ისრაელი

ობამას ფავორიტი პოლიტიკოსი საკუთარმა პარტიამ უარყო

0 კომენტარი

ისრაელის მთავარი ოპოზიციური პარტია კადიმა ლიდერს იცვლის. ცენტრისტულმა პარტიამ ისრაელის მეორე ქალ პრემიერს, ციპი ლივნის, ყოფილი თავდაცვის მინისტრი შაულ მოფაზი არჩია. პალესტინურ მხარესთან სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრე ლივნის აგრესიულად განწყობილი ფიგურით ჩანაცვლება ამომრჩევლის განწყობას ასახავს. ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული ცხარე დებატების ფონზე, ისრაელის პოლიტიკური ლანდშაფტი მარჯვნივ ინაცვლებს.

პარტიულ პრაიმერიზში შაულ მოფაზმა ციპი ლივნი დამაჯერებლად, 20%-ზე მეტი სხვაობით დაამარცხა. 2009 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, კადიმამ ყოფილი ლიდერის ხელმძღვანელობით ხმების უმრავლესობის მოგროვება შეძლო, თუმცა ლივნის უკომპრომისო პოზიციის გამო, პარტია კოალიციური მთავრობის ნაცვლად ოპოზიციაში აღმოჩნდა. ანალიტიკოსები ახალი ლიდერისგან უფრო პრაგმატულ პოლიტიკას და მოქმედი პრემიერის, ბინიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიკუდთან კოალიციის შექმნას ელიან.

53 წლის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ციპი ლივნის, რომელსაც სადაზვერვო სამსახურში (მოსადი) მუშაობის გამოცდილებაც აქვს, ისრაელში პრინციპული პოლიტიკოსის იმიჯი აქვს. რამდენიმე წლის წინ ჟურნალმა TIME მას „ისრაელის სუფთა ქალბატონი” უწოდა. უკანასკნელი არჩევნების შემდეგ, მან მემარჯვენე და რელიგიურ პარტიებთან დათმობაზე უარის თქმის გამო, მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა. მიმომხილველები ლივნის, მისი პრინციპებისადმი ერთგულების გამო, სწორი პოლიტიკური ინსტინქტების არარსებობაში ადანაშაულებენ. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, ლივნის ნეთანიაჰუსთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აღმოაჩნდა, ხოლო მშვიდობისმყოფელის პოზიციის გამო, სამშობლოზე მეტად ის უფრო დასავლურ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში იყო პოპულარული. უცხოეთში დასაყრდენის ძიებით, ლივნი დაშორდა ადგილობრივ ამომრჩეველს, რომელსაც ბირთვული ირანის პრობლემა უფრო აღელვებდა. პარტიულ პრაიმერიზში წარუმატებლობის შემდეგ კი მისი პოლიტიკიდან წასვლასაც ვარაუდობენ.

ლივნისგან განსხვავებით, 63 წლის შაულ მოფაზი ცენტრისტული პარტიის მარჯვენა ფრთას მიეკუთვნება. 2000-იანების დასაწყისში, არაბული ინტიფადის სისხლიან წლებში, ის თავდაცვის მინისტრი იყო. დროებითი პალესტინური სახელმწიფოს მოწყობისთვის მოფაზს საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც ღაზის სექტორის დამატებით, ებრაული დასახლებების აუღებლად, დასავლეთ სანაპიროს 60-65%-ს ითვალისწინებს. ირანში დაბადებული სეფარდი მოფაზი იშვიათი გამონაკლისია ებრაულ პოლიტიკურ ელიტაში, სადაც უმეტესობა წარმომავლობით აღმოსავლეთ ევროპიდანაა.

პარტია კადიმა 2005 წელს იმჟამინდელმა პრემიერმა არიელ შარონმა დააარსა. ლიკუდიდან წამოსვლა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება მას ღაზის სექტორიდან ებრაული დასახლებებისა და სამხედრო ძალების გამოთავისუფლების შემდეგ მოუწია. კადიმა პარტიული კადრებით ლეიბორისტებიდან და ლიკუდიდან შეივსო, მათ შორის იყვნენ მოფაზი და შარონის მაშინდელი პროტეჟე ლივნი. კადიმა სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად პალესტინელებთან აქტიური თანამშრომლობით გახდა ცნობილი, რის გამოც, არაბული მედიისთვის, ციპი ლივნი ნეთანიაჰუსთან შედარებით, ორი ბოროტებიდან ნაკლებს წარმოადგენდა.

2006-2009 წლებში მმართველი პარტია შაულ მოფაზს არასახარბიელო მდგომარეობაში გადაეცა და გამოკითხვების თანახმად, ბოლო პერიოდში კადიმას რეიტინგი თითქმის განახევრდა. მემარცხენედ განწყობილი ამომრჩევლის თვალში, 2011 წლის ზაფხულში სოციალური ხასიათის პროტესტების დროს ციპი ლივნის ინერტულობამ პარტია მნიშვნელოვნად დააზარალა.

დღევანდელ ებრაულ პოლიტიკურ არენაზე დომინირებს ნეთანიაჰუ, რომლის პერსონალური რეიტინგიც 50%-ს უახლოვდება. ირანის ბირთვული საფრთხის არსებობა მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს, რადგან ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ფონზე, ებრაელ ამომრჩეველს ირანის საკითხი სულ უფრო აღელვებს. ეს ფაქტორი კი სამშვიდობო დიალოგის მომხრე ძალების რეიტინგზე დადებითად არ აისახება. ლივნის ნაცვლად მოფაზის არჩევით, კადიმა ნეთანიაჰუსთან თავდაცვით საკითხებზე კონკურენციას იმედოვნებს, რასაც არაბული გაზაფხულის შემდეგ შექმნილი არასტაბილურობა მეტ აქტუალობას სძენს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები