ღვინო

უახლესი ტექნოლოგიები ქართული ღვინის სამსახურში

ალბათ დამეთანხმებით, რომ ვერანაირი გზამკვლევი, მეგობრული რჩევა თუ რეკლამა ვერ შეედრება საკუთარ პირის გემოს. იმისთვის, რომ ღვინის ავკარგიანობაში ბოლომდე დავრწმუნდეთ, აუცილებლად თავად უნდა გავსინჯოთ. მხოლოდ ასე გვეცოდინება, ღირს თუ არა მისი შეძენა.

დღესდღეობით ქართული ღვინის მომხმარებელი ძალიან დაბნეულია, მას უჭირს არჩევანის გაკეთება, ცუდად იცნობს ბოთლში ჩამოსხმულ პროდუქციას. დღე არ გავა, მეგობარმა, ნაცნობმა თუ უცნობმა არ მკითხოს, “რომელ ღვინოს მირჩევ სტუმრისთვის”, „რამე კაი თეთრი მინდა”, „ქვევრის ღვინოებში რომელი სჯობს ყველას”, „ერთი თეთრი და ერთი წითელი უნდა გავატანო...”, „ვისი ქისია ყველაზე კარგი?”. ამ დროს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა მეთქვა, გასინჯე და თავად აირჩიე, მაგრამ სად გასინჯოს, როდესაც თითზე ჩამოსათვლელ მაღაზიებშია ღვინის დეგუსტირების შესაძლებლობა?!

ამ პრობლემის გადაწყვეტაზე, პირველ რიგში, ღვინის მაღაზიებმა და დიდმა სუპერმარკეტებმა უნდა იზრუნონ. მართალია, ზოგიერთი ღვინის კომპანია გუდვილში და სხვა დიდ სავაჭრო ქსელშიც აწყობს თავისი პროდუქციის დეგუსტაციას და გარკვეულ ეფექტსაც აღწევს, მაგრამ თავისუფალ ნებაზე დამყარებული დეგუსტაცია მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სარეკლამო გასინჯვებისგან. აქ შენ არაფერი გაიძულებს ღვინო შეიძინო, იხდი გარკვეულ თანხას გასინჯვაში, სინჯავ რასაც გინდა და მხოლოდ შემდეგ იღებ გადაწყვეტილებას.

ჩვენთან ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიებში არაერთგან ნახავთ გახსნილ ღვინოს. ყველაზე მეტი ნიმუში გასასინჯად ყოველთვის მაღაზია ვინოთეკაშია, ასევე ღვინის სამყაროში, ღვინის გალერეაში, ღვინის სახლში... მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა, რომ სპეციალური აპარატის უქონლობის გამო, აქ ღვინო 2-3 დღეში იჟანგება. გარდა ამისა, ღვინოების მხოლოდ გარკვეული ნაწილია გასასინჯად წარმოდგენილი და შეიძლება ისეც მოხდეს, რომ თქვენთვის საინტერესო ღვინო ვერასდროს გახდეს ხელმისაწვდომი.

სპეციალური აპარატებით, ეგრეთ წოდებული ღვინის დოზატორებითაა (Wine Dispenser) აღჭურვილი ქინძმარაულის მარნის და კომპანია ხარებას ღვინის მაღაზიები. სამაგიეროდ, აქ მხოლოდ ერთი კომპანიის ღვინით უნდა შემოიფარგლო და ზოგიერთი ძვირფასი ღვინო სადეგუსტაციო სიაში შეიძლება საერთოდ არ შეგხვდეს.

როგორაა საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი? როგორ და, თბილისის მაღაზიებში ერთი-ორი ისეთი ღვინის აპარატი უნდა გაჩნდეს, სადაც გარკვეულ საფასურად მოხდება დეგუსტაცია და ერთ ჯერზე რამდენიმე ღვინის გასინჯვა იქნება შესაძლებელი. თან, გაითვალისწინეთ, რომ ამ აპარატებში გახსნილი ბოთლი 3 კვირის განმავლობაში ინახება, ტემპერატურის რეგულირება სასმელის ტიპის მიხედვით შეიძლება და ღვინის დაჟანგვა-დაავადებაც გამორიცხულია.

მაგალითად, 10-ლარიანი ღვინიდან თხუთმეტი 50-გრამიანი პორცია გამოვა, რომელიც 1 ლარად გაყიდვის შემთხვევაში მოგებასაც დატოვებს, თუ არადა, მომხმარებელს შეიძლება ზუსტი საფასური გადაახდევინონ. ხშირად მყიდველი დიდ რისკზე მიდის, როდესაც 40-50-ლარიან ღვინოს გაუსინჯავად ყიდულობს. ეს აპარატი კი საშუალებას მოგვცემს, ვთქვათ, გავსინჯოთ 80-ლარიანი უსახელაური 5-6 ლარად და ზუსტი შთაბეჭდილება შევიქმნათ ამ ღვინის შესახებ.

კარგი იქნება, თუკი საბარათე სისტემაც დაინერგება. შიგადაშიგ შესაძლებელი იქნება თემატური დეგუსტაციების მოწყობაც. ერთ კვირას, ვთქვათ, გამოცხადდება წინანდლების დეგუსტაცია, სადაც მაღაზიაში არსებული ყველა წინანდლის გასინჯვის შესაძლებლობა იქნება, მეორე კვირას მუკუზნების დეგუსტაცია, საფერავები, ქინძმარაულები, ტვიშები და ასე შემდეგ.

შეგიძლიათ Google-ში აკრიფოთ Wine Dispenser ან Enomatic (ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია ღვინის სერვისის დარგში) და დატკბეთ ღვინის მაღალი კულტურით, პრაქტიკით, რომელიც უკვე კარგა ხანია არსებობს დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. კარგი იქნება, ჩვენთანაც თუ დავნერგავთ ამ სიახლეს. დარწმუნებული ვარ, სწორი მართვისა და ხარისხიანი რეკლამის შემთხვევაში, ეს წამოწყება აუცილებლად გაამართლებს. ჩვენც, ღვინის კლუბიც, დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდით ამ ქსელის შექმნაში და გამართვაში, პროექტში, სადაც არა ერთი კონკრეტული კომპანიის, არამედ მთლიანად ქართული ღვინის ინტერესები იქნებოდა ჩადებული.

 

კომენტარები