ფეხბურთი

უკრაინის სტადიონები

ტაბულამ უკვე გაგაცნოთ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ერთ-ერთი თანამასპინძლის, პოლონეთის სტადიონები.

დღეს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მიერ კონტინენტის პირველობისთვის შერჩეულ ოთხ არენას წარმოგიდგენთ – პოლონეთის დარად, ევრო 2012-ის მატჩები უკრაინაშიც ოთხი ქალაქის ამდენივე სარბიელზე გაიმართება.

2011 წლის 9 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებმა კიევში ევროპის 2008 წლის პირველობის ფინალისტს გერმანიას უმასპინძლა. თამაში ფრედ 3:3 დასრულდა, საფეხბურთო ასპარეზობას კი წინ უძღოდა კოლუმბიელი პოპვარსკვლავის შაკირას კონცერტი.

ძლიერ მეტოქესთან სპარინგი და ულამაზესი შოუ ევრო 2012-ის მთავარი სარბიელის, კიევის ოლიმპიური სტადიონის გახსნას მიეძღვნა.

არენა, რომელიც მოსკოვის ლუჟნიკის შემდეგ სიდიდით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში, 1923 წელს აიგო. თავდაპირველად ის ლევ ტროცკის სახელობის იყო, თუმცა მას შემდეგ არაერთი სახელწოდება გამოიცვალა – პოლიტიკური ცვლილებები დასახელებაში ყოველთვის ზუსტად აისახებოდა. მაგალითად, 1944-1962 წლებში სარბიელი ნიკიტა ხრუშჩოვის სახელსაც ატარებდა...

სტადიონს ოლიმპიური 1996 წელს ეწოდა და 2008 წლამდე უკრაინის თასის ფინალებს მასპინძლობდა, თუმცა შემდეგ სრული რეკონსტრუქციისთვის დაიხურა. სამუშაოების დაწყების პირველ თვეებში მშენებლები რამდენჯერმე გაიფიცნენ ხელფასების დაგვიანების გამო – ამ და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით, უეფას სპეციალური კომისია სამჯერ ესტუმრა კიევს ფედერაციის მაღალჩინოსნების გასაფრთხილებლად.

დღეს სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა „ეროვნული სპორტული კომპლექსი ოლიმპიისკი”. რეკონსტრუქციის შემდეგ თავიდან აშენდა დასავლეთი ტრიბუნა, ორ სართულად მოეწყო პრესცენტრი და, რაც მთავარია, სტადიონი ხელახლა გადაიხურა – დღეს

ტრიბუნები მთლიანად დაცულია წვიმისგან. ოფიციალური ტევადობა 70050-ია, თუმცა ჩემპიონატის დღეებში მხოლოდ 65720 ბილეთი გაიყიდება.

ოლიმპიური სტადიონი ტურნირის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უმასპინძლებს: 1 ივლისს ევრო 2012-ის გამარჯვებული გამოვლინდება. ამას გარდა, იქვე გაიმართება D ჯგუფის სამი მატჩი: უკრაინა-შვედეთი, შვედეთი-ინგლისი და შვედეთი-საფრანგეთი, ასევე მეოთხედფინალი D ჯგუფის გამარჯვებულსა და C ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის.

ოლიმპიური სტადიონის დარად, ასევე ხუთი მატჩი გაიმართება დონეცკში, დონბას არენაზე: D ჯგუფის სამი თამაში – 11 ივნისს საფრანგეთი-ინგლისი, 15 ივნისს უკრაინა-საფრანგეთი, 19 ივნისს კი ინგლისი-უკრაინა. 23 ივნისს აქვე შედგება მეოთხედფინალი C ჯგუფის გამარჯვებულსა და D ჯგუფის მეორეადგილოსანს შორის, ხოლო 27 ივნისს პირველი ფინალისტი გამოვლინდება. დონბას არენა გახდება ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე სტადიონი, სადაც ევროპირველობის ფინალური ეტაპის მატჩი გაიმართება.

დონბას არენა უკრაინის ბოლოს წლების უძლიერესი კლუბის დონეცკის შახტარის საკუთრებაა. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო არენის ოფიციალური ტევადობა 51504-ია, მაგრამ ტურნირის დღეებში მხოლოდ 50055 ბილეთი გაიყიდება.

სარბიელის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო თურქული კომპანია ENKA-ს მიერ, დიზაინი კი ArupSport-მა შეიმუშავა, რომელმაც მანამდე მიუნხენის ალიანც არენა, მანჩესტერის სითი ოფ მანჩესტერი და პეკინის ეროვნული სტადიონები დააპროექტა.

თავდაპირველი ბიუჯეტი 250 მილიონი დოლარით განისაზღვრა, დამატებით 30 მილიონი შენობის გარშემო რეკრეაციული ზონის მოწყობისთვის გამოიყო, საბოლოო ჯამში კი თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

სტადიონი 2009 წლის 29 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა: საზეიმო ცერემონიალი პოპვარსკვლავმა ბიონსემ დაამშვენა, რომელმაც ერთ-ერთი სიმღერა მაიკლ ჯეკსონის ხსოვნას მიუძღვნა. 2010 წლის 18 ივნისს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, დონბას არენას სპეციალური პრიზი – წლის წვეულება – გადაეცა უმაღლეს დონეზე ორგანიზებული საზეიმო შოუსთვის.

ხარკოვის მეტალისტის სტადიონი B ჯგუფში ჰოლანდიის ნაკრების სამ თამაშს უმასპინძლებს: 9 ივნისს ნარინჯისფერები დანიელებს დაუპირისპირდებიან, 13 ივნისს მორიგ ევროკლასიკას ვიხილავთ ჰოლანდია-გერმანიის სახით, მესამე ტურში კი ბერტ ვან მაარვიკის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

სტადიონის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერის ანასტას მიქოიანის უშუალო მითითებით, 1926

წელს კი, როცა გაიხსნა, ტრაქტორი ეწოდა. 1940 წელს სახელი შეეცვალა – ქვეყნის უშიშროების კომიტეტის შეფის ფელიქს ძერჟინსკის პატივსაცემად, ძერჟინეცი დაარქვეს. 1967 წელს სარბიელმა მესამედ და უკანასკნელად იცვალა სახელი – მეტალისტი გახდა, ტევადობამ კი ათი ათას მიაღწია.

მას შემდეგ, რაც არენას ევრო 2012-ის მატჩების მასპინძლობა დაევალა, ყველაზე დიდი რეკონსტრუქცია ჩატარდა: თითქმის თავიდან აშენდა სამხრეთი და აღმოსავლეთი ტრიბუნები, გამოიცვალა მინდვრის საფარი, სრულად შეიცვალა განათება და გაუმჯობესდა გადახურვა. გახსნის საზეიმო ცერემონიალი 2009 წლის 5 დეკემბერს შედგა – იმ დღეს მეტალისტის პრეზიდენტმა ალექსანდრ იაროსლავსკიმ 50 წლის იუბილე იზეიმა.

დღეს შენობის სამხრეთ ტრიბუნის ქვეშ სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი მეტალისტ-არენაა, კეთილმოწყობილი ოფისები კი სხვადასხვა კომპანიებზეა გაქირავებული.

ლვოვის არენა ევრო 2012-ის მასპინძელი სტადიონებიდან ყველაზე პატარაა – მხოლოდ 34915 ქომაგის მიღება შეუძლია. პროექტი ავსტრიელი ალბერტ ვიმერის კომპანია ZT-მ და უკრაინულმა არნიკამ შეიმუშავეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ კი 287 მილიონი დოლარი შეადგინა.

გახსნის საზეიმო ცერემონიალი 2011 წლის 15 ნოემბერს გაიმართა: ქალაქის ისტორიისადმი მიძღვნილი თეატრალური წარმოდგენის შემდეგ, უკრაინის ნაკრებმა ავსტრიას 2:1 სძლია. პირველი გოლი ლვოვის არენაზე კიევის დინამოს ფორვარდმა არტემ მილევსკიმ მე-16 წუთზე შეაგდო.

სტადიონი, რომელიც 1593-ადგილიან ვიპ-ლოჟას, 640 ჟურნალისტზე გათვლილ პრესცენტრს, რამდენიმე რესტორანს და სავარჯიშო დარბაზს მოიცავს, B ჯგუფის სამ შეხვედრას უმასპინძლებს: 9 ივნისს გერმანია-პორტუგალია გაიმართება, 13 ივნისს დანია-პორტუგალია, 17 ივნისს კი დანია-გერმანია.

ქალაქის მერის ანდრეი სადოვის განცხადებით, ჯერჯერობით სტადიონის სახელწოდება არენა იქნება, თუმცა ევროჩემპიონატის დაწყებამდე მოეწყობა აუქციონი, სადაც სარბიელის სახელი გაიყიდება. უკრაინის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლვოვის მერია სახელის გაყიდვას წელიწადში თითქმის ორი მილიონი დოლარის სანაცვლოდ გეგმავს.

დღესდღეობით არენაზე ქალაქის საუკეთესო კლუბი კარპატი თამაშობს, რომელიც სტადიონ უკრაინასაც ფლობს.

 

კომენტარები