რუსეთი

კირილმა ჯადოქრებზე ნადირობის სეზონი გახსნა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წინა კვირას უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღო. ცირკულარში ნათქვამია, რომ ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ მიზანმიმართული საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. უმაღლესმა იერარქიამ დოკუმენტის ყველა ამბიონიდან წაკითხვა ბრძანა.

„ანტიეკლესიურ ძალებს მართლმადიდებლობის გაძლიერება და ნაციონალური თვითშეგნების გამოღვიძება აშინებთ... მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ძალაუფლებას ფლობს და მზადაა ფინანსური, საინფორმაციო და ადმინისტრაციული რესურსი იერარქებისა და სასულიერო პირების დისკრედიტაციისთვის გამოიყენოს”, ნათქვამია დოკუმენტში. კირილის აზრით, ამ ძალებს „აგრესიული ლიბერალიზმის” ცრუ ფასეულობათა გამავრცელებლებიც მიეკუთვნებიან. მათ წინააღმდეგ, მოსკოვის საპატრიარქო 22 აპრილს შეკრებს მრევლს, რომელიც დედაეკლესიას „ლოცვით თანადგომას” გამოუცხადებს.

ცირკულარის მიღება კრიტიკის წინააღმდეგ მრევლის დასარაზმად დასჭირდათ. ამას წინ უძღოდა გახმაურებული შემთხვევა პანკჯგუფ Pussy Riot-თან დაკავშირებით. პანკმომღერლებს, რომელთაც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, კირილმა პირადად უწოდა დემონთა საყვირი და ის მართლმადიდებლებიც დაგმო, ვინც ეკლესიის პოზიცია ბოლომდე არ გაიზიარა.

კირილმა ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ პუტინს ღიად დაუჭირა მხარი და, როგორც შეფასდა – ღმერთის შემდეგ მეორე კაცად გამოაცხადა. ხოლო იმისთვის, რომ პუტინს მისთვის მესამე კაცობა კვლავ ებოძებინა, ყველას ანახა, რომ არც პუტინისა და არც პირადად მის შეურაცხყოფას შენდობა არ ექნება. თუმცა ამ ნაბიჯის შემდეგ გაირკვა, რომ დასასჯელი სამიზნე ზედმეტად უსუსურად გამოიყურება და ეკლესიას, ჩაგრულის ნაცვლად, მჩაგვრელად აჩენს. ახალი დოკუმენტი სწორედ ამ შეცდომის გამოსწორებას ემსახურება, გოგონების მნიშვნელობას აზვიადებს და ცდილობს, ისინი ანტიეკლესიური კამპანიის პირველ მერცხლებად წარმოგვიდგინოს.

ცოტა ხნის წინ, კირილი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია – ცნობილი გახდა, რომ მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს იცრუა, როცა თქვა, რომ 28-36 ათას ევრომდე ღირებულების საათს არ ატარებს. ბლოგერებმა საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე აღმოაჩინეს, რომ პატრიარქის ერთ-ერთი ფოტო დამუშავებულია და მისი ხელიდან წაშლილია საათი, რომელსაც მაგიდის გლუვი ზედაპირი ირეკლავს. ამის შემდეგ კირილის განცხადება, რომ „მისი მოკრძალებული პერსონის მისამართით” გამიზნული შეტევა მიმდინარეობს, ღიმილისმომგვრელად იქცა.

აქ პრინციპულად ახალი არაფერია. იზოლაციონისტური რელიგიური ორგანიზაცია ხშირად ირჩევს ოპონენტების დემონიზების გზას. თუ საქართველოს ეკლესიისთვის 2009 წელს, საზოგადოების ნაწილის მიერ გაგზავნილ კითხვებს გავიხსენებთ, იდენტურ შეფასებებს წავაწყდებით. საპატრიარქომ თქვა, რომ ხელმომწერებს „საზოგადოების ნაწილად” არ მიიჩნევს. ისინი გაურკვეველი „მტრული ძალების” ნაწილად გამოიყვანეს. „დემონების” წინააღმდეგ მრევლი დაირაზმა და ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, ძალის დემონსტრირება სცადა.

იერარქიამ მაშინაც და ახლაც, საქართველოშიც და რუსეთშიც, ზოგადი სიტყვების გამოყენებით სამწყსოს უთხრა, რომ არსებობენ მტრული ძალები – ფსევდოლიბერალები, რომელთაც საზოგადოების ფასეულობათა სისტემის თავდაყირა დაყენება სურთ. მაგრამ ერთია, შექმნა მტრის ხატი კონკრეტული ადამიანებისგან, ხოლო მეორე და უარესია, შექმნა მტრის კონტურები, სადაც მრევლის ნებისმიერ წევრს, გემოვნების მიხედვით, ნებისმიერში შეუძლია ეკლესიის მტრის ამოცნობა. ეს კონტურები, სამწუხაროდ, დასავლური ცივილიზაციის ფასეულობებს ემთხვევა.

 

კომენტარები