თურქი მესხები

ომბუდსმენი მესხების რეპატრიაციის შესახებ

სახალხო დამცველის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიშში საბჭოთა კავშირის მიერ 1940-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადასახლებული მესხების რეპატრიაციის საკითხიცაა შესწავლილი. ანგარიშში აღნიშნულია, როგორც ამ პროცესში მიღწეული პროგრესი, ასევე ხარვეზები და პრობლემური მიმართულებები – მათ შორის, რეპატრიაციის პროცესის გახანგრძლივება, სტატუსის მინიჭების პროცესში განსაზღვრული ვადებისა და პროცესზე სასამართლო კონტროლის არარსებობა.

ანგარიშის მიხედვით, საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რეპატრიაციის პროცესი 2012 წლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა განცხადებებს დევნილთა სამინისტროში ახლაც განიხილავენ. სულ სამინისტროში სტატუსის მაძიებელთა 5 841 განაცხადია შესული – 8900 პირზე. აქედან განიხილეს 337 აპლიკაცია და 333 აპლიკანტი დაკმაყოფილდა, ორმა სტატუსის მიღებაზე უარი განაცხადა, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. მთლიანობაში რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა ნახევარზე მეტი აზერბაიჯანიდანაა, დანარჩენები – ყირგიზეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან.

სახალხო დამცველის აპარატი ერთ-ერთ მთავარ საკანონმდებლო ხარვეზად რეპატრიანტის სტატუსის მინიჭებისას კონკრეტული ვადების არარსებობას მიიჩნევს. კერძოდ, არ არის განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც შსს და სხვა უწყებები ამზადებენ და აგზავნიან დასკვნას დევნილთა სამინისტროში რეპატრიანტისთვის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობაზე. კონკრეტული დრო განსაზღვრული არც სამინისტროსთვისაა, რომელიც, თავის მხრივ, უკვე სტატუსის მინიჭება-არმინიჭებაზე იღებს გადაწყვეტილებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მათ დევნილთა სამინისტროსგან გამოითხოვეს ინფორმაცია აპლიკაციის განხილვის ვადებზე და პასუხად მიიღეს, რომ ის არცერთ დოკუმენტში არ არის გაწერილი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განცხადებების განხილვისთვის გონივრული ვადების დადგენა აუცილებელია.

გარდა ამისა, უარის მიღების შემთხვევაში, რეპატრიანტის სტატუსის მიღების მსურველს არ აქვს ხელმისაწვდომობა სასამართლოზე. „თუ რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების კანონიერება არ დაექვემდებარება სასამართლოს კონტროლს, სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში კი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, შესაძლოა დაუსაბუთებელი, ან არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ამასთან, ბუნდოვანია, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება აღნიშნული შეზღუდვა, რაც მის პროპორციულობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს” – ვკითხულობთ ანგარიშში.

სახალხო დამცველი არსებულ პრაქტიკაზე და რეპატრიაციის პროცესში გამოვლენილ პრობლემებზეც საუბრობს – მათ შორის, სტატუსის მიღების მსურველთათვის დოკუმენტაციის წარდგენისას არსებულ დაბრკოლებებზე.

მსგავსი წუხილები ახალი არაა. დევნილთა სამინისტროს აქამდეც არაერთხელ მოუწია მათზე პასუხის გაცემა. იქ მიაჩნიათ, რომ ზოგადად, დროის გაჭიანურებაზე კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან იმ ადამიანებს, რომლებსაც უხარვეზო აპლიკაცია ჰქონდათ, უმოკლეს ვადაში მიენიჭათ სტატუსი. ეს კი მათ, თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული გზით მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გარდა ამისა, კანონის მიხედვით, თუ რეპატრიაციის მსურველი მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზით ვერ მოახერხებდა რომელიმე დოკუმენტის მოპოვებას, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა და მიზეზი მიეთითებინა. რეპატრიაციის კანონში პროცედურების გასამარტივებლად ცვლილებებიც შევიდა. მაგალითად ის, რომ აპლიკანტებისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი 4 თვე განისაზღვრა.

ვინაიდან დეპორტაციის დამადასტურებელი საბუთი ობიექტური მიზეზების გამო შეიძლება დაკარგულიყო, მისი არმქონე აპლიკანტების მიმართ განსხვავებული მიდგომა შეიმუშავეს. გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა უხუცესთა საბჭო, რომლის მიზანია რეპატრიაციის სტატუსის მაძიებლის, ან მისი წინაპრის საქართველოდან იძულებით გადასახლების ფაქტის დადასტურება.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს რეპატრიანტების ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებაზეც. ვინაიდან უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო ჯერ კიდევ მუშაობს მესხების საინტეგრაციო პროექტზე, ის საბჭოს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კუთხით აწვდის რეკომენდაციებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, მაგალითად, რეპატრირებულთათვის ქართული ენის შესწავლას.

ანგარიშში დეპორტირებული მესხების მიგრაციაზეცაა საუბარი – მათი მცირე ნაწილი საქართველოში 60-80-იან წლებში დაბრუნდა საკუთარი ნებით. 2005 წლის მონაცემებით, ისინი დაახლოებით ექვსასნი იყვნენ და ძირითადად იმერეთსა და გურიაში სახლობენ. გარდა ამისა, მოიხსენიებენ ეგრეთ წოდებულ თვითრეპატრირებულებსაც, რომლებიც ბოლო წლებში საკუთარი ნებით შემოვიდნენ ქვეყანაში და რიგ შემთხვევებში, დევნილთა სამინისტროსათვის სტატუსის მისაღებად არ მიუმართავთ.

აღნიშნულია ისიც, რომ საქართველოში ზემოხსენებულ პირთა არარეგულარული მიგრანტების სტატუსით ცხოვრების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ სამინისტრომ, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ეს პირები მოიძიოს და მისცეს საშუალება, დაარეგულირონ და კანონის ფარგლებში მოაქციონ საქართველოში ყოფნის საფუძველი თუ სტატუსი.

ამჟამად ამ ადამიანებზე ვრცელდება საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”. ხოლო მათთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხს არეგულირებს საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ”.

კომენტარები