აშშ

ანტიკაპიტალისტი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის სავარძელში

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დარტმუტის კოლეჯის პრეზიდენტი ჯიმ იონგ კიმი წარადგინა. ბევრისთვის ამერიკის პრეზიდენტის არჩევანი მოულოდნელი იყო: კიმი ამერიკული წარმოშობის კორეელია, ფინანსები მისი ძლიერი მხარე არ არის, ექიმია და საერთაშორისო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ნაკლებად აქვს. სამაგიეროდ, ბევრი რამ იცის ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემის მუშაობის შესახებ – როგორც გლობალურად – განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ისე აშშ-ში.

ვარაუდობენ, რომ კიმი იდეალური კანდიდატი შეიძლება აღმოჩნდეს გლობალურ საფინანსო არენაზე მსოფლიო ბანკის როლის მთლიანად შესაცვლელად და განვითარების სააგენტოდ მის გადასაქცევად. ამ შემთხვევაში მსოფლიო ბანკის მთავარი დატვირთვა, განვითარებადი ქვეყნების ინსტიტუტების მშენებლობაში და თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებაში დახმარების მაგივრად, მათი პირდაპირი ფინანსური დახმარება იქნება.

აქამდე მსოფლიო ბანკის კლიენტებისთვის ამ ორგანიზაციის მიერ შეგროვილი ცოდნა და ეკონომიკური ზრდის მისაღწევად გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პირდაპირი დაფინანსება.

ბევრი ეკონომისტის შეფასებით, პირდაპირი დაფინანსების მოდელი განვითარებადი ქვეყნების უმეტესობისთვის სულ უფრო არარელევანტური ხდება. სხვადასხვა გათვლებით, დონორთა დაფინანსება ამ დახმარების მიმღები საშუალო სტატისტიკური ქვეყნის შემოსავლის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. პარალელურად, მცირდება იმ სახელმწიფოთა რაოდენობაც, სადაც ერთ სულზე საშუალო წლიური შემოსავალი 1000 აშშ დოლარზე ნაკლებია. ბოლო 10 წლის მანძილზე, მათი რიცხვი 63-დან 35-მდე შემცირდა. ამ 35 დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის საერთაშორისო ფინანსური დახმარება მთლიანი ეროვნული შემოსავლის 10%-ს შეადგენს. საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიურად მზარდი ფინანსური დახმარების ბიუჯეტის მიუხედავად, არსებობს უღარიბესი ქვეყნები, სადაც ერთ სულზე საშუალო შემოსავალი დღეში 3 აშშ დოლარზე ნაკლებია.

სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, სულ მცირე, ორი ზოგადი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ჯერ ერთი, აშშ უკვე ისედაც მილიარდობით და ტრილიონობით დოლარს ხარჯავს სიღარიბის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, USAID-ი, კერძო თუ საქველმოქმედო ფონდები. მეორეც – რამდენი მილიარდი და ტრილიონი დოლარიც უნდა დახარჯოს ამერიკამ, სიღარიბის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი მაინც არ იქნება.

ეკონომისტების დიდი ნაწილის აზრით, დესპოტური და კორუმპირებული რეჟიმის ხელში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება პროგრესის შემაფერხებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ხდება. ეს ფული შერჩევითად ნაწილდება ისეთი ეკონომიკური ინსტიტუტების დაცვაზე, რომლებიც მხოლოდ ელიტის ინტერესებს გამოხატავენ და ახალი კონკურენტებისთვის ბაზარს კეტავენ. ამ ფორმით შექმნილი სიმდიდრე კი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტად ზრდის იერარქიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოს, რადგან პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეპრესიები აუცილებელი ხდება ელიტის სიმდიდრის შესანარჩუნებლად. მეორე მხრივ, თამაშის წესების კარგად გაწერის შემთხვევაში, ბაზარი უფრო ღია და კონკურენტუნარიანია. თუ კერძო უფლებები დაცულია, კონტრაქტების აღსრულება ხდება, ახალი კომპანიების გახსნა ადვილია, შრომის კანონმდებლობა მოქნილია, მაშინ ჩვეულებრივი მოქალაქისთვის დასაქმების და თვითრეალიზების მეტი შესაძლებლობები არსებობს. დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, არა რომელიმე ერთი ჯგუფის, არამედ ყველას საკუთრება ხდება. შესაბამისად, სიღარიბე რეალურად მცირდება.

ამდენად, გაუგებარია, რატომ სჭირდება ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს კიდევ ერთი განვითარების სააგენტო.

ჯიმ იონგ კიმი 5 წლის იყო, როცა სამხრეთ კორეიდან მისი ოჯახი აშშ-ის აიოვას შტატში საცხოვრებლად გადავიდა. ჯერ კალათბურთელობა უნდოდა, მერე – ფილოსოფოსობა. თუმცა სტომატოლოგმა მამამ მას უფლება არ მისცა, სამედიცინოს გარდა, სადმე ჩაებარებინა. კიმმაც ჰარვარდის სამედიცინო სკოლა დაამთავრა და განვითარებად, ღარიბ ქვეყნებში გავრცელებულ დაავადებებთან დაიწყო ბრძოლა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შიდსის მკურნალობის მისი მეთოდი ერთ-ერთ მთავარ მიდგომად დანერგა. კიმის თერაპიის კოქტეილმა – შვიდი სხვადასხვა ანტიბიოტიკის მიქსით სახლში მკურნალობა – ჰაიტიში წამლებისადმი რეზისტენტული ტუბერკულოზით განკურნების შემთხვევები 80%-ზე მეტად გაზარდა. ამ მიღწევების გამო ბევრს მიაჩნია, რომ ის სხვა თანამდებობაზე – მაგალითად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტად უფრო ეფექტური კანდიდატურა იქნებოდა.

კიმი სახელმწიფო ჯანდაცვის მომხრეა. პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებულ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტში – Obamacare – სავალდებულო დაზღვევის უნივერსალურობა მოსწონს, თუმცა ხელმისაწვდომობა აეჭვებს. კიმის ბიოგრაფიისა და შეხედულებების გათვალისწინებით, ბევრი ვარაუდობს, რომ ის შემთხვევით შერჩეული, მოულოდნელი კანდიდატი სულაც არ არის. განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ამერიკის 26 შტატი უზენაესი სასამართლოსგან Obamacare-ის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. სარჩელის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტით ფედერალური მთავრობა, ერთი მხრივ, შტატის უფლებამოსილებაში იჭრება, ხოლო მეორე მხრივ, ინდივიდუალურ თავისუფლებას ლახავს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩნდება ეჭვი, რომ მსოფლიო ბანკის ახალი პრეზიდენტის მთავარი მიმართულება შეიძლება ცენტრალიზებული სამედიცინო სისტემის განვითარება გახდეს. ეს დანარჩენ მსოფლიოში კერძო ჯანდაცვის სისტემის განვითარებას ხელს შეუშლის.

კომენტარები