ფეხბურთი

ფაულერის კამათელი

0 კომენტარი

რობი ფაულერი ლივერპული იყო. დღეს რობი ფაულერი ტაილანდში ისვენებს. ძმაკაცებმა რობის ერთ-ერთ ღამის კლუბში დიდი ფული ჩაადებინეს და რობი საკუთარ მოცეკვავეებს ეჩვევა, ეცნობა, აკვირდება. ტაილანდში ფაულერი პოპულარული პერსონაა. მუანტონ იუნაიტედში რობი ერთმა ბრიტანელმა ლოთმა, ბრიტონ კოლინზმა ჩაიყვანა. ტაილანდელმა ბოსებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ენრიკე კასტრო გაუშვეს და რობის ორმაგი კონტრაქტი მისცეს – 150 000 დოლარი როგორც მოთამაშეს და კიდევ 200 000, როგორც მთავარ მწვრთნელს. რობისთან ერთად გუნდი, რომელიც ტაილანდის მოქმედი ჩემპიონი იყო, ზარმაცი, ფაულერივით მხიარული და უშედეგო გახდა. რობიმ კონტრაქტით აღებული ფული ღამის კლუბში ჩადო.

ფაულერი 37 წლისაა. ერთი კვირის წინ ინგლისური ჩემპიონშიფის ბლექპულმა რობის ერთწლიანი კონტრაქტი გაუგზავნა. კვირაში 90 გირვანქა (142 დოლარი), თითო გოლში საბონუსო 25 დოლარი და თუ ფაულერი რომელიმე თამაშს შეუცვლელად ჩაატარებდა, იმ ერთ კონკრეტულ 90 წუთში დამატებით 5 000 გირვანქასაც მიიღებდა.

ფაულერი მოსაფიქრებლად დროს ითხოვს, ერთი კვირით ჩადის ტაილანდიდან ლონდონში და ეგრევე წინასწარი დაკავების საკანში ხვდება. სუპერმარკეტში სათამაშო კამათელი მოეწონა, ჯიბეში ჩაიდო და ორი გირვანქის გადახდა დაავიწყდა. მერე ავარდა, დაცვას აგინა და დააკავეს.

ფაულერს პრემიერლიგის ამბებში 162 გოლი აქვს დატოვებული. სერიოზული, ტურნირის ისტორიაში მეოთხე შედეგია. ფაულერიც სერიოზული ბიჭი იყო. ხანდახან არასერიოზულიც – გოლს გაიტანდა და პირით ხაზს ყნოსავდა, აქაოდა კოკაინია მოედანზე მიმობნეულიო. ლივერპულში გემოვნებით აკეთებდა საქმეს და რობი ლივერპული იყო. რობი მიდის ლიდსში, მანჩესტერ სიტიში, ბრუნდება ლივერპულში, ისვენებს კარდიფში. მერე მოდის ბლექბერნი და რობი ტაილანდამდე ჩადის.

ინგლისის ნაკრებში 26 ტესტი და 7 გოლი.

ფაულერი: „ფეხბურთში მუღამი არ უნდა დაკარგო. ყველაფერი დროებითია. სადღაც იგებ, სადღაც ზედმეტი ხარ. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია და არ მინდოდა, იქ, განსაკუთრებულ ხალხში, განსაკუთრებული ხალხისთვის ზედმეტი ვყოფილიყავი. 37 წლის ვარ და უფრო ნაცემი, დაკეპილი ხორცის ნაჭერივით მიყურებენ, ვიდრე – ფეხბურთელივით. ორი გირვანქის, სათამაშო კამათლის გამო ცუდი ბიჭი გავხდი. კიდევ ერთი, ბოლო შანსი მინდა. ერთ გოლს გავიტან, პირჯვარს გადავიწერ და წავალ”.

ფაბიო კანავაროსთან და ერნან კრესპოსთან ერთად, რობი ინდური პრემიერლიგის კამპანიაში მიიწვიეს და ერთ თვეში ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადეს. რობიმ რაღაც ვალები გაისტუმრა. კოლკატაში, სადაც ფაულერი მესი იყო, რობის მთავარი მწვრთნელი პიტერ რიდია.

რობის კიდევ ერთი შანსი უნდა და ფაულერი ლივერპულის ბოსებს უმესიჯებს, ერთი თამაშით გამიფორმეთ, მოვალ, ბურთს გავაგორებ და მერე ტაილანდში, საკუთარ კლუბში დავისვენებ, აღარ დაგღლითო.

რობის ბოლო შანსზე ლივერპულის თავმჯდომარემ, ტომ ვერნერმა ჩაარტყა, რობი კარგი ბიჭია და ერთ შანსს იმსახურებსო.

ფაულერი ლივერპულში, თუნდაც ერთი თამაშით, უკვე სხვა თემაა.

რობი კამათელს აგორებს, ბოლო შანსი უნდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები