ლონდონი 2012

ცეცხლის მოლოდინში

საბერძნეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა უკვე დაასახელა ის ათლეტი, რომელსაც ლონდონის წლევანდელი თამაშების ცეცხლოვანი ესტაფეტის საწყისი მონაკვეთის გავლის პატივი ხვდა წილად: ბრიტანეთში დაბადებული ბერძენი მსოფლიოს ჩემპიონი 10კმ-ზე ცურვაში სპიროს გიანიოტისი.

გიანიოტისი, ვინც ოლიმპიური ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, ერთ-ერთია იმ 500 ბერძენიდან, რომლებიც ანთებული ჩირაღდნით 10-17 მაისს საბერძნეთის რამდენიმე კუნძულს და 34 ქალაქს შემოივლიან.

„ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობა ჩემთვის შინ დაბრუნებას ჰგავს”, – განაცხადა სპიროს გიანიოტისმა.

ოლიმპიური თამაშების ტრადიციული ატრიბუტი – ცეცხლი – საბერძნეთის ანტიკურ ქალაქ ოლიმპიაში, მითიური ზევსის ტაძართან, მზის სხივების დახმარებით 10 მაისს აინთება.

რიტუალი, რომლის იდეა თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელ პიერ დე კუბერტენს ეკუთვნის, პირველად 1928 წელს, ამსტერდამის ზაფხულის IX თამაშების წინ შესრულდა.

ოლიმპიური ჩირაღდანი ლონდონი 2012-ის დელეგაციას 17 მაისს, ათენში, პანათენაიკის სტადიონზე საზეიმო ცერემონიალისას გადაეცემა. ამის შემდეგ ოლიმპიურ ცეცხლს სპეციალური ავიალაინერით დიდ ბრიტანეთში ჩაიტანენ.

ლონდონის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა უკვე გამოავლინა 7300 მოხალისე, რომლებსაც ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდათ წილად. კიდევ 700 იღბლიანი უახლოეს დღეებში დასახელდება.

გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიური ცეცხლი 70 დღის მანძილზე დიდი ბრიტანეთის ათასზე მეტ ქალაქს მოივლის, 27 ივლისს კი ოლიმპიურ სტადიონზე აგიზგიზდება.

 

* * *

...4 მაისს ლონდონის ოლიმპიური სტადიონი ერთდღიან შოუს უმასპინძლებს, რომლის მთავარი მიზანი გულშემატკივრებისთვის სარბიელის გაცნობა იქნება.

ლოთსკ-ის (ლონდონის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი) თავმჯდომარემ სებასტიან კოემ განაცხადა, რომ იგეგმება რამდენიმე გასართობი წარმოდგენა არაერთი სახელგანთქმული ჩემპიონის მონაწილეობით.

...ლოთსკ-ის ოფიციალური ინფორმაციით, ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დაჯილდოების 805 ცერემონიალზე დროშების აღმართვის პატივი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო, საჰაერო და შეიარაღებული ჯარების 176 მამაკაც და ქალ სამხედროს ხვდა წილად. „ძალიან მიხარია, რომ ოლიმპიადაში მივიღებ მონაწილეობას – მამაჩემი დიდ ბრიტანეთს 1956 წელს მელბურნში, 1960 წელს კი რომის ოლიმპიადაზე წარმოადგენდა”, – განაცხადა საჰაერო ძალების მაიორმა ლი კობლიმ.

...21 ივნისიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, ოლიმპიური თამაშების მხარდაჭერის პროგრამით, ლონდონი მხატვრული ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს სახელწოდებით „ლონდონი 2012 ფესტივალი”. გადაწყვეტილია, რომ კინოკომპანია XXI საუკუნე ფოქსი სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ციფრულ ფორმატში დამუშავებულ ოსკაროსან ფილმს – „ცეცხლოვანი ეტლები” – წარუდგენს მაყურებელს. 1981 წელს ჰიუ ჰადსონის ეს ნაწარმოები ოთხი ოსკარით დაჯილდოვდა, მათ შორის საუკეთესო მხატვრული ფილმის ნომინაციაში. ასევე ცნობილია, რომ ფესტივალის დღეებში ალფრედ ჰიჩკოკის უხმო ჩანახატებიც იქნება ნაჩვენები.

...ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ნაგებობებიდან ყველაზე ბოლოს წყალბურთელთა აუზის მშენებლობა დასრულდა. შენობა, რომელიც 5 ათას გულშემატკივარზეა გათვლილი და სავარჯიშო და მთავარ აუზს იტევს (საერთო მოცულობა 3 მილიონი ლიტრი), დროებითია – ოლიმპიური თამაშების შემდეგ მას დაშლიან, ნაწილებს კი სხვადასხვა პროექტებში გამოიყენებენ.

 

კომენტარები