკრულების დაფარვის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულების წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი წარმონაქმნის აღიარების გზით. ასევე, ისიც ცხადია, რომ რუსეთს არც იმის უფლება აქვს, აიძულოს ხელშეკრულების წევრი სხვა ქვეყნები დათანხმდნენ აღნიშნული წარმონაქმნის უკანონო აღიარებას.“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკუთარ განცხადებაში და დასძენს, რომ რუსეთის მიმართ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ

საქართველო აღარ მიიღებს თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით და არ განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

 "ამასთან, საქართველო, რასაკვირველია, გააგრძელებს "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ხელშეკრულების წევრი სხვა ყველა ქვეყნის მიმართ", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები