ოპოზიცია

ივანიშვილის კოალიცია დესტაბილიზაციის ნიშნებს ავლენს

0 კომენტარი

შეურიგებელი ოპოზიციის ანტისამთავრობო კამპანია საქართველოში თითქმის ციკლური რეგულარულობით, ინსტიტუციური სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებით მთავრდება (1990-იანი წლების პირველი ნახევარი, 2007 წლის და შემდგომი „საზაფხულო შეტევები”). მოტივები იცვლება, საერთო მახასიათებლები კი – მათ შორის, მოჭარბებული ემოციურობა და არარეალური პოლიტიკური წარმოდგენები – არა. და სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს დარჩება უცვლელი. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს დასავლურ ორიენტაციას მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კოალიცია, ქართული ოცნება, ორმაგი გამოწვევის წინაშე აყენებს. ეს გამოწვევა, ერთი მხრივ, წარსულზე ორიენტირებული შეხედულებებიდან, მეორე მხრივ კი, დესტაბილიზაციის ფარული მუქარიდან მომდინარეობს.

პოლიტიკური გაერთიანება მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (ანუ, მრეწველები) – საქართველოს კონვულსიური 90-იანი წლების გადმონაშთი – ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კოალიციის ბოლო შენაძენია. მრეწველები დასავლეთისგან პროტექციონიზმის და რუსეთის ბაზარზე ორიენტირების მომხრენი არიან. ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, მდიდარმა მეწარმემ გიორგი თოფაძემ, 2010 წლის თბილისის მერის არჩევნებში ხმათა 5.2 პროცენტი მაინც მიიღო. ივანიშვილის ქართულ ოცნებაში გაწევრიანებულმა თოფაძემ მიმდინარე საკითხებზე საკუთარი შეხედულებები შემოგვთავაზა.

საქართველოსთვის აშშ-ის ეკონომიკურ დახმარებაზე თოფაძემ განაცხადა: „საკუთარი მრეწველობა რატომ გავანადგურეთ? ეს ჩვენი ამერიკელი „მხარდამჭერების” გამო მოხდა... მოდი, იმაზე ვილაპარაკოთ, ამერიკამ ჩვენს ქვეყანას რა გაუკეთა. რატომ ჩაგვძირეს? ვალებში რატომ ჩაგვითრიეს? მე და ჩემი კოლეგები ამაზე უკვე 15 წელია ვსაუბრობთ”. რუსეთთან დაკავშირებით მან აღნიშნა: „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა მოვაგვაროთ. იქ საქართველოსადმი ნოსტალგიური დამოკიდებულება ახლაცაა შემორჩენილი”. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილზე თოფაძე ასე ფიქრობს: „მე არ მომწონს, ქართველები რომ ავღანეთში იბრძვიან. NATO-სთან დაკავშირებითაც საკუთარი შეხედულება მაქვს... NATO-ში გაწევრიანებისთვის მიმართულმა ძალისხმევამ ჩვენი ქვეყანა გაანადგურა... აშკარაა, რომ რუსეთს (საქართველოს მიმართ) ულტიმატუმის მაგვარი პოზიცია აქვს და ჩვენც NATO-სა და დაკარგულ ტერიტორიებს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. ამ საკითხზე შევთანხმდებოდით, რომ არა ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც არჩევანს აკეთებს” (Prime-Time, 19 მარტი; ალია, 20 მარტი).

15 მარტს, ივანიშვილი და მისი მთავარი მოკავშირეები, ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი, დასავლელი დიპლომატების დიდ ჯგუფს არწმუნებდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ოპოზიციის დევნასა და დაშინებას სირიის მსგავსი სცენარით აპირებს. ყველაზე მეტი ალასანიამ ილაპარაკა: „სანამ არ არის გვიან და არ მიგვიღია ახალი ჰომსი ზუგდიდში [დასავლეთ საქართველო], ან საქართველოს სხვა რომელიმე კუთხეში, მოგმართავთ – დაიწყეთ მოქმედება”. ის ამტკიცებდა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამართალდამცავი ორგანოები უკანონო გასამხედროებულ ჯგუფებს აყალიბებენ და „სამოქალაქო ომისა და კონფრონტაციისთვის” ემზადებიან. „[პრეზიდენტი] სააკაშვილი არ ამზადებს ნიადაგს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის; ის პოლიტიკური ოპოზიციის ოფიციალურად დასასჯელად ემზადება. თქვენი ჩარევის და დახმარების გარეშე, კონფრონტაციის თავიდან აცილება რთული იქნება. თქვენი რეაქცია ძალიან ძლიერი, მტკიცე უნდა იყოს” (Civil Georgia, 15, 16 მარტი).

16 მარტს, ალასანიამ ჟურნალისტებს გაუმეორა, რომ არჩევნების წინ საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროსა და სამართალდამცავ ორგანოებს გასამხედროებული ქვედანაყოფების შექმნას ავალებს (Civil Georgia, 16 მარტი). ამ განცხადების პასუხად, აშშ-ის ელჩმა, ჯონ ბასმა, პოლიტიკოსებს [ვინაობის დაუსახელებლად] მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი ბრალდებებისგან, „რომლებიც ფაქტებით არ არის გამყარებული” (Civil Georgia 20 მარტი).

20 მარტს, ალასანია, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე დიდი კონვერტით წარდგა. მისი თქმით, კონვერტში ის „მტკიცებულებები” იდო, რომლებსაც „პატრიოტი მოქალაქეებისგან” თვეების განმავლობაში აგროვებდა. ალასანიას მტკიცებით, დოკუმენტები დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გასამხედროებული ქვედანაყოფების შესახებ, რომლებიც სამეგრელოში (დასავლეთ საქართველო) შტაბებში არიან დისლოცირებულნი. გარდა ამისა, მას ჰქონდა „საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი დაჯგუფება თბილისშიც იქმნება” ოპოზიციის დევნისა და დაშინებისთვის. ალასანიამ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, „მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა ეს შეიარაღებული ჯგუფები სასწრაფოდ დაიშალოს” და „საიდუმლო” დოკუმენტები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუგზავნა შეფასებისა და დაუყოვნებელი რეაგირებისათვის (Civil Georgia, 20 მარტი).

23 მარტს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ ალასანიას „მტკიცებულებები” საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა საჯარო განხილვისთვის. ეს ეგრეთ წოდებული უკანონო გასამხედროებული ჯგუფები რეზერვის სისტემის ნაწილი აღმოჩნდა, ტერიტორიული თავდაცვის იმ კონცეფციის თანახმად, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ 2011 წელს შეიმუშავა. აღნიშნული ტერიტორიული ქვედანაყოფები არც გასაიდუმლოებულია და არც შეიარაღებული, მათ არც შტაბები აქვთ (წევრები სახლებში ცხოვრობენ). რეზერვისტთა აღრიცხვის პროცესი საჯაროა და მათი რიცხვი უკვე 40,000-ს აღწევს, დასახული მიზანი კი 100,000-ია. ეს კონცეფცია 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილების შედეგად შემუშავდა, რადგან მაშინ, ცენტრალიზებულმა სარეზერვო სისტემამ არ გაამართლა და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ რეზერვის მობილიზება ვერ მოხერხდა. ქვეყნის თავდაცვის 2011 წლის კონცეფციის თანახმად, ახალი სისტემა სოფლების დონემდეა დეცენტრალიზებული. სარეზერვო წვრთნებში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. მონაწილეებს არც ანაზღაურება ეძლევათ (სავალდებულო და პროფესიული სამხედრო სამსახურისგან განსხვავებით). ალასანიას სიაში ჩამოთვლილი „უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების” ხელმძღვანელები, რეალურად, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების მაღალჩინოსნები არიან, რომლებსაც ტერიტორიული სარეზერვო სისტემის მართვა ევალებათ (Civil Georgia, 23 მარტი).

პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ამ ბრალდებებზე პოლემიკას თავი ფრთხილად აარიდეს. მათი რეაქცია ზერელე იყო, რათა პოტენციური დაძაბულობა განემუხტათ.

ერთ-ერთ მომდევნო განცხადებაში, ალასანიამ თქვა, რომ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ შეიძლება არჩევნების შედეგები არ ცნოს. კოალიციამ „მსოფლიოში ცნობილ ორგანიზაციას” ეგზიტპოლების ჩატარება დაუკვეთა. „ჩვენ და საერთაშორისო საზოგადოება არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, თუ ოფიციალური შედეგები ამ ეგზიტპოლის შედეგებს არ დაემთხვევა”. ეს გაფრთხილება იმ გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას დაემთხვა, რომელიც აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით, წელიწადში ორჯერ ტარდება. ამ კვლევის მიხედვით, მმართველ ნაციონალურ მოძრაობას მოსახლეობის 47%, ხოლო ივანიშვილის ქართულ ოცნებას (რომელშიც ალასანიას პარტიაც შედის) 10% უჭერს მხარს. ივანიშვილმა მონაცემებს უნდობლობა გამოუცხადა (ახალი თაობა, 19 მარტი; Civil Georgia, 21, 27 მარტი).

ალასანია ივანიშვილის უმთავრესი მოკავშირეა. მილიარდერმა ის გაერთიანებაში ჯერ კიდევ კოალიციის ოფიციალურად დაფუძნებამდე გააწევრიანა. ალასანია თავისი პარტიის, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერია. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ალასანიამ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, ხმათა 19% მიიღო (ოპოზიციის ელექტორატი ყველაზე მეტად თბილისშია კონცენტრირებული), ხოლო მისმა პარტიამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 8% მოაგროვა. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ალასანია მშობლიურ სამეგრელოს რეგიონზეა ფოკუსირებული. ამ რეგიონის ელექტორატი პრეზიდენტ სააკაშვილისა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენია. ალასანიას უსაფრთხოების და დიპლომატიურ სამსახურებში ხანგრძლივი მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის კანონიერება და ეროვნული ინტერესები ერთჯერადი მოხმარების ცნებებია.

 

პირველად გამოქვეყნდა

Eurasia Daily Monitor-ში. 29 მარტი, 2012

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები