რელიგია

აგენტი მიტროპოლიტები

0 კომენტარი

ბულგარეთში საეკლესიო კრიზისია. სასულიერო პირთა და მრევლის ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვს, რომელთა საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა. მათი თქმით, ეპისკოპოსების გადადგომას „სახარება, დოგმატები და წმინდა კანონები” მოითხოვენ.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბულგარულმა კომისიამ, რომელიც საბჭოთა სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე მოქალაქეების გამოვლენას ისახავს მიზნად, გამოაქვეყნა მონაცემები რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. შედეგმა მრევლი შეძრა. სპეცსამსახურებთან კავშირში არ აღმოჩნდა თხუთმეტიდან მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი, მათ შორის პატრიარქი მაქსიმეც. დანარჩენები КГБ-სთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ. ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც საბჭოთა დროს გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა. თუმცა კეთილი ნების აქტმა მღელვარება ვერ შეაკავა.

მონაცემების გამოქვეყნებამდე ცნობილი იყო, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებთან მხოლოდ ორი ბულგარელი ეპისკოპოსი თანამშრომლობდა. მათ შორის ერთმა, მიტროპოლიტმა იოსებ ბოსანოვმა, თავად აღიარა კომისიის საქმიანობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. აგენტურის დოსიეთა გახსნის შემდეგ კი, ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობამ მნიშვნელოვნად იკლო. ნდობის რეიტინგი, ანალიზისა და მარკეტინგის ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, 2012 წელს 45.9%-დან 34,7%-მდე შემცირდა. სავარაუდოდ, უფრო დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნების შემთხვევაში, რეიტინგი კიდევ შემცირდება.

კომისიამ დაადგინა, რომ სამი მიტროპოლიტის დოსიე სპეცსამსახურებმა კომუნისტური რეჟიმის დამხობამდე ცოტა ხნით ადრე გაანადგურეს, თუმცა კომისიამ აღმოაჩინა და გათქვა ბარათები, სადაც მათი მეტსახელებია დატანილი. ცნობილია ისიც, რომ ვარნის მიტროპოლიტმა კირილმა 1990 წელს თავად სცადა დოსიეს განადგურება, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რა პრინციპით სპობდნენ სპეცსამსახურები პოლიტიკური და რელიგიური პირების დოსიეებს, უცნობია, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ დოსიეების განადგურება აგენტის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმიანობაზე მეტყველებს.

სლივენის მიტროპოლიტმა იოანიკემ თქვა, რომ „გაკვირვებული და შეურაცხყოფილია” ინფორმაციით, თითქოს ის „კირილევიჩის” ფსევდონიმით თანამშრომლობდა პოლიტიკური მიზნებისთვის. ანალოგიური განცხადება გააკეთა ველიკო-ტირნოვოს მიტროპოლიტმა გრიგორიმ. მან აღნიშნა, რომ ფსევდონიმი „ვანო” არასდროს სმენია. „მე ნუ მეკითხებით, ჰკითხეთ მათ, ვინც დოსიე შექმნა. ყოველივე ეს ჩემთვის სიახლეა. თან წერენ, რომ არავის გავუშვივარ სამსახურიდან და ამჟამადაც მოქმედი აგენტი ვარ, ამიტომ მაინც ვერაფერს ვიტყვი”, – ირონიულად განაცხადა მეუფე გრიგორიმ. მაგრამ ისინი, ვის ბიოგრაფიაშიც მეტსახელებზე მეტი იპოვეს, ასეთივე თამამები არ ყოფილან.

როგორც ცნობილია, გასაიდუმლოებული დოსიეები უმთავრესად იერარქების ერთმანეთსა და პატრიარქზე დასმენებს შეიცავს. ასევე ინფორმაციებს სინოდის დაჯგუფებებსა და უცხოელებზე, რომელთანაც კონტაქტშიც აგენტები შედიოდნენ. მაგალითად, ვრაჩანის მიტროპოლიტმა კალინიკმა მოხსენებაში ჩაწერა, რომ პატრიარქი ეგოისტია და არ შეეფერება თავის პოსტს, ხოლო ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა უცხოეთში ვიზიტისას სამონაზვნო აღთქმა გატეხა. ის ასევე წერდა, როგორ ივსებოდა ეკლესიები აღდგომის დროს და ვინ ურთიერთობდა უცხოელებიდან სასულიერო პირებთან. კომისიის მოხსენების გამოჩენის შემდეგ, მეუფე კალინიკმა შენდობა ითხოვა საკუთარ ეპარქიაში მყოფი მორწმუნეებისა თუ ურწმუნოებისგან, რომლებიც მის შესახებ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ შეურაცხყო.

დოსიეების გახსნის შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ ვარნის მიტროპოლიტი კირილი, მეტსახელად „კოსაჩევი”, ჩართული იყო ოპერაცია „ციტადელში”, რაც ათონის მთაზე მდებარე ბულგარულ მონასტერ ზოგრაფში ბულგარული სპეცსამსახურების კონტროლის განხორციელებას ემსახურებოდა. ამავე ოპერაციის მიზანი იყო ზოგრაფის სიმდიდრის ხელში ჩაგდება. მიტროპოლიტი კირილი, მეორე მონოზონ ნათანაილთან ერთად, რომელიც შემდეგ ასევე მიტროპოლიტი გახდა, კომუნისტურმა სპეცსამსახურებმა ახალგაზრდობაში გადაიბირეს. 1976 წელს მიტროპოლიტ კირილს მისცეს სპეციალური ფოტოაპარატი მონასტრის სტუმართა და ზოგადი რელიგიური ფონის შესასწავლად. ზოგრაფში ის აგროვებდა ინფორმაციას არა მხოლოდ სხვა მონასტრებზე, არამედ ბერძნული ეკლესიის გავლენაზე, საბერძნეთის არმიასა და სპეცსამსახურებზე. აგენტ „კოსაჩევის” ზედმეტი აქტიურობის გამო, ის ბერძნულმა კონტრდაზვერვამ გაშიფრა და ქვეყანა დაატოვებინა. მისივე დოსიეებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ათონის მთაზე სამონაზვნო კაბის ქვეშ არაერთი აგენტი იყო დაყუდებული. და არამხოლოდ ბულგარეთიდან.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები