თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში წარმოებულმა უპილოტო საჰაერო სისტემამ გამოცდა გაიარა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო. გავრცელებული ცნობებით, ახალი სისტემის გამოცდა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში მოხდა.

ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით და ის რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს გამოიყენება. უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სისტემას, რომლითაც შესაძლებელია სასაზღვრო პატრულირება, საჰაერო ფოტოგადაღება, სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა და სხვა ოპერაციების შესრულება.

საქართველოში წარმოებულ უპილოტო სისტემას შემდეგი ტექნიკური მახასიათებლები აქვს: ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი, ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი, სიჩქარე – 60-160 კმ/სთ, სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა.

”ხვალ ჩვენს უპილოტო თვითმფრინავს ვცდით, რომელიც პირველად, მაღალტექნოლოგიებით შევქმენით. ჩვენ კიდევ ბევრი ისეთი ტექნოლოგიის შექმნა გვაქვს გათვალისწინებული, რომელიც ქართველი სამხედროებისა და ინჟინრების ხელით იქმნება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, პარლამენტის ეზოში სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას . გუშინვე მან შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის 25 სამხედრო-მოსამსახურე და ოთხი სამოქალაქო პირი დააჯილდოვა, მათ შორის ქართული საბრძოლო მანქანების შემქმნელები.

 

კომენტარები