კორუფცია რუსეთში

შუვალოვი – მინიგარქიდან ოლიგარქამდე

0 კომენტარი

„შუვალოვი ქურდი” – ამ ჰეშტაგით გაავრცელა რუსმა ბლოგერმა და აქტივისტმა, ალექსეი ნავალნიმ, სოციალურ ქსელ Twitter-ზე რუსეთის ვიცეპრემიერის, იგორ შუვალოვის კორუფციაში მამხილებელი საბუთები. ბლოგერის თქმით, მის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ რუსეთის ვიცეპრემიერის მფლობელობაში მყოფი ოფშორული კომპანია კორუფციული გარიგებების საშუალებით ათეულობით მილიონ დოლარს იღებდა კომპანიებისგან, რომლებიც, ბლოგერისვე მტკიცებით, რუს მილიარდერებს – რომან აბრამოვიჩს და ალიშერ უსმანოვს ეკუთვნით.

ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, 2001-2008 წლებში შუვალოვის მეუღლის შემოსავალი 48 მილიონი დოლარი იყო. წყვილი ოფიციალურად ფლობს უძრავ ქონებას რუსეთში, ავსტრიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

შუვალოვი მთავრობაში ბიზნესიდან მოვიდა. 1990-იან წლებში ის იურიდიულ კომპანია АЛМ-ში მუშაობდა. კომპანიის სახელი ცნობილი ბიზნესმენის, ალექსანდრ ლეონიდის ძე მამუტის ინიციალებია. მამუტი მაშინდელ რუსეთის პრეზიდენტთან, ელცინთან დაახლოებული პირი იყო, შუვალოვი კი მამუტთან მეგობრობდა, რაც მშვენივრად გამოიყენა იმ ელიტაში მოსახვედრად, რომელმაც 90-იან წლებში რუსეთის რესურსები დაინაწილა. АЛМ-ის შემდეგ შუვალოვმა ოლეგ ბოიკოსთან ერთად ბიზნესი წამოიწყო. იმავე პერიოდში დაუახლოვდა რომან აბრამოვიჩსაც. ამ ურთიერთობის შედეგად, შუვალოვმა კომპანია Cибнефть-ის პრივატიზაციით რამდენიმე მილიონი დოლარი და კომპანიის წილზე 0.5%-იანი ოპცია მიიღო.

2003 წელს შუვალოვი ეკონომიკის საკითხებში პუტინის მრჩევლად დაინიშნა. მაშინ მას უკვე ჰქონდა 18 მილიონი დოლარი. შუვალოვის დანიშვნის შემდეგ ცოტა ხანში, რუსეთის უძრავი ქონების ფედერალურმა ფონდმა გამოაცხადა კომპანია Cибнефть-ის (რომლის აქციებზე ოპციასაც შუვალოვი ფლობდა) 20%-ის პრივატიზაციის შესახებ.

მოგვიანებით, 2004 წელს, შუვალოვის მეუღლის მფლობელობაში ოფშორზე დარეგისტრირებულმა კომპანია Sevenkey-მ რუსეთის სახელმწიფო კომპანია Газпром-ში 17.7 მილიონი დოლარის ოდენობის აქციები შეიძინა. ბრალდების თანახმად, შუვალოვმა Газпром-ის აქციების საჯაროდ გაყიდვამდე იყიდა კომპანიის დიდი წილი, რადგან ფლობდა შიდა ინფორმაციას, რომ კომპანიის პრივატიზაცია მოხდებოდა და მის აქციებზე ფასი გაიზრდებოდა.

Газпром-ის შესაძენად თანხა Sevenkey-მ ამსტერდამის სავაჭრო ბანკის, Альфа-Банк-ის პარტნიორისგან მიიღო, რომლის მფლობელიც რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია. Barrons’-ის გათვლების მიხედვით, ამ გარიგებამ შუვალოვს დაახლოებით 20 მილიარდ დოლარამდე მოუტანა. მოგვიანებით, იმავე ბანკის დახმარებით, შუვალოვმა სახელმწიფო ბანკების, VEB-ისა და Сбербанк-ის აქციები შეიძინა.

შუვალოვის Sevenkey-მ კომპანია Corus-ში 49.5-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელის მფლობელი, რუსი მილიარდერი უსმანოვი შუვალოვთან თანხის სათხოვნელად მივიდა. ჟურნალ Barrons’-ის გამოძიების მიხედვით, თანხა, რომელიც უსმანოვმა შუვალოვს სთხოვა, Corus-ში ინვესტიციამდე რამდენიმე კვირით ადრე Sevenkey-ის ცარიელ ანგარიშზე დაჯდა. გარიგების თანახმად, შუვალოვს 5%-იანი მოგება უნდა დარჩენოდა, თუმცა პირველი წლის ბოლოს, 2007-ში, შუვალოვის მოგებამ კომპანიის

მთლიანი მოგების 40%-ს გადააჭარბა.

Corus-ის გარიგების გამოკვლევა რუსმა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც კორუფციული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჟურნალმა Barrons’-მა გაავრცელა. თუმცა Financial Times-ის ვერსიით, გამოძიებამ დაასკვნა, რომ გარიგებისას არცერთი კანონი არ დარღვეულა.

მთავრობისა და ბიზნესების კონსულტანტმა კორუფციის საკითხებში, გეორგი სატაროვმა Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა რუსეთის მთავარი პრობლემა – „ზღვარი ბიზნესსა და მთავრობას შორის არ არსებობს”.

კორუფცია რუსეთის ურბანული საშუალო კლასის გაღიზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები რუსეთის მთავრობას ბიზნესებთან კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდნენ.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი 4 წელი" - ბრიტანეთის ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო

კომენტარები