ცხინვალი

ყარაულის ცვლა

ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და ედუარდ კოკოითის შემცვლელის ვინაობა გაირკვა. 8 აპრილს, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა. ადგილობრივი КГБ-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ხმათა 54 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ომბუდსმენმა დავით სანაკოევმა – 43 პროცენტი. არჩევნების ლეგიტიმურობას არც თბილისი და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებენ.

ლეონიდ თიბილოვი 80-იანი წლებიდან საბჭოთა КГБ-ში მსახურობდა, 1992 წელს კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. მას შემდეგ იგი ცხინვალის მთავრობის ვიცეპრემიერი და შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე იყო, ასევე მუშაობდა კერძო სტრუქტურებში, ბოლო პერიოდში კი ცხინვალის ხელისუფლებაში „პოსტკონფლიქტურ საკითხებში” კონსულტანტის მოვალეობას ასრულებდა. აქტიურ პოლიტიკაში ლეონიდ თიბილოვს მონაწილეობა ბოლო არჩევნებამდე არ მიუღია.

ამჯერად „საპრეზიდენტო არჩევნების” შედეგების გამოცხადებას ცხინვალში უკმაყოფილება არ მოჰყოლია. დამარცხებულმა დავით სანაკოევმა თიბილოვს გამარჯვება მიულოცა.

საარჩევნო ვნებათაღელვა ცხინვალში გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მაშინ გაიმარჯვა ოპოზიციონერმა ალა ჯიოევამ, რომელმაც სახელისუფლებო კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. თუმცა ედუარდ კოკოითის რეჟიმმა ჯიოევა ხელისუფლებაში არ მიუშვა – ადგილობრივმა „უზენასემა სასამართლომ” არჩევნების შედეგები გააუქმა, რასაც ოფიციალურმა მოსკოვმაც დაუჭირა მხარი. ჯიოევა ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, თავი არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა და კრემლის მაღალჩინოსნები მასზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მისმა მომხრეებმა ცხინვალში მასობრივი საპროტესტო აქციებიც გამართეს.

თებერვალში ჯიოევას „ინაუგურაცია” ძალოვნებმა ძალის გამოყენებით ჩაშალეს, თავად კანდიდატი დააკავეს და საავადმყოფოში დაცვის ქვეშ მოათავსეს. ხოლო იქიდან მხოლოდ ხელახალი არჩევნების წინა დღეს გამოუშვეს.

ახალი არჩევნების თაობაზე ჯიოევამ განაცხადა, რომ პროცესი კრემლის კონტროლქვეშ მიმდინარეობს და მოსკოვმა კანდიდატთა „სელექციური შერჩევა” განახორციელა. 25 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, თიბილოვისა და სანაკოევის გარდა, კენჭს კომუნისტი სტანისლავ კოჩიევი და „სამხრეთ ოსეთის ელჩი რუსეთში” დმიტრი მედოევი იყრიდნენ. ამ უკანასკნელს კრემლის კანდიდატად მოიაზრებდნენ, თუმცა მეორე ტურში გასვლისთვის მას ხმების უმნიშვნელო რაოდენობა დააკლდა.

ხელახალ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებიდან ოპოზიციას რეალურად არცერთი წარმოადგენდა. მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი რეჟიმით უკმაყოფილოა, არჩევანი მხოლოდ დაშვებულ კანდიდატებს შორის უნდა გაეკეთებინა. წინასაარჩევნო კამპანიისას ლეონიდ თიბილოვს მხარი კოკოითის გავლენიანმა ოპონენტებმა, ჯამბოლათ თედეევმა და ანატოლი ბარანკევიჩმა, ასევე ჯიოევას მომხრეთა ნაწილმა დაუჭირეს.

როგორც თიბილოვმა შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, იგი მზადაა, მომავალ მთავრობაში ადგილები შესთავაზოს როგორც დავით სანაკოევს, ისე ალა ჯიოევას. ამ უკანასკნელმა კი აღნიშნა, რომ მომავალი „პრეზიდენტისადმი” დამოკიდებულებას ხელისუფლებაში მისი პირველი ნაბიჯების მიხედვით ჩამოაყალიბებს. ისიც და დავით სანაკოევიც საკუთარი პარტიების დაფუძნებას გეგმავენ.

ცხინვალში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების, ასევე მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის დამოკიდებულება თიბილოვისადმი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა კადრებით გადაწყვეტს ის მთავრობის დაკომპლექტებას. თავად გამარჯვებულმა კანდიდატმა თქვა, რომ „ხალხის ნდობის მთავრობას” შექმნის.

რეჟიმის ოპონენტები საფრთხეს იმაში ხედავენ, რომ ედუარდ კოკოითი, შესაძლოა, ახალ ხელისუფლებაშიც შეეცადოს საკუთარი კადრების გაყვანას. მეტიც – სანამ კოკოითი მმართველი პარტიის – ედინსტვო – ლიდერად რჩება, საპარლამენტო უმრავლესობასაც აკონტროლებს და არაა გამორიცხული, სამხრეთ ოსეთში „საპარლამენტო რესპუბლიკის” შემოღება და ხელისუფლებაში დაბრუნება დააპიროს.

თიბილოვი ამომრჩევლებს კანონის უზენაესობას და რეფორმებს ჰპირდება. ერთ-ერთი მთავარი დაპირება კი 2008 წლის შემდეგ ცხინვალის აღსადგენად გამოყოფილი რუსული თანხების დატაცების გამოძიებასა და „მოპარულის უკან დაბრუნებას” ითვალისწინებს.

თუმცა საეჭვოა, თიბილოვმა როდესმე შეძლოს ამ პირობის შესრულება, რადგან თანხების დატაცების კორუფციული სქემები ცხინვალის რეგიონში რუსი მაღალჩინოსნების მიერ კონტროლდება. სამხრეთ ოსეთის „პრემიერ-მინისტრი”, ტრადიციულად, პირდაპირ რუსეთიდან ინიშნება. „პრეზიდენტის” ლოიალობის მთავარი კრიტერიუმი კი არა რუსეთის პოლიტიკის მიმართ მისი ერთგულება (ამ მხრივ პრობლემას მოსკოვს არცერთი კანდიდატი არ შეუქმნიდა), არამედ მოქმედი „თამაშის წესების” გაზიარებაა. ეს წესები აშკარა წინააღმდეგობაშია ადგილობრივი საზოგადოების მთავარ დაკვეთასთან, რომელიც წესრიგის დამყარებას და კორუფციის აღმოფხვრას გულისხმობს.

კიდევ უფრო საეჭვოა თიბილოვის დაპირებების შესრულება იმ ფონზე, როცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას კრემლმა „ზემდგომი” დაუნიშნა. ეს არის სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი, ფიგურა, რომელიც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია.

ასევე საეჭვოა, რეჟიმის ახალმა ლიდერმა კონფლიქტის მოგვარების საკითხში თუ თბილისთან მოლაპარაკებებში რაიმე ინიციატივა გამოიჩინოს. „ზემდგომი ორგანოები” ამ მიმართულებასაც მკაცრად გააკონტროლებენ.

 

 

კომენტარები