ფეხბურთი

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე!

0 კომენტარი

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე იასპარეზებს: ვასილ მაისურაძის გუნდმა ურთულესი ელიტ-რაუნდიდან მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.

პირველ ტურში ფრე ესპანეთთან – 1:1, ორი დღის შემდეგ ბოლო წამებზე მოპოვებული გამარჯვება ინგლისთან – 1:0, მესამე და ძალიან მნიშვნელოვან თამაშში კი კვლავ 1:0 უკრაინასთან.

საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობას ათწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება: მესამედ და ჯერჯერობით ბოლოჯერ ფინალურ ეტაპზე 17-წლამდელებმა 2002 წელს იასპარეზეს კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით.

თბილისის ელიტ-რაუნდში მაისურაძის გუნდმა სამი განსხვავებული შეხვედრა ჩაატარა. საბედნიეროდ, თამაშის ხარისხი ტურიდან ტურამდე უმჯობესდებოდა, რამაც საბოლოო ჯამში ნაკრებს ნანატრი საგზური მოუტანა.

ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ესპანეთი იყო, ყველა ასაკობრივი ტურნირის ფავორიტი.

საქართველოს ნაკრები დასაწყისშივე დაწინაურდა – გოლი პენალტით გავიდა, მაგრამ ეს იყო და ეს: ტაიმის მიწურულიდან ესპანელები გააქტიურდნენ, ანგარიშიც გაათანაბრეს და გულახდილები რომ ვიყოთ, გამარჯვებასაც იმსახურებდნენ. ძელისთვის მორტყმული ბურთი, ძალიან სახიფათო იერიშები და მეკარე ალექსანდრე ადამიას თავგანწირული თამაში – მან გუნდი აშკარა გოლისგან ორჯერ იხსნა – ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს.

ჩვენი ბიჭების გაუბედავი მოქმედება და უხეში შეცდომები, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მოუმზადებლობით უნდა აიხსნას. ამ ასაკში ფეხბურთელები იშვიათად ასპარეზობენ დიდ სტადიონებზე, მით უმეტეს ქართველი ყმაწვილები, რაც მწვრთნელმა აღნიშნა კიდეც. გასახარია, რომ ინგლისთან, განსაკუთრებით კი უკანასკნელ მატჩში უკრაინასთან, ბიჭები აღარ იყვნენ შებოჭილები და მათი თამაშიც შედარებით გააზრებული იყო.

ცნობისთვის: ეს გუნდები შარშანაც შეხვდნენ ერთმანეთს – ბაქოში, კასპიის თასზე. ისევე, როგორც ახლა, ერთი წლის წინანდელი პაექრობაც ფრედ 1:1 დასრულდა.

ესპანეთის შემდეგ ვასილ მაისურაძის გუნდი ინგლისმა გამოსცადა.

პირველ მატჩთან შედარებით აშკარად თამამი ასპარეზობა, ბრძოლა მოედნის თითოეულ მონაკვეთზე და ბურთის მოხდენილი გათამაშება მეორე ნახევარში – ეს ის დადებითი მომენტებია, რაც ბრიტანელებთან პაექრობაში დავინახეთ და რის წყალობითაც გუნდმა ასე საჭირო სამი ქულა მოიპოვა.

სწორედ ზემოთქმულით უნდა აიხსნას რამდენიმე ძალიან სახიფათო შეტევა, რომელიც, სამწუხაროდ, ინგლისელთა კარის დალაშქვრით ვერ დასრულდა. და რა თქმა უნდა, საგოლე იერიშიც, რომელმაც ჩვენი გუნდის ორი მთავარი ღირსება გააერთიანა: ბოლომდე ბრძოლა და გააზრებული კომბინაცია. გიორგი პაპუნაშვილის უძლიერესი დარტყმა, რასაც ულამაზესი გოლი და გამარჯვება მოჰყვა, თამაშის ლოგიკური დაგვირგვინება იყო.

იმავე დღეს ესპანეთმა კვლავ დაკარგა ქულები, უკრაინას ფრედ 2:2 ეთამაშა, რითაც მაისურაძის გუნდს მიზნის მიღწევა გაუიოლა – ახლა მხოლოდ ბიჭებზე იყო დამოკიდებული ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მოიგებდნენ უკრაინასთან? სლოვენიის საგზური მათი გახდებოდა.

წელს ქართველი და უკრაინელი 17-წლამდელები ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს: 27 იანვარს, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართული საერთაშორისო ტურნირის გადამწყვეტი მატჩი მეტოქემ 2:0 მოიგო.

საბედნიეროდ, მაისურაძის გუნდმა საჭირო მომენტში აიღო რევანში – 1:0.

მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრებმა ძირითადის რამდენიმე მოთამაშე მოისაკლისა, განაცხადში კი 18-ის ნაცვლად მხოლოდ 15 მოთამაშე ჰყავდა, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ელიტ-რაუნდში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა.

ჩვენთან პირველად ჩატარებული ელიტ-რაუნდი საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად მოიგო – 17-წლამდელები ამ წარმატებისკენ ორი წელი მიდიოდნენ და გასახარია, რომ მიზანს მიაღწიეს.

„იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ესპანეთსა და ინგლისზე წინ ვართ, თუმცა შრომით და მეცადინეობით შედეგის მიღწევა რომ შეიძლება, ყველამ დავინახეთ”, – განაცხადა უკრაინასთან მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

ევროპის ჩემპიონატი სლოვენიაში 4 მაისს დაიწყება და 16 მაისს დასრულდება.

ფინალურ ეტაპზე ვასილ მაისურაძის გუნდი პირველ ჯგუფში იასპარეზებს საფრანგეთის, ისლანდიის და გერმანიის ნაკრებებთან ერთად. მეორე ჯგუფში ტურნირის მასპინძელ სლოვენიასთან ერთად ჰოლანდია, პოლონეთი და ბელგია მოხვდა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ისტორია გერმანელებთან ხუთ პაექრობას ითვლის, რომელთაგან ბუნდესგუნდმა ოთხი მოიგო. ერთადერთი ფრე 2002 წელს, ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირდა – 1:1.

რაც შეეხება ისლანდიას და საფრანგეთს, ამ გუნდებთან ქართველმა 17-წლამდელებმა თითო მატჩი გამართეს: კუნძულელებს 3:1 სძლიეს, ფრანგებთან კი 0:2 დამარცხდნენ.

ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა გუნდი საქართველოს მეოთხე ასაკობრივი ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

პირველები, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწიეს, რევაზ გაგუას 16-წლამდელები იყვნენ, რომლებმაც ევრო 97-ზე ითამაშეს. 1996 წლის ოქტომბერში გუნდმა ორი საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩაატარა საბერძნეთში – ფრე მასპინძლებთან (4:4) და გამარჯვება ბულგარეთთან (4:0), ჯგუფი მოიგო და გერმანიის საგზურიც მოიპოვა. ამ 8 გოლიდან ლაშა ჯაკობიამ 4 გაიტანა (ბერძნებთან ჰეთ-თრიქი შეასრულა), რამდენიმე წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულმა შალვა აფხაზავამ (კიევში, საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს) კი – 3. ფინალურ ეტაპზე რევაზ გაგუას გუნდი, სამწუხაროდ, სამივე მატჩში დამარცხდა, ჩემპიონი კი ესპანეთი გახდა.

28 აპრილი, 1997. ევროპის U16 ჩემპიონატი. გერმანია, პოლცი, ცენტრალი. 3000

საქართველო 3:6 უნგრეთი

გოლები: ო.გველესიანი (2), ლ.ჯაკობია (22), ლ.ჯაკობია (27)

საქართველო: გ.სომხიშვილი, გ.ლოლაძე, ვ.კაკაშვილი, ე.საჯაია, პ.ჩახუნაიშვილი (გ.დეკანოსიძე 70), ზ.ხიზანიშვილი (მ.სოსელია 50), ლ.ბურდული, ო.გველესიანი, შ.აფხაზავა (ი.შენგელია 75), ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე

გაფრთხილება: პ.ჩახუნაიშვილი, ზ.ხიზანიშვილი

30 აპრილი, 1997. ევროპის U16 ჩემპიონატი.

გერმანია, ლიუბტვენი, ცენტრალი.

4200

საქართველო 3:5 იტალია

გოლები: ლ.ჯაკობია (8), გ.დეკანოსიძე (60), ო.გველესიანი (63)

საქართველო: გ.სომხიშვილი, გ.ლოლაძე, ვ.კაკაშვილი, ჯ.სიამაშვილი, პ.ჩახუნაიშვილი (ი.შენგელია 70), ე.საჯაია, ლ.ბურდული, ო.გველესიანი, შ.აფხაზავა (გ.დეკანოსიძე 50), ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე

გაფრთხილება: ე.საჯაია, პ.ჩახუნაიშვილი

2 მაისი, 1997. ევროპის U16 ჩემპიონატი.

გერმანია, ნოიკლოსტერი, ცენტრალი. 3200

საქართველო 1:5 ბელგია

გოლი: გ.დეკანოსიძე (42)

საქართველო: გ.კალანდია (გ.სომხიშვილი 10), ე.საჯაია, ვ.კაკაშვილი (მ.სოსელია 10), ჯ.სიამაშვილი, ო.გველესიანი, გ.ლოლაძე, ლ.ბურდული, გ.დეკანოსიძე, ზ.ხიზანიშვილი, ლ.ჯაკობია, ა.რომანაძე (ი.შენგელია)

გაფრთხილება: ჯ.სიამაშვილი

ორი წლის შემდეგ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება ვახტანგ კოპალეიშვილის 18-წლამდელთა ნაკრებმა მოიპოვა. გუნდმა შესარჩევ ჯგუფში ბულგარეთს 2:1 სძლია, უნგრეთთან ფრედ 0:0 ითამაშა, ფლეი-ოფში კი, ორმატჩიან დუელში ჩეხეთი დაამარცხა – ოპავაში ფრე 2:2, ბათუმში კი 2:1. სხვათა შორის, ჩეხეთის იმ ნაკრებში ევრო 2004-ის საუკეთესო ბომბარდირი მილან ბაროში და ლონდონის არსენალის ერთ-ერთი ლიდერი ტომაშ როსიცკიც თამაშობდნენ...

ევროპის 1999 წლის პირველობას 18-წლამდელთა შორის შვედეთმა უმასპინძლა. კოპალეიშვილის გუნდმა ჯგუფში ერთადერთი ქულა მოიპოვა ირლანდიასთან, ორი მატჩი კი წააგო. კონტინენტის ჩემპიონი პორტუგალია გახდა.

19 ივლისი, 1999. ევროპის U18 ჩემპიონატი. შვედეთი, მუტალა, დროტსპარკი. 200

საქართველო 0:2 იტალია

საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ი.დევიძე (ჯ.მუჯირი 46), ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი, ლ.ნოზაძე (გ.მიქაძე 73), ლ.კორღალიძე (ლ.ბურდული 68), გ.იმედაძე

გაფრთხილება: ი.დევიძე

21 ივლისი, 1999. ევროპის U18 ჩემპიონატი. შვედეთი, ფინსპანგი, გროსვადი. 575

საქართველო 3:3 ირლანდია

გოლები: 1:1 ზ.მენთეშაშვილი (5), 2:1 ვ.გაგუა (55), 3:2 ვ.გაგუა (85)

საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი, ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ვ.აბრამიძე, ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი (ი.დევიძე 77), გ.მიქაძე (ლ.ნოზაძე 75), გ.იმედაძე (ლ.კორღალიძე 84), ვ.გაგუა

გაფრთხილება: ი.დევიძე

23 ივლისი, 1999. ევროპის U18 ჩემპიონატი. შვედეთი, ფინსპანგი, გროსვადი. 300

საქართველო 1:4 ესპანეთი

გოლი: 1:3 ვ.გაგუა (65, პენ.)

საქართველო: ზ.ბათიაშვილი, ო.ხიზანეიშვილი (ი.დევიძე 74), ზ.ხიზანიშვილი, ე.საჯაია, ვ.აბრამიძე, ზ.მენთეშაშვილი, დ.დიღმელაშვილი, ო.გველესიანი (ჯ.მუჯირი 35), გ.მიქაძე (რ.გოცირიძე 68), ვ.გაგუა, გ.იმედაძე

გაფრთხილება: გ.იმედაძე

2001 წლიდან უეფამ ასაკობრივი რეგულაცია შეცვალა: პირველად ჩატარდა ევროჩემპიონატები 17 და 19-წლამდელებში. კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელებმა პირველობის საგზური თბილისში, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან (2:0) და ისრაელთან (1:0) მოგების შემდეგ მოიპოვეს. ჩვენმა გუნდმა დანიაში, ფინალურ ეტაპზეც ჩინებულად იასპარეზა – საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა პირველად მოახერხა ჯგუფიდან გასვლა, მეოთხედფინალში კი ტურნირის მომავალ ჩემპიონ შვეიცარიასთან დამარცხდა. სხვათა შორის, იმ გერმანიის ნაკრებში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა პირველივე შეხვედრაში ქულა გაუყო, კიოლნის ლიდერი ლუკას პოდოლსკი და ბუნდესლიგის ბომბარდირი, მიუნხენის ბაიერნის ფორვარდი მარიო გომესიც თამაშობდნენ.

 

28 აპრილი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი. დანია, სლაგელსე, სლაგელსე. 3500

საქართველო 1:1 გერმანია

გოლი: 1:0 ს.იაშვილი (46)

საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე, გ.ხოჯავა, ს.იაშვილი (ა.ყველაშვილი 75), გ.კაპანაძე (ს.გურული 41), ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, გ.ფიფია (ვ.ღუჭაშვილი 72)

გაფრთხილება: გ.ფიფია, გ.ხოჯავა, შ.ჭელიძე

30 აპრილი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი. დანია, როსკილდი, იდრეტსპარკი. 2500

საქართველო 1:1 პოლონეთი

გოლი: 1:0 ს.იაშვილი (52)

საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე, გ.ხოჯავა, ს.იაშვილი, გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, გ.ფიფია

გაფრთხილება: გ.ფიფია

2 მაისი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი.

დანია, როსკილდი, იდრეტსპარკი. 2500

საქართველო 2:1 უნგრეთი

გოლი: 1:1 ს.იაშვილი (37), 2:1 ს.იაშვილი (43, პენ)

საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე (გ.ჭელიძე 52), გ.ხოჯავა, ს.იაშვილი, გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე (ს.გურული 41), ა.ხუბუტია

გაფრთხილება: ს.იაშვილი, გ.ხოჯავა

5 მაისი, 2002. ევროპის U17 ჩემპიონატი.

დანია, სლაგელსე, სლაგელსე. 4500

საქართველო 0:3 შვეიცარია

საქართველო: ზ.ჩალაძე, ა.კალაძე, ბ.მიქიაშვილი, ზ.ელიავა, შ.ჭელიძე (გ.ჭელიძე 24), გ.ფიფია, ს.იაშვილი (ა.ყველაშვილი 59), გ.კაპანაძე, ზ.ბარაბაძე, ზ.კვახაძე, ა.ხუბუტია

გაფრთხილება: ს.იაშვილი, ა.ხუბუტია, ა.კალაძე

 

 

 

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები