საკონსტიტუციო სასამართლო

საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზირება საჭირო აღარ იქნება

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა "საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და , არაკონსტიტუციურად სცნო საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზირების ვალდებულება, ხოლო თანამგზავრული სისტემის გამოყენებითმაუწყებლობის ლიცენზირება კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მიიჩნია.

მოსარჩელეს- საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, ყველაზე ეფექტურად რეალიზდება მაუწყებლობის მეშვეობით. იგი თვლის, რომ დასაშვებია საკაბელო ქსელის ან თანამგზავრის საშუალებით განხორციელებული სამაუწყებლო საქმიანობის გარკვეული რეგულირება. მაგრამ ამგვარი საქმიანობის დასაწყებად სანებართვო სისტემის დადგენა (ლიცენზირება) გაუმართლებლად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებით დაცულ აზრისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას.

 კონსტიტუციური დავის გადაწყვეტისას სასამართლომ აღნიშნა, რომ რეგულირების სხვადასხვა ფორმების, მათ შორის, საქმიანობის ლიცენზირების უფლებამოსილება სახელმწიფოს მიერ მისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას შეიძლება უკავშირდებოდეს. თუმცა, ამ უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო კონსტიტუციური უფლებებითა და თავისუფლებებით არის შეზღუდული. უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის გამართლებული, როდესაც ჩარევა გარდაუვალია კონსტიტუციით განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, არის მიზნის მიღწევის პროპროციული და ნაკლებად მზღუდავი საშუალება.

სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის (მოსარჩელის) არგუმენტი, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევა უფლებისათვის ნაკლებად მზღუდავი საშუალებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად, მარეგულირებელ კომისიაში სამაუწყებლო საქმიანობის დაწყების შემდეგ გარკვეული ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დაწესებით. ამგვარი რეგულირება არანაკლებ ეფექტური, თუმცა ნაკლებად შემზღუდავი ხასიათის იქნება. ამ მიზნის მისაღწევად არ არის საჭირო კონსტიტუციური უფლება შეეზღუდოს ყველას, ვისაც საკაბელო ქსელით მაუწყებლობა სურს.

თანამგზავრული სისტემების საშუალებით მაუწყებლობასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ ამჟამად იგი საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანს წარმოადგენს და ამდენად სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეიძლება უკავშირდებოდეს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ შერჩეული რეგულირების მექანიზმი არ არის აშკარად არაგონივრული (გამომდინარეობს საერთაშორისო ნორმებიდან) და ამავე დროს წარმოადგენს ფორმალურ, შინაარსობრივად ნეიტრალურ რეგულაციას და ამდენად არ არის ზედმეტად მზღუდავი. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის ლიცენზირება, ლიცენზიის გაცემის წესი და აგრეთვე გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირების ვალდებულება სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი სუბიექტის უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა,"-ნათქვმია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები