დასაქმების პროგრამა

დასაქმება საარჩევნოდ

0 კომენტარი

„აიღე პირველი ხელფასი შენს პირველ სამსახურში” – სარეკლამო კლიპში გაჟღერებული ამ მოწოდებით, მთავრობამ სტუდენტთა დასაქმების ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამა Summer job-ის ფარგლებში ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება. ანაზღაურების სახით თითოეული მათგანი 500 ლარს მიიღებს. სტუდენტთა „პირველი ხელფასის” ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს – სულ 12 მილიონ 500 ათას ლარს.

„სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი შრომით მოიპოვონ ანაზღაურება, დაეუფლონ ახალ პროფესიებს და შემდეგ უკეთესად დაგეგმონ საკუთარი მომავალი”, – ასე განმარტა კამპანიის მიზანი პროგრამაში მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მისი თქმით, პროგრამაში ყველა მსურველი ვერ მოხვდა, თუმცა, წლევანდელი ინიციატივა მხოლოდ პირველი ნაბიჯია და ის მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

25 ათასი ვაკანსია სტუდენტებს, როგორც სახელმწიფო დაწესებულებებმა და საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ასევე კერძო კომპანიებმა შესთავაზეს.

მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ონლაინრეგისტრაციის ვადა 20-დან 30 მარტამდე განისაზღვრა, პროგრამის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ყველა ვაკანსია პრაქტიკულად ერთ დღეში შეივსო. უკვე 21 მარტს, 25 ათასიდან თავისუფალი მხოლოდ 35 ვაკანსია დარჩა.

სტუდენტების ნაწილს ეჭვი გაუჩნდა, რომ ვაკანსიების განაწილება წინასწარ მოხდა. ტაბულასთან ამაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს უფროსმა ანალიტიკოსმა ლევან ნატროშვილმაც ისაუბრა: „გვაქვს ინფორმაცია, რომ რეგისტრაცია გართულებული იყო. რომ თვითმმართველობაში, ნაცმოძრაობის ახალგაზრდულ ორგანიზაციებსა და გამგეობებში სიების შედგენა ჯერ კიდევ რეგისტრაციის ოფიციალურად დაწყებამდე მიმდინარეობდა”, – განაცხადა ნატროშვილმა.

მისი თქმით, ეს „საგანგაშო ფაქტია”, რომელიც მიუთითებს, რომ პროგრამა „საკმაოდ პოლიტიზებულია”.

დასაქმების მასშტაბური პროგრამები მთავრობას გასულ წლებშიც განუხორციელებია. კერძოდ, 2006 წელს სახელმწიფომ უმუშევრების კერძო კომპანიებში სტაჟირება დააფინანსა. კიდევ ერთი პროგრამა მთავრობამ 2007 წლის ბოლოს წამოიწყო.

ლევან ნატროშვილი აღნიშნავს, რომ როგორც წლევანდელი პროგრამა, ასევე გასულ წლებში განხორციელებული მსგავსი ღონისძიებები წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.

მისი თქმით, ამგვარი პრაქტიკა „უშუალო კანონდარღვევა არ არის” და ასეთი სახის ინიციატივები მთავრობის კომპეტენციაა. „მაგრამ, ღონისძიების მასშტაბები, შინაარსი, სიმბოლიკა და ასე შემდეგ, იწვევს დიდ ეჭვს, რომ ეს პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე პროგრამაა, რომელიც ერთი პარტიისთვის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურება”. ეს კი, ნატროშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს აზარალებს და პოლიტიკური პარტიებისთვის არათანაბარ პირობებს ქმნის.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს ზურაბ ჯაფარიძეს ეჭვი ეპარება, რომ სტუდენტთა დასაქმების პროგრამამ ქვეყანას, ეკონომიკური თვალსაზრისით, რაიმე ეფექტი მოუტანოს. „შეიძლება ამ ახალგაზრდებმა რაღაც გამოცდილება შეიძინონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ფულის ხარჯვა, ცხადია, არაეფექტური იქნება. თანხები, რომელსაც სახელმწიფო გაიღებს, მან ეფექტურად მომუშავე ეკონომიკის სექტორებიდან ამოიღო”, – აღნიშნა ჯაფარიძემ ტაბულასთან საუბრისას.

მისი აზრით, პროგრამის შედეგად დასაქმების მაჩვენებელი ქვეყანაში მხოლოდ ერთი თვით გაიზრდება და „გრძელვადიან პოზიტიურ ეფექტზე ეკონომიკური თვალსაზრისით საუბარი ზედმეტია”.

2006 წლის აგვისტო-ოქტომბერში, კერძო კომპანიებში სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა 50 ათასმა ადამიანმა მიიღო. სამთვიანი სტაჟირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თითო მონაწილეს 450 ლარი შეხვდა. სულ პროგრამაზე 24 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კიდევ უფრო მასშტაბური იყო 2007 წლის დეკემბერში დაწყებული გადამზადების პროგრამა. ამჯერად იქ 100 ათასზე მეტ მოქალაქე მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა სამთვიანი გადამზადების განმავლობაში 600 ლარი მიიღო, რაც ბიუჯეტს, მხოლოდ ანაზღაურებაზე, 60 მილიონი ლარი დაუჯდა.

2006 წლის პროგრამა მთავრობამ წარმატებულად შეაფასა. როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა თქვა, მუდმივი სამუშაო ადგილი პროგრამის 10 ათასმა მონაწილემ მიიღო.

მსგავსი გათვლები მთავრობას არ წარმოუდგენია 2007-2008 წლის პროგრამისთვის. ამავდროულად, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საბოლოოდ ამ პროგრამის მონაწილეთა მხოლოდ 10 პროცენტი დასაქმდა.

საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს ანგარიშის თანახმად, 2007-2008 წლის „დასაქმების პროგრამაში” მონაწილე კომპანიების დიდმა ნაწილმა არაადეკვატურად დიდი რაოდენობის ვაკანსიები გამოაცხადა, რაც უმეტესად საგადასახადო ორგანოების თხოვნით ხდებოდა. იყო ასევე გარიგების შემთხვევები, როდესაც „დამსაქმებელი” ანაზღაურების ნაწილს იტოვებდა, „დასაქმებული” კი კომპანიაში საერთოდ არ ცხადდებოდა.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, დასაქმების და მსგავსი პროგრამების – მათ შორის კომპიუტერის, ინგლისურის შესწავლის – ეფექტიანობა საეჭვოა. „ზოგადად, ასეთი სახელმწიფო პროგრამების მთავარი მინუსი ისაა, რომ ეს არ არის კერძო ინიციატივა და, შესაბამისად, არაა გათვლილი, რამდენად მომგებიანი თუ წამგებიანი იქნება”.

მისივე თქმით, სახელმწიფო, როგორც წესი, პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას არც მისი დასრულების შემდეგ აკეთებს. „დაუჯერებელია, ამ პროგრამებს რაიმე ეკონომიკური ეფექტი ჰქონოდათ. პირიქით, ფული, რომელიც ამოღებულია ეკონომიკიდან და რამდენიმე ბიუროკრატის გადაწყვეტილებით იხარჯება სტუდენტების დასაქმებასა თუ სხვა ამგვარ პროგრამებზე, ეკონომიკას უფრო აზიანებს”.

ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ თვალსაჩინო შედეგი დასაქმების პროგრამებს არ მოჰყოლია: 2006 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ქვეყანაში მხოლოდ 3 ათასი ადამიანით გაიზარდა, 2007 წელს 43 ათასით შემცირდა, 2008-ში კი – 103 ათასით.

სტუდენტების დასაქმების პროგრამას, წინა პროექტების მსგავსად, მხოლოდ მოკლევადიანი პოლიტიკური და სოციალური ეფექტი შეიძლება მოჰყვეს. დასაქმების ზრდის ერთადერთი გზა ინვესტიციების მოზიდვა და კერძო სექტორის განვითარებაა. სახელმწიფოს ჩარევის შედეგი კი მხოლოდ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები და ამომრჩეველთა ნაწილის დროებითი კმაყოფილებაა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები