ბალეტი

სერგეი ფილინის ახალი როლი

რუსეთის სახალხო არტისტი, მრავალი საერთაშორისო პრიზის ლაურეატი და წარსულში მოსკოვის დიდი თეატრის (ბოლშოი) პრემიერი სერგეი ფილინი, 2011 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზეა. სახელოვანი საბალეტო დასის მმართველი თბილისში ყოფილი პარტნიორის, ნინო ანანიაშვილისთვის 30-წლიანი იუბილეს მისალოცად ჩამოვიდა და ტაბულასაც ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

ჩამოხვედით ნინო ანანიაშვილის მოწვევით, რომელსაც სცენაზე დიდხანს უწევდით პარტნიორობას...

ნინო, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია. გარდა იმისა, რომ ის ამ რანგის ბალერინაა, ძალიან ნათელი ადამიანია. მასთან ცეკვა ყოველთვის განსაკუთრებით მიხაროდა, მუდამ ვითვალისწინებდით ერთმანეთის აზრს. ჩვენ ერთად გვიცეკვია იაპონიაში, ამერიკაში, დანიაში... რაც მთავარია, საქართველოში. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა, ერთი, პასპორტი არ მაქვს, თორემ...

რატომ დაანებეთ ცეკვას თავი ნაადრევად?

ნაადრევად რატომ, 21 წლის განმავლობაში ვცეკვავდი. ოდნავ ნაჩქარევი შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ ასე სჯობდა. ცეკვა, რა თქმა უნდა, მენატრება. წონაშიც ნელ-ნელა ვიმატებ და სულ მინდა, ვვარჯიშობდე, ახალგაზრდა და ლამაზი ვიყო. საბედნიეროდ, დღესაც ჩემი პროფესიით ვმუშაობ, უბრალოდ ცოტა სხვა მხარეს მიწევს დგომა.

არ არის რთული, იმავე თეატრში მუშაობა და სცენაზე ყოფილი პარტნიორების ცეკვის ყურება?

რასაკვირველია. ძალიან რთულია უყურო ანანიაშვილს, რომელიც აქამდე ცეკვავს და დღემდე ფორმაშია. მიჭირს მისი ყურება, რადგან წარმომიდგენია, თავად მისთვის რამდენად ძნელია ამის კეთება. შევნატრი კიდეც, მიხარია, განვიცდი მის ამბავს. არტისტების, კოლეგების სცენაზე ყურება გაცილებით რთულია, ვიდრე ის, რომ თავად იცეკვო.

არის პარტიები, რომლის შესრულებაზეც ოცნებობდით და ვერ იცეკვეთ?

მგონი, რაც მინდოდა, ყველაფერი ვიცეკვე. რაზეც საერთოდ არ მიოცნებია, ის როლებიც კი შევასრულე. თუმცა, ალბათ კრასუსია ასეთი პარტია. 20 წლის ვიყავი, როდესაც ბოლშოის სამხატვრო ხელმძღვანელმა იური გრიგოროვიჩმა თავისთან დამიბარა და მითხრა, რომ ორ თვეში სპარტაკი უნდა მეცეკვა. გავოგნდი და ვუპასუხე, რომ ამ პარტიის შესრულებას ვერ შევძლებ, რადგან თავს სპარტაკად არ მივიჩნევ, კრასუსზე კი უარს არ ვიტყოდი-მეთქი. შენ რას მიიჩნევ, ამას არავინ გეკითხება, აქ ჩემი შეხედულებაა მთავარი, სპარტაკი შეგიძლია, არ იცეკვო, მაგრამ კრასუსს მე არ მოგცემ, რადგან შენში მზაკვრობა არ არისო – მიპასუხა. მერე ცოტა ხანს დამაკვირდა და – არა, ასე ხელაღებით ვერ ვიტყვი, შეიძლება ცხოვრებაში ყველაზე ბოროტი ადამიანიც კი იყო, მაგრამ სცენური სიბოროტე, რომელიც კრასუსს სჭირდება, ნამდვილად არ გაქვსო. მისი კაბინეტიდან გამოსულმა ვიფიქრე, რომ ჩემი კარიერა დასრულდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და შემდგომში გრიგოროვიჩთან ერთად უამრავი პარტია მოვამზადე. თუმცა სპარტაკი მაინც არ ვიცეკვე და მანაც არაფრით მომცა კრასუსის როლის შესრულების უფლება.

თეატრში თქვენი ხელმძღვანელად მისვლის შემდეგ ხშირია სკანდალები. როგორ უმკლავდებით ინტრიგებს და ხმაურს?

სკანდალი ძალიან კარგია – საუკეთესო რეკლამაა თეატრისთვის. როგორ ვუმკლავდები? მუშაობას ვაგრძელებ.

თეატრის რესტავრაციის თემას დიდი მოთქმა-მოთქმა მოჰყვა. ისტორიული სცენის ახალ იერსახეზე რას გვეტყოდით?

მე კმაყოფილი ვარ. არც რესტავრატორი ვარ და არც ექსპერტი, შესაბამისად, კომპეტენტური არ გახლავართ. სცენა და მაყურებელთა დარბაზი ძველ იერს ინარჩუნებს, კულისებს მიღმა ნაწილი კი ნამდვილად შეცვლილია. მაგალითად, ნინო ანანიაშვილმა, რომელსაც დიდი ხანია მოსკოვში არ უცეკვია, საკუთარი თეატრი შეიძლება ვერც იცნოს. იქ სულ სხვა დერეფნები, საგრიმიოროები, სარეპეტიციო დარბაზები დახვდება.

სარეპეტიციო დარბაზის ჭერი მართლა ისე დაბალია, როგორც ნიკა ცისკარიძემ აღნიშნა?

ადრე ბოლშოიში ოთხი სარეპეტიციო იყო, ახლა შვიდია. ორ ახალ დარბაზში ჭერი ერთ მხარეს დახრილია და მოცეკვავე მამაკაცმაც მაინცდამაინც დაბალ ნაწილში არ უნდა მოინდომოს ბალერინას აწევა. ერთის თქმა შემიძლია: თეატრში, საბედნიეროდ, ჯერ არავის მიუღია ტრავმა.

თავად ნიკა ცისკარიძე როგორ გრძნობს თავს? უშვებთ მას თეატრიდან, როგორც ამბობენ, თუ არა?

ცისკარიძე, როგორც ყოველთვის, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ის ყველაფერს აკეთებს, რომ მის შესახებ ლაპარაკობდნენ და არ ივიწყებდნენ. მას, რა თქმა უნდა, არავინ გააგდებს. ნამდვილად არ მინდა გავხდე ხელმძღვანელი, რომელიც ხალხს თავს ყველაზე მეტად ცისკარიძის თეატრიდან განთავისუფლებით დაამახსოვრებინებს. მას, როგორც არტისტს, დიდ პატივს ვცემ. ასე რომ, იცეკვებს იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებს.

რა შეიცვალა ბოლშოიში თქვენი სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე მისვლით? რა გაქვთ რეპერტუარში და როგორია თქვენი კურსი?

ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ჩემი მიზანია ვიცეკვოთ ისე, როგორც დიდ თეატრს შეეფერება. დღეს ბოლშოის ორი სცენა აქვს: ახალი და ისტორიული. მთავარია აღვადგინოთ ის კლასიკური წარმოდგენები, რომლებიც მსოფლიო ბალეტის ოქროს ფონდშია შესული: მაგალითად, ჯონ კრანკოს „ონეგინი”, ჯონ ნოიმაიერის „ქალი კამელიებით”, პიერ ლაკოტის დიდი სპექტაკლები... ასეთი გრანდიოზული, ლამაზი, კოსტიუმირებული სპექტაკლები აუცილებლად უნდა იდგმებოდეს ისტორიულ სცენაზე.

ახალი სცენა კი ექსპერიმენტებისთვის, ნეოკლასიკისთვის, ავანგარდისა და მოდერნისთვისაა განკუთვნილი. ვთანამშრომლობთ ირჟი კილიანთან, მატს ეკთან, იური პოსოხოვთან, სოლ ლეონთან და პოლ ლაიტფუდთან. თეატრში რამდენიმე მსოფლიო პრემიერა იგეგმება: უეინ მაკგრეგორი ბოლშოისთვის სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულის” ახლებურ ქორეოგრაფიას ამზადებს. სიუჟეტიანი წარმოდგენის დადგმას აპირებს ჟან კრისტოფ მაიო, თუმცა, დეტალებს ჯერ არ ვახმაურებთ. თითოეული ეს სახელი ბევრის მთქმელია საბალეტო სამყაროსთვის და ვფიქრობ, ახალი სპექტაკლები საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც.

 

 

კომენტარები