მოდა

ფასადების ანტიკური ჰარმონია და თავისუფლება: ნუთუ თბილისისთვის მოდა მეტად ვეღარ განვითარდება?

0 კომენტარი

ინტერვიუ თამარა კოპალიანთან, გიორგი ქებურიასთან და სოფია ივანიძესთან

ქვეყანაში, სადაც გლამურული ჟურნალების და ფეშენებელური კაფეების ბუმია, საინტერესოა რა მდგომარეობაში არიან ამ სფეროს მთავარი დემიურგები და ინსპირატორები – მოდის დიზაინერები. ფეშენ უიქების დროს ჩვენ ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების კოლექციებს, მაგრამ მასმედიაში მათი რეიტინგი მაინც დაბალია, თუნდაც ქართული ესტრადის ვარსკვლავების ფონზე.

თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ქუჩები და შენობები რესტავრაციის შემდეგ ოქტომბრის რევოლუციამდელ სახეს ისევ იბრუნებს და სადარბაზოების თავზე, ფასადებზე ანტიკურ სიმბოლიკას სულ უფრო გამოკვეთილად ვამჩნევთ. ქვაში ჩაბუდებული ბერძნული და რომაული მითოლოგიის ეს სახეები თითქოს გვახსენებენ, როგორც პლატონი იტყოდა, რომ ადამიანში მთავარი თავია, მთელი დანარჩენი სხეული კი მხოლოდ მას ემსახურება. ანდა, უბრალოდ, გვიმეორებენ, რომ კლასიკა და ანტიკური არქეტიპებია მთავარი. მაგრამ რა ვუყოთ დღევანდელ დღეს?

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერები ნიღბების მსგავს სიმბოლიკას საკუთარ კოლექციებში სულ უფრო ხშირად იყენებენ და კეკლუცი, ან არაენთუზიასტი მოდელების სახის დაფარვას ცდილობენ კოსტიუმების თუ ადამიანთა ზოგადობის წარმოსაჩენად. დიზაინერმა გიორგი ქებურიამ ახალი ტენდენციაც კი შექმნა – არქიტექტურული ფეშენი. მისი შთამბეჭდავი კოლექცია თითქოს დემონოლოგიის სასწავლო დისციპლინის დამხმარე ილუსტრაციაა.

რა ფუნქცია აქვს ასეთ ექსტრემალურ არტისტიზმს და კონკრეტულად ნიღბებს, როდესაც ავანგარდული მოდის ასამბლეა თბილისში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს და ყველას ერთნაირი პრეტენზია აქვს, რომ ხელოვნება და, მით უმეტეს,

დიზაინის ხელოვნება წმინდად კომერციული უნდა იყოს?

თამარა კოპალიანი: ეს ნიღბები გასაყიდად კი არა, სანახაობისთვის და ხედვის ხაზგასმისთვის იქმნება. მე ეს კოლექცია Reflection კონკურსზე Be Next-ზე მქონდა გატანილი, სადაც ხედვა უფრო აინტერესებთ.

რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ აღარ ტარდება „ამა”, მაგრამ იმართება სხვა კონკურსები, სადაც დიზაინერები ცდილობენ იყვნენ ინდივიდუალურები და უმეტესობა მაინც ავანგარდულ კოლექციას ქმნის, რაც ხშირად გამარჯვების საწინდარიცაა.

გიორგი ქებურია: ჩემი ემოციის გადმოცემა ყველაზე მეტად ნიღბების საშუალებით მიადვილდება. ნიღაბიც რაღაც როლს ასრულებს კომერციული თვალსაზრისით – მისი საშუალებით ტანსაცმელიც უფრო დასამახსოვრებელი ხდება.

სოფია ივანიძე: ეს ნიღბები შეიქმნა კონკურს Be Next-ზე გატანილი კოლექციისთვის. სრული თავისუფლება მქონდა ჩემი იდეის მაქსიმალურად კრეატიულად გამოსახატად. ასე რომ, ჩემთვის კომერცია აქ მეათასე ხარისხში იყო.

ეს ნიღბები რომელიმე პერსონაჟებს ხომ არ წარმოადგენენ? გიორგი, შენთან საერთოდ არ ჩანს ადამიანი და მხოლოდ კაბა და ზემოთ რაიმე ფანტასმაგორიული არსების, ზოგჯერ სამთავიანის, ნიღაბია. ვინ არიან ეს არსებები?

გიორგი: ესენი არიან სიურრეალისტური არსებები, რომლებიც თბილისის მოდის კვირეულის დამწყები დიზაინერების კონკურსზე გამოვიტანე.

სოფია, თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მოდელების ნიღბის მიღმა დამალვა?

სოფია: ჩემი იდეა იყო არარსებული სამყარო და, შესაბამისად, ამ კოლექციას ერქვა ნევერლენდი. აქ იყვნენ ადამიანები, მოდელები, რომლებიც რეალურ სამყაროში არ არსებობენ და ამიტომაც იყვნენ დამალულნი ნიღბებს მიღმა.

სხვა ქართველ და უცხოელ დიზაინერებთან თუ შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია?

თამარა: ხანდახან დიზაინერებს გვინდა, რომ მოდელებს ერთნაირი სახე ჰქონდეთ და ამისთვის ნიღაბს ვიყენებთ. მიგვაჩნია, რომ კოსტიუმი მაქსიმალურად უნდა იყოს სავსე და დატვირთული, უფრო გასაგებად გადმოსცეს დიზაინერის ჩანაფიქრი.

გიორგი: საზღვარგარეთ ნიღბები აპრობირებული თემაა და ამ ხერხს ძალიან ბევრი დიზაინერი იყენებს, საქართველოში კი, ვფიქრობ,

პირველი ვიყავი და ხალხს განსხვავებული ტენდენცია შევთავაზე – არქიტექტურული მოდა, რაც მერე ჩემს გაკეთებულ კოლექციებს დაეტყო. ახალგაზრდა დიზაინერებმა მალევე დაიწყეს კოლექციების მსგავსი ტექნიკით შექმნა.

იმის თქმა გსურთ, რომ ყველაფერი იმპერსონალური გახდა და ინდივიდი დაიკარგა? ანუ ჩვენს მოდელებს შეუძლიათ ჰქონდეთ გამოკვეთილი ხასიათის სახე სცენაზე მუშაობისას და საერთოდ, შედის თუ არა ეს თქვენს ინტერესში?

თამარა: მოდელის ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს. უმეტესად განსხვავებულები არიან და ამიტომაც მათი გაერთიანების სურვილი გვიჩნდება. ამისთვის ხან ნიღბებს ვიყენებთ და ხანდახან ძლიერ მაკიაჟს.

გიორგი: ხშირ შემთხვევაში, მოდელების გარეგნობა არ მაკმაყოფილებს და ნიღაბი მეხმარება, რომ კოლექციაში რომელიმე მოდელის გარეგნობამ ხელი არ შემიშალოს.

სოფია: ნაწილობრივ ესეც პრობლემაა, მაგრამ ნიღბები მაგის გამო ნამდვილად არ შემიქმნია.

რას მიამატებდით ქართული ფეშენის ინფრასტრუქტურას? გაკმაყოფილებთ ის, რაც უკვე არის? ნებისმიერი მნიშვნელობით, იქნება ეს კომერციალიზაცია, წმინდა არტისტიზმი თუ ავანგარდი?

სოფია: არა, არც სათანადო სამუშაო პირობებია და არც ტანსაცმლის გაყიდვის სისტემაა გამართული. თითქმის ყველაფერი დასახვეწია.

თამარა: ყველაფერი შენი ფულით და ენთუზიაზმით უნდა აკეთო. აქ ამ სფეროს განვითარება თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ წინსვლა აღარ ჩანს, პირიქით, თვალშისაცემი რეგრესია. ამის გამოხატულებაა თუნდაც ის, რომ იყო ორი ფეშენ უიქი და დღეს მხოლოდ ერთია.

გიორგი: ისეთი ქალაქისთვის, როგორიც თბილისია, მოდა ამაზე მეტად ვეღარ განვითარდება.

თამარა, რა ღონისძიებაზე იყავი ვენაში და როგორ გახდა შესაძლებელი მისი განხორციელება?

თამარა: მოწვევა იყო ორ დიზაინერზე, მე და გოლა ზუმბულიძე გაგვაგზავნეს. კულტურის სამინისტრომ დაგვაფინანსა. ჩვენი კოლექციებით ავსტრიელების დიდი მოწონება დავიმსახურეთ და წლეულსაც გველოდებიან. კოლექციები შოუ რუმშიც პოპულარობით სარგებლობდა, ბევრი რამ გაიყიდა, რაც ჩვენთვის სიურპრიზი იყო. აქ ეგრე არ ხდება.

რა არის ინსპირაციის წყარო ან მთავარი მოტივატორი კოლექციის შექმნისას?

გიორგი: მოდის, დიზაინის სიყვარული და სამომავლოდ ჩემი კოლექციის საზღვარგარეთ გატანა.

თამარა: კოლექციის კონცეფცია ყოველთვის სხვადასხვაგვარად მოდის და ეს ინდივიდუალურია. ამ კოლექციის მთავარი თემა იყო ანარეკლი, ადამიანი ირეკლავს განწყობილებებს, თუნდაც ამინდს.

სოფია: უპირველესად სიყვარული და სურვილი, რომელიც არ გასვენებს, სანამ კოლექციაში არ გადმოიტან.

რომელი დიზაინერები მოგწონთ საქართველოში?

გიორგი: ლაშა მდინარაძე (გუდუ), დათუნა სულიკაშვილი.

თამარა: დღეს თუ დიზაინერი საქართველოში რამეს აკეთებს, უკვე მოსაწონი და დასაფასებელია, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც მხოლოდ ფიქრებში და ფურცლებზე ინახავს საკუთარ იდეებს. შეიძლება გენიალური იდეები ასე იკარგება.

 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები