კინო

ხუთი ფილმი აღდგომის თემაზე

 კინოს ისტორიაში არაერთი საინტერესო ფილმია იესო ქრისტეს ცხოვრებაზე, მკვდრეთით აღდგომაზე. აქ 5 გამორჩეულ ნამუშევარს წარმოგიდგენთ.

ბრაიანის ცხოვრება

იმედია, ”მონტი პაიტონის” შესახებ გსმენიათ?! ტერი გილიამის, ტერი ჯონსის, გრემ ჩეპმენის, ჯონ კლიზის, მაიკლ პეილინისა და ერიკ აიდლის ქმნილება,”მონტი პაიტონი”, სატირის ჟანრისთვის დაახლოებით იგივეა, რაც ბითლზი როკმუსიკისთვის, ჩარლი ჩაპლინი მუნჯი კინოსთვის, მარტინ ლუთერ კინგი შავკანიანებისთვის.

”ბრაიანის ცხოვრება” საძმოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია. რელიგიური ფარსი, სატირა, რომელზეც სასაცილოს თქმა ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც შეიძლება. ბრაიანი ადამიანია, რომელიც ხალხს იესო ქრისტეში აერევა და მესიად შერაცხავენ. მთავარი პერსონაჟის მცდელობის მიუხედავად, ხალხს სიმართლე უთხრას, ის მაინც გოლგოთისაკენ მიმავალ, იესოს გზას მიუყვება. ყველაფერი კი გენიალურად, სიმღერით Always Look on the Bright Side of Life მთავრდება.

იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი

ამ სიაში ყველაზე პაპსა ფილმი. ნორმან ჯუისონის ნამუშევარი, რომელზეც უამრავი დაწერილა და თქმულა. გაგებული გექნებათ ამბები, რომ რომის პაპმა ფილმი თავის დროზე აკრძალა, შემდეგ კი ყველას მოუწოდა ენახა. რადგან ფილმმა ახალგაზრდობას ბიბლიის წაკითხვისაკენ უბიძგა. ეს არის საკულტო როკოპერის კარგი კინოვერსია.

ქრისტეს ვნებანი

მელ გიბსონის პრეტენზიული, მძიმე და ძალადობრივი სცენებით დატვირთული ფილმი. რეჟისორი იმდენად ცდილობდა, მთელი საშინელებით გადმოეცა იესო ქრისტეს წამების სცენა, რომ ნამუშევარში სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მსახიობების კარგი თამაშის, მშვენიერი ატმოსფეროს მიუხედავად, ”ქრისტეს ვნებანი” მარტივი, მაყურებლის გრძნობებით თამაშზე გათვლილი ფილმია. უბრალოდ, ის ზუსტად იმეორებს სახარებისეულ სიუჟეტს და, სულ ცოტა, ამის გამო ღირს მისი, როგორც ფსევდოდოკუმენტური ქმნილების ნახვა.

ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება

ნიკოს კაზანძაკისის ამავე სახელწოდების რომანის, მარტინ სკორსეზესეული ეკრანიზაცია. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კონტროვერსიული, სკანდალური ფილმი. აქ იესო მესია არ არის, ის არ არის ღვთის შვილი, არც უცოდველია. უილიამ დეფოს პერსონაჟი სათნო და კეთილი ადამიანია, რომელიც ღმერთს თავისი შვილივით უყვარს.

South Park - სპეციალური ფანტასტიკური სააღდგომო ეპიზოდი

მეტ სტოუნისა და ტრეი პარკერის სით-ქომის სპეციალური სერია, რომელიც აღდგომის საიდუმლოს ეხება. თქვენ გაიგებთ ”სიმართლეს” იესო ქრისტეზე, რომის პაპზე, აღდგომის კურდღელზე, ამერიკის კათოლიკურ ლიგაზე, ლეონარდო და ვინჩის ”საიდუმლო სერობასა” და პეტრე მოციქულზე. South Park-ის საუკეთესო ტრადიციებით გადაღებული სატირა, რომლის ფინალიც სტენ მარშის სიტყვებია: ”მე დღეს ერთი რამ ვისწავლე, არ უნდა დავსვა კითხვები, უნდა ვღებო კვერცხები და ზედმეტი არ ვილაპარაკო”. არ უნდა ეძებო ლოგიკა იქ, სადაც ის არ არის.

 

კომენტარები