მდიდარი ადამიანები

მდიდარი ადამიანის სტერეოტიპში გაჩენილი ბზარი

ბევრს ჰგონია, რომ თუ მდიდარი ხარ, მაშინ ყოფითი პრობლემები არ გაწუხებს, ფეხი ფეხზე გაქვს გადადებული, არაფერს აკეთებ და უდარდელად ცხოვრობ. ნობელის პრემიის ლაურეატმა, ეკონომისტმა დანიელ კაჰნემანმა ეს სტერეოტიპი თავისი კვლევით მნიშვნელოვნად შეარყია.

აღმოჩნდა, რომ მდიდარი ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს აუცილებელი საქმეების კეთებას უთმობენ: ისინი, ღარიბებთან შედარებით, თითქმის ორჯერ ნაკლებად დადიან საყიდლებზე, ატარებენ დროს ოჯახთან ან ვარჯიშობენ. ბლეკბერიზე მიჯაჭვულები, ინტერნეტქსელში დაკარგულები და საქმიანი ვიზიტებით გადატვირთულები, ხშირად სტრესულ მდგომარეობაში ვარდებიან. მათი განტვირთვის მთავარი საშუალება ფეხების მასაჟია: კვლევამ აჩვენა, რომ წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანები დროის მეხუთედს სწორედ ამგვარ რელაქსაციას უთმობენ.

კაჰნემანის და მისი კოლეგების კვლევიდან კარგად ჩანს – თუ ადამიანს სურს, დაგროვილი სიმდიდრე არა მხოლოდ შეინარჩუნოს, არამედ გაზარდოს კიდეც, მუდმივად უნდა მუშაობდეს. ამის მთავარი მიზეზი გლობალური კონკურენციაა. ფაქტია, რომ ყველაზე მომგებიან მსხვილ ინვესტიციებს, როგორც წესი, თან ახლავს საკმაოდ მაღალი რისკი, მოგების მისაღებად კი ინვესტორებს ამ რისკების სწორად დაბალანსება, ბევრი ფიქრი და შრომა სჭირდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ კაჰნემანის და მისი კოლეგების მსჯელობა ლოგიკურია, უდარდელი მილიონერის სტერეოტიპი საზოგადოებაში მაინც გამჯდარია. ამის მთავარი მიზეზი გამდიდრებასთან დაკავშირებული ინფანტილური ილუზიებია. კვლევა აჩვენებს, რომ გამდიდრება თავისთავად არ შეიძლება იყოს ერთადერთი მიზანი. მიზანი საქმის წარმატებით კეთებაა, სიმდიდრე კი – ამის შედეგი. მეტიც, ვინც მუდმივად გამდიდრებაზე ოცნებობს, სულ იმის წარმოდგენაშია, როგორ მოვა დრო, როცა საკუთარ სახლში ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის ყურებით დატკბება, სპორტის სხვადასხვა სახეობებით გაერთობა და, ზოგადად, ფუფუნებაში იცხოვრებს.

აღმოჩნდა, რომ ვისი შემოსავალიც წელიწადში საშუალოდ 20 ათასი აშშ დოლარია, თავისუფალი დროის მესამედს პასიურ დასვენებაში ატარებს. ამ ადამიანებისთვის დასვენების ყველაზე პოპულარული ფორმა ტელევიზორის ყურებაა.

 

კომენტარები