გამოფენა

ფილიპე გრეჩულევიჩის ნულოვანი განზომილება

ნებისმიერი ადგილი წერტილია, აბსტრაქტული ობიექტი გარემოში. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უშუშო სათვალით ვაკვირდებით. მას არც მოცულობა გააჩნია, არც ფართობი და არც სიგრძე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბარი არა ნულოვანგანზომილებიან, არამედ ჩვეულებრივ, სამგანზომილებიან მოდელზეა. ამ უკანასკნელს ხომ მაინც სუბიექტურად აღვიქვამთ და სხვადასხვანაირად გვამახსოვრდება. მას საკუთარ ემოციას, ფერს, მნიშვნელობას ვანიჭებთ. ადგილიც ის წერტილია, რომელსაც ფორმა თავად უნდა მისცე.

გალერეა შარდენში ფილიპე გრეჩულევიჩის პერსონალურ გამოფენას, რომლის ნახვა დამთვალიერებელს 30 მარტიდან 4 აპრილამდე შეეძლო, ასე ერქვა – 0 D. ფერადი კუბა, უფრო ფერადი ხეივანი, ნისლიანი პეიზაჟი – ნახატები იმ ადგილების ფრაგმენტებს წარმოადგენდნენ, რომლებიც მხატვრის მეხსიერებას განსაკუთრებულად შემორჩა. „ფრაგმენტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთლიანად ადგილი”, – ამიხსნა მხატვარმა. გრეჩულევიჩის სამყაროში ცოტა სახელია. მისთვის რომელიმე ხელოვანით თუ მუსიკოსით გატაცება ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, მერე ჩნდება სიყვარულის ახალი ობიექტი და რჩება მხოლოდ ერთი – ფრაგმენტები.

კითხვა, „ვინ არის ფილიპე გრეჩულევიჩი”, ისეთი სერიოზულობით მიიღო, თითქოს მისთვის სოკრატეს სავარჯიშო მიეცათ. „ხანდახან მახსენდება ხოლმე ვინ ვარ და მერე ისევ მავიწყდება. ამ ეტაპზე არ მახსოვს”. თუმცა, ზოგი რამ ყოველთვის ჰქონდა განსაზღვრული – ხატვა ბავშვობიდან უნდოდა. დროთა განმავლობაში ეს გატაცება არ განელებია, იცვლებოდნენ მხოლოდ ობიექტები – ადრე გოგოების

ხატვა მოსწონდა, ახლა კი სახეებს ნაკლებად ხატავს. როდესაც „ბიჭი და გოგო” დახატა, ორი გვერდიგვერდ მდგარი ხე, მიხვდა, რომ ემოცია სახეების გარეშეც შეიძლება აჩვენო. „წარმოიდგინე მსახიობის, ანუ სახეების გარეშე თეატრის გაკეთება. ახლა ასეთი უმსახიობო თეატრი მაინტერესებს”.

მიაჩნია, რომ ხელოვნებაში არ არსებობს აკადემიური განათლება, არის მხოლოდ დიდი გამოცდილების გაზიარება. „არტსკოლას აკადემია არ უნდა ერქვას, იმიტომ რომ მხატვრობაში აკადემიკოსი ვერ იქნები. შემთხვევით მოვხვდი ძალიან მაგარ ადამიანთან, მოქანდაკე ნოდარ თოფურიასთან. მასთან ხუთი წელი ვიარე, ქანდაკებასა და ფერწერას ვსწავლობდი. რომ არა ის, არცერთ სასწავლებელში არ ვივლიდი, რადგან არ ვიცი, რისთვის არის ის საერთოდ. განსაკუთრებით არტში. აქ შენთვის უნდა გაიზარდო”.

მხატვრის აზრით, თანამედროვე ნახატებს, ისევე, როგორც ყველაფერს, მედიტაცია, სიმშვიდე აკლია. დრო რომ აჩქარდა, ეს არტშიც გამოიხატა. ამიტომ უნდოდა სიჩქარე დროში გაეჩერებინა. „იფიქრე, რომ არსად გეჩქარება, მაინც ვერსად ვერ მიხვალ, ამიტომ უნდა დამშვიდდე და იცხოვრო აუჩქარებლად” – ასეთია გრეჩულევიჩის კონცეფცია. თუმცა მხატვრისთვის დინამიკაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაცაა, რომ ასეთ მედიტაციურ ხელოვნებაშიც კი რთულია სტატიკურობის მომენტის პოვნა.

ადგილების ფრაგმენტების შეგროვებამდე ვირუსების სერია იყო. კომპიუტერული ვირუსები და მათი სახელები ყოველთვის ძალიან მოსწონდა და როცა ერთ-ერთი მათგანი მის კომპიუტერშიც აღმოჩნდა, გადაწყვიტა, რომ ამ საინტერესო სახელებს იმიჯიც უნდა ჰქონოდა. ასე გაჩნდა მახვილწვერიანი და პირქუში ILOVEYOU, მხიარული და ჩახლართული ხასიათის Anna Kournikova – სადენების მსგავსი ფერადი ზოლებით...

„ხატვის პროცესი საკუთარი თავით თამაშს ჰგავს. ყველა თამაშის, ყველა ნახატის მერე იცვლები. აქ შეუძლებელია წააგო, ეს სპორტი არ არის, უბრალოდ გართობაა”. ოღონდ თამაშები, მისი ზოლების არ იყოს, სულ სხვადასხვანაირია. ყოველ შემთხვევაში, უნდა იყოს. „მგონია, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მეორდება და არტშიც გადადის. ეს ყველაზე უინტერესოა, რაც შეიძლება დაგემართოს. თავისუფალი ხარ, ამიტომ სულ ახლის ძიებაში უნდა იყო. ასე აღარ დავხატავ, აქ მოვკვდი”, – ამბობს ფილიპე. ნულოვანი განზომილება კი ახალი ფორმის მისაღებად არცთუ ურიგო კონდიციაა.

 

 

კომენტარები