ეკომარხვა

მცირე შესაწირავი ყალბი ღვთაებისათვის

0 კომენტარი

მარტს, თბილისის დროით 20:30 საათზე, დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები და სხვადასხვა ობიექტები ჩაბნელდა. ელექტროენერგია გაითიშა თეატრებში, სამინისტროებში, სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში. სიბნელემ მოიცვა ნარიყალას ციხესიმაგრე, ძველი თბილისის და რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობები, ასევე თავისუფლების მოედანზე აღმართული წმინდა გიორგის ქანდაკება. პომპეზური ციმციმი შეწყვიტა ანძამაც.

აღწერილი სურათი უახლესი ისტორიიდან არცთუ ისე სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს. თუმცა ამჯერად, ქალაქის ჩაბნელების მიზეზი ენერგოკრიზისი არ ყოფილა – საქართველო მასშტაბურ მწვანე აქციაში მონაწილეობდა.

დედამიწის საათი – ასე მოიხსენიება ყველაზე გრანდიოზული საერთაშორისო გარემოსდაცვითი აქცია, რომელსაც საქართველო წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 140-მდე სახელმწიფოსთან ერთად უერთდება. დედამიწის საათი პირველად 2007 წელს, მსოფლიოს ველური ბუნების ფონდმა (WWF) ავსტრალიაში აღნიშნა. აქცია სიმბოლურია და თითოეულ ჩვენგანს მოუწოდებს, ერთი საათით გამოვრთოთ ნათურები და ელექტრომოწყობილობები. მიიჩნევა, რომ ასე მეტი ადამიანი მიაპყრობს ყურადღებას გლობალურ დათბობას და საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით ამაღლდება. „ცნობიერების ამაღლების” მიზანი პლანეტის გადარჩენაა – გარემოს ადამიანების დამღუპველი გავლენისგან დაცვა სჭირდება, კლიმატის ცვლილებას კი – შეჩერება. შედეგად, დათქმულ დროს, ბნელდება ეიფელის კოშკი, ეგვიპტის პირამიდები, ბუკინგემის სასახლე, ქრისტეს ქანდაკება, გაეროს შტაბბინა და სხვა.

უცნობია, რამდენი მოხალისე შეუერთდა პლანეტის გადარჩენის საქმეს საქართველოში, თუმცა, ღამის განმავლობაში, ელექტროენერგიის დაზოგვა ბევრს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდაც მოუწია – თბილისის უბნებში დენი ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით ნახევარი საათით ქრებოდა. თელასის ცხელ ხაზზე აბონენტებს ეუბნებოდნენ, რომ გამორთვა დედამიწის საათს უკავშირდებოდა. მომდევნო დღეს, ტაბულასთან საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა ეს კავშირი კატეგორიულად უარყო. საბოლოოდ, ცხელი ხაზის ოპერატორების ამბავი საიდუმლოებით მოცული დარჩა – ოფიციალურმა უარყოფამ შეამსუბუქა კომპანიის პასუხისმგებლობა აქციაში აბონენტების ძალდატანებით ჩართვაზე. ასეა თუ ისე, მომხიბვლელად არც საჯარო შენობებისა და საკვანძო ადგილების ჩაბნელება ჟღერს – შესაძლოა, არ გსიამოვნებდეთ ბნელ საჯარო შენობებსა და ძეგლებთან გავლა, მაგრამ არავინ დაგიდევთ, რომ თქვენ, როგორც გადასახადების გადამხდელს, მათზე ისეთივე უფლება გაქვთ, როგორც გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლებს.

ადამიანების იძულებითი ჩართვა და ამ გზით მათი თავისუფლების შეზღუდვა აქციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. გარდა ამისა, ის არაეფექტურია დასახული მიზნის მისაღწევად. თავად მიზანიც, რბილად რომ ვთქვათ, საკამათოა.

რომც გვწამდეს, რომ ცივილიზაცია ფატალურ ზიანს აყენებს გარემოს, დენის გამორთვა, შესაძლოა, უფრო საზიანოც აღმოჩნდეს. ელექტრონათურის გამომგონებელ თომას ედისონამდე არსებული განათების საშუალებები მეტ ენერგიას ხარჯავს. ამიტომ, ნათურის ნაცვლად სანთლის და ლამპების გამოყენება ენერგიის ფლანგვა გამოდის.

სხვა ქვეყნების მსგავსად, თბილისში დედამიწის საათის პატივსაცემად გამართულ აქციაზე სანთლები აანთეს. შესაძლოა, პლანეტის გულშემატკივრებმა არ იციან, მაგრამ გარემოსთვის უსაფრთხო არც სანთლებია. მათი უმეტესობა მზადდება პარაფინის ცვილისგან, რომელიც ნავთობისგან მიიღება და წვისას სხვადასხვა კანცეროგენურ ნივთიერებებს გამოყოფს. ხშირად ფითილი ტყვიასაც შეიცავს – წვისას გამოყოფილი ტოქსიკური ბოლი კი ადამიანებისა და ცხოველებისთვის სასარგებლო ნამდვილად არაა. გამოუსადეგარია ფანარიც, რომელიც ბატარეაზე მუშაობს. ყველა ელექტრომოწყობილობას ვერც მაღაზიები და სხვადასხვა ობიექტები გამორთავენ – ასე მათი უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ დადგება. გარდა ამისა, კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიას ერთი საათით თიშავენ, შემდეგ ჩვეულებრივად განაგრძობენ მის მოხმარებას – ამრიგად, შუქის ჩაქრობით გამოწვეული ზიანი უფრო ხელშესახებია, ვიდრე მოგება. კომპანიებისთვის ეს პრესტიჟის საქმეცაა: აქციაში მონაწილეობა მათ ფასს ზრდის – ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში მეტი რესურსის გამოყენებას შეძლებენ.

ამ გაუთვალისწინებელი შედეგებიდან გამომდინარე, დედამიწის საათის დადებითი შედეგების გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოდის, რომ მიზანი ელექტროენერგიის რეალური დაზოგვა არ არის. თვითმიზანი ჩამქრალი ნათურებია.

სანუგეშო არც აქციის სიმბოლური მნიშვნელობაა. საერთო ჯამში, მისი მონაწილეები მთავრობებისგან დაბინძურებისა და ენერგიის გამოყენების წინააღმდეგ „რაიმეს გაკეთებას” მოითხოვენ. მათ სურთ, რომ შესაბამისმა პირებმა, ლეგალური მანდატის გამოყენებით, ინდივიდებს რესურსების თავისუფლად გამოყენება შეუზღუდონ. აქ მნიშვნელოვან წინააღმდეგობას ვაწყდებით: ინოვაციები, ტექნოლოგიები და ყველა სიკეთე, რითაც ვსარგებლობთ, რესურსების გამოუყენებლად ვერ შეიქმნებოდა. არ იარსებებდა არც ის ტექნოლოგიები, რომლებიც ახლა გარემოს დაცვაზე ზრუნვის საშუალებას გვაძლევს და მათი შემდგომი განვითარება ასევე საჭიროებს

რესურსებს. ადამიანების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება ბიზნესებს მოტივაციას უჩენს, ის უფრო იაფად მიაწოდონ მომხმარებელს. ამისთვის, ფულს აბანდებენ კვლევებსა და ექსპერიმენტებში, ახალი ტექნოლოგიის შექმნისას კი – მის კომერციალიზაციაში. დენის მოხმარების გარეშე გაქრება მოთხოვნაც, შესაბამისად, გაქრება ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირების სტიმულიც.

დედამიწის საათი გლობალური დათბობის მითის ნაწილია. კლიმატის ცვლილებას ციკლური ხასიათი აქვს და მასში ახალი არაფერია. ახალი კვლევები ადასტურებს, რომ შუა საუკუნეებში დედამიწაზე ტემპერატურა დღევანდელზე მაღალი იყო. თანაც, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე, დარგის მეცნიერები სამყაროს გლობალური გამყინვარებით ემუქრებოდნენ, მოგვიანებით კი ჩვენება დათბობით შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 90-იანების ბოლოდან დათბობის ტენდენცია შეწყდა – 10 წელიწადია, ტემპერატურა აღარ მატულობს.

ანთროპოგენული დათბობა რომ რწმენის სფეროა და საფუძვლად არამეცნიერული დასკვნები უდევს, კლიმატგეიტის ცნობილმა სკანდალმაც დაადასტურა. 2009 წელს East Anglia-ს უნივერსიტეტის კლიმატის კვლევის ჯგუფის სერვერიდან 3000-მდე ელექტრონულმა წერილმა „გაჟონა”. მიმოწერა ცხადყოფს, რომ წამყვანი მეცნიერები მალავდნენ ინფორმაციას, რომელიც გლობალურ დათბობას ეჭვქვეშ აყენებდა.

მრავალი სხვა ფაქტორისა და აღიარების მიუხედავად, თემა მომგებიანია პოლიტიკოსებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ უზარმაზარ ფულზე, რომელიც ამ საქმეში ტრიალებს და მონაწილეებს სასიცოცხლოდ დაინტერესებულებად აქცევს. საბოლოოდ, თუნდაც ნახშირბადის გამონაბოლქვზე ლიმიტის დაწესება, ეკონომიკას ზიანს აყენებს, გარემო კი კვლავ ბინძურდება – ნაკლებად ევროპაში, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნებში, სადაც მსგავსი რეგულაციები არ არსებობს და გარემოსთვის „მავნე” ბიზნესებმაც გადაინაცვლეს.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა მისდაუნებურად სწორი პარალელი გაავლო 90-იანი წლების საქართველოსთან, როდესაც ქვეყანამ „უდიდესი წვლილი შეიტანა პლანეტის გაჯანსაღების საქმეში”. რთული სათქმელია, რამდენად წაადგება დედამიწის საათს არგუმენტად – ელექტროენერგია, რომელზეც უარს ამბობენ, სამყაროს განვითარებული და ცივილიზებული ნაწილის მფლობელობაში მყოფი სიკეთეა, ჩამორჩენილი ნაწილი კი ამას მოკლებულია. სხვათა შორის, თუ ღამის დედამიწას დახედავთ, ამ ნიშნით ყველაზე „მაღალი ცნობიერების” მქონე ქვეყანა ჩრდილოეთ კორეაა – პლანეტის მოციმციმე სურათზე ის შავ ლაქად მოჩანს. „დედამიწის საათს” აქ ყოველ ღამეს აღნიშნავენ.

სხვათა შორის, გლობალური დათბობისადმი სკეპტიკურად განწყობილნი, მათ შორის Competitive Enterprise Institute (CEI), დედამიწის საათის პარალელურად „ადამიანური მიღწევების” საათს აღნიშნავენ: „ჩვენ ვზეიმობთ ინდივიდუალურ თავისუფლებას. ვაფასებთ მიღწევებს და ინოვაციებს, რომელთა მეშვეობით ადამიანებმა ცხოვრება გაიუმჯობესეს. შეკრიბეთ მეგობრები თბილ სახლში, უყურეთ ტელევიზორს, მიიღეთ ცხელი აბაზანა, დალიეთ ლუდი, დაურეკეთ საყვარელ ადამიანებს ტელეფონზე, მოუსმინეთ მუსიკას. დღეს საუკეთესო დროა სიცოცხლისთვის. აქამდე კი მოგვიყვანა ადამიანის თავისუფლებამ, გამოიყენოს რესურსები და სცადოს, შექმნას, შეცვალოს”.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები