საკონსტიტუციო სასამართლო

სამაუწყებლო ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი

გასულ კვირას საკონსტიტუციო სასამართლომ საკაბელო მაუწყებლობის დაწყებისთვის კანონით დადგენილი ლიცენზირების წესი არაკონსტიტუციურად ცნო. ამით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სახალხო დამცველის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

ომბუდსმენი ითხოვდა, თანამგზავრული და საკაბელო მაუწყებლობის დაწყებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურად გამოცხადებულიყო. გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ საკაბელო ქსელისა და თანამგზავრის საშუალებით განხორციელებული მაუწყებლობის გარკვეული რეგულირება დასაშვებია, თუმცა ამისთვის ნებართვის, ანუ ლიცენზიის მიღების აუცილებლობა გაუმართლებლად ზღუდავს აზრისა და ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებას.

სასამართლომ ძალაში დატოვა და კონსტიტუციის 24-ე მუხლთან შესაბამისად მიიჩნია სანებართვო სისტემის არსებობა თანამგზავრული მაუწყებლობის შემთხვევაში.

მოპასუხე მხარე, საქართველოს პარლამენტი, ამტკიცებდა, რომ მიუხედავად იმისა, მაუწყებელი შეზღუდულ რესურსს იყენებს თუ არა, „ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის” პრინციპის დაცვისთვის ლიცენზირება აუცილებელია. მოპასუხე ამბობდა, რომ მედიის ბუნებიდან გამომდინარე – მოახდინოს ძლიერი გავლენა ადამიანთა განუსაზღვრელ რაოდენობაზე – „უცხოური ინტერესების ან პოლიტიკური ჯგუფების გავლენისგან მაუწყებლობის დაცვისთვის”, ლიცენზირების წესი ძალაში უნდა დარჩეს. სასამართლომ ეს არგუმენტი უკუაგდო იმ მოტივით, რომ კანონმდებლობა საჯარო ინტერესების დაცვისათვის ისედაც საკმარის გარანტიებს შეიცავს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა – როდესაც საქმე ეხება საეთერო სიხშირეს, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შეზღუდული რესურსია, ის სამართლიანად უნდა განაწილდეს. თუმცა, ეს არგუმენტი არ გამოდგება იმ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ საკაბელო ქსელზე. ამ უკანასკნელის ბუნება საეთერო მაუწყებლისგან არსებითად განსხვავდება: მაშინ, როცა საეთერო სიხშირე განსაზღვრული რაოდენობით არსებობს, საკაბელოს შემთხვევაში, რაოდენობა შეუზღუდავია – ნებისმიერს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, საკაბელო ქსელი გააკეთოს ისე, რომ სხვებს ამის საშუალება არ წაართვას. სწორედ ამ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო და დაადგინა, რომ ლიცენზირების დავალდებულება არღვევს გამოხატვის თავისუფლებას და არაკონსტიტუციურია.

იმ პირობებში, როცა ბეჭდური და ონლაინ მედია ბევრად პლურალისტურია, ვიდრე სამაუწყებლო, აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბეჭდური და ახალი მედიის პლურალიზმს სწორედ შემდეგი ფაქტორები განაპირობებს: საეთერო მაუწყებლისგან გასხვავებით, ისინი არც ბუნებრივად შეზღუდულ რესურსს წარმოადგენენ და არც რაიმე სახის

რეგულაციას ექვემდებარებიან. ტელევიზიის შემთხვევაში, სიხშირეთა განსაზღვრული რაოდენობა და ლიცენზიის საჭიროება მას ნაკლებად მრავალფეროვნად აქცევს. შესაბამისად, საკაბელო ქსელის რეგულაციისგან გათავისუფლება ამ სივრცესაც პლურალიზმისკენ წაიყვანს. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც საქართველოში საკაბელო ტელევიზიებთან წვდომა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს: საკაბელო ოპერატორების აბონენტი, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყოველი მეოთხე ოჯახია, დიდ ქალაქებში კი ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევს. თბილისში ეს რიცხვი გაცილებით მაღალია – მომხმარებელთა საერთო რაოდენობის 80% სწორედ აქ არის კონცენტრირებული. ლიცენზირებული საკაბელო მაუწყებლების რაოდენობა კი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, 17-ს შეადგენს.

თავდაპირველად, კანონით ლიცენზირება მოეთხოვებოდათ მხოლოდ საკაბელო ოპერატორებს, მაგალითად, როგორიცაა სილკ ტვ, აიეტი, კავკასუს ტვ და ასე შემდეგ. მოგვიანებით შემოვიდა საკაბელო ოპერატორის ავტორიზაციის ცნება. მაუწყებლის ლიცენზირების პრაქტიკაც აქედან იღებს სათავეს, თუმცა ეს მხოლოდ ქართულ საკაბელო მაუწყებლებს ეხებოდა და არ ვრცელდებოდა უცხოურზე. მაგალითად, თუ CNN-ს, BBC-ს, Discovery-ს და სხვა არხებს საქართველოში ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობა შეუძლიათ, ეს წესი არ ვრცელდებოდა მაესტროზე, თრიალეთზე და სხვა საკაბელო მაუწყებლებზე, რაც მათ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა.

ტელეკომპანია მაესტრომ, რამდენიმე წლის წინ, ევრიკის სიხშირე დატოვა და საკაბელო ქსელში მაუწყებლობის ლიცენზია მოიპოვა. მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების ეთერში გაშვება დაიწყო, დაირღვა ლიცენზიის პირობა, რაც თავდაპირველად მხოლოდ შემეცნებით-გასართობი გადაცემების გაშვებას ითვალისწინებდა. ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური (საერთო) ლიცენზიის მოდიფიცირებაზე მაესტროს კანონის მიხედვით უარი ეთქვა, რადგან ბოლო ერთი წლის მანძილზე მან სანქცია მიიღო ლიცენზიის დარღვევისთვის. საბოლოოდ, პრობლემა საქართველოს პარლამენტში გადაიჭრა და მაესტროს „პოლიტიკური ნების” საფუძველზე მაუწყებლობის მოდიფიცირების უფლება მისცეს.

სასამართლომ თქვა, რომ თუ საკაბელო სიგნალი ვრცელდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, თანამგზავრული მაუწყებლობა ქვეყნის საზღვრებს სცილდება. ეს კი, საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, „შესაძლებელია გასცდეს კერძო პირებს შორის ურთიერთობას,

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებთან მოვიდეს შემხებლობაში და საერთაშორისო სამართლის ინტერესის საგნად იქცეს”.

სასამართლოსვე თქმით, საერთაშორისო ურთიერთობის წარმართვაში, ხელისუფლების განსაკუთრებული პრივილეგიიდან გამომდინარე, სახელმწიფოს უფლებამოსილება უფრო მასშტაბური უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა სახელმწიფოსთვის ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გახდეს.

საქმე ისაა, რომ მაუწყებლების პარალელურად არსებობს ინტერნეტი, რომელიც არ ცნობს სხვადასხვა ქვეყნის სუვერენულ საზღვრებს და მისი გამოყენებით, ათასობით კილომეტრით დაშორებულ მრავალ ადამიანთან ინფორმაციის გაცვლა დაბრკოლების გარეშეა შესაძლებელი. დიდი ხანია, ის მედიასიგნალის გავრცელებისთვისაც გამოიყენება. შესაბამისად, რთულია გარჩევა, რა პრინციპით შეგვიძლია განვასხვაოთ თანამგზავრული მაუწყებლობა ინტერნეტმაუწყებლობისგან, გარდა ტექნოლოგიური განსხვავებისა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ ტრადიციული მაუწყებლების გვერდით ახალი, სერიოზული ალტერნატივის გამოჩენა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თანამგზავრული სისტემით მაუწყებლობის მარეგულირებელი ნორმები არაგონივრულად ან არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ უცხოური ტელევიზიები თანამგზავრის მეშვეობით საქართველოში

უპრობლემოდ, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე მაუწყებლობენ, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გაუგებრად გამოიყურება.

საერთო ჯამში, ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა. 2015 წლიდან საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იგეგმება, ციფრული მაუწყებლობის დროს კი „ძველ სიგნალს” ციფრული სიგნალი ცვლის.

ციფრული სიხშირის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ტრადიციული საეთერო სიხშირეებისგან განსხვავებით, პრაქტიკულად, შეუზღუდავია. აქედან გამომდინარე, 2015 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს, შესაძლოა, კიდევ ერთხელ მოუწიოს ამ თემასთან დაბრუნება და საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის კონსტიტუციურობის საკითხის განხილვა – ამჯერად უკვე სასამართლოს მიერვე შექმნილი პრეცედენტის საფუძველზე.

 

კომენტარები