ფოკუსი

ლაზიკა – შესაძლებლობა და გამოწვევა

0 კომენტარი

„გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ ახალი დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას”, – შეგვატყობინა საქართველოს პრეზიდენტმა მისთვის ჩვეული შემართებით გასული წლის მიწურულს და დაგვპირდა, რომ ამ ქალაქში სულ რაღაც ათ წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანი იცხოვრებს. ახალი ამბავი შეუმჩნეველი თითქმის არავის დარჩენია – როგორც ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით თებერვალში ჩატარებული კვლევა მოწმობს, ლაზიკის შესახებ მოსახლეობის 84%-ს აქვს გაგონილი. თუმცა ერთია რამდენმა გაიგო და მეორე რა გავიგეთ – გარდა იმისა, რაც ზემოთ ვთქვით, ვიცით ის, რომ ლაზიკაში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა პროექტის დასაფინანსებლად, წელიწადში 50 მილიონი ლარის ოდენობით. საღი აზრიც საკმარისია იმის დასადგენად, რომ ეს თანხა ზღვაში წვეთია იმ მასშტაბის პროექტისთვის, რაზეც სააკაშვილი საუბრობს. მაგრამ ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ დანარჩენს ინვესტორები გაიღებენ. რატომ მოაწყდებიან ინვესტორები ლაზიკის ასაშენებლად, განსაკუთრებით გაგანია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე – არავის აუხსნია.

მთავრობას პასუხი არც იმ კითხვაზე გაუცია, თუ “რატომ ახალი ქალაქი, როცა ძველებისთვის ვერ მიგვიხედავს”. არც ის ვიცით, საიდან მოდის 10 წელიწადში ნახევარი მილიონი მოსახლე და რატომ, მაშინ როდესაც, მაგალითად, ჩიკაგოს ამ ნიშნულის მისაღწევად 47 წელი დასჭირდა. თუმცა NDI-ს კვლევითვე დგინდება, რომ იმას, რაც ლაზიკის შესახებ ვიცით, მოსახლეობის 59% დადებითად აფასებს.

ამ საკითხის პირველი საჯარო განხილვა რამდენიმე დღის წინ შედგა თავისუფალი უნივერსიტეტისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე იყო პრეზიდენტების – რეიგანის და უფროსი ბუშის თანაშემწე მაიკლ კლუგმანი. თავის დროზე, ის თეთრ სახლში ლათინური ამერიკის საკითხებზე მუშაობდა, ხოლო დღეს ამავე რეგიონში დამოუკიდებელი კონსულტანტის რანგში მოღვაწეობს. მაიკლ კლუგმანმა თავისი შეხედულებები ახალი ქალაქების კონცეფციაზე ტაბულას გაუზიარა:

ამას წინათ New York Times-ის ჟურნალისტს ვესაუბრე და მალევე მივხვდი, რომ მას ახალი ქალაქის შექმნა სამშენებლო სამუშაოებად წარმოედგინა. ეს არასწორია. ეს ქალაქი იურისდიქციად უნდა წარმოვიდგინოთ. როდესაც რონალდ რეიგანმა ამერიკა მთაზე მოელვარე ქალაქს შეადარა – მას ბეტონსა და რკინაზე სულაც არ უფიქრია, პრეზიდენტმა მაგნიტივით მიმზიდველი ადგილი იგულისხმა, რომელიც ღირებულებებით, იდეებით და ინსტიტუტებით იზიდავს.

ახალი ქალაქი ინვესტიციებისთვის, საცხოვრებლად და სამუშაოდ ხელსაყრელი უნდა იყოს. ის კერძო კაპიტალის ხარჯზე უნდა განვითარდეს. ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, თუ გვსურს ახალმა ქალაქმა ეკონომიკური ძრავის ეფექტი შეიძინოს და ქვეყნის ბიუჯეტს ტვირთად არ დააწვეს. სხვა შემთხვევაში მივიღებთ ბრაზილიას ან ასტანას. იქ მთავრობა აშენებს, იმიტომ რომ არ არსებობს იდეა და ინსტიტუტები, რომლის გამოც შენებაში მონაწილეობის მიღების სურვილი კერძო ინვესტორებს გაუჩნდებათ. ქალაქი ხალხმა უნდა ააშენოს. ისეთმა ხალხმა, რომელსაც შექმნა და შენება უნდა. მარტო ამ გზით შეიძენს ის სიცოცხლისუნარიანობას.

მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონად ქცევა ლაზიკის შემთხვევაში საკმარისი არ იქნება – ასეთი ტერიტორიები გაქვთ და მათი რიცხვი განუხრელად იზრდება. გარდა ამისა, თქვენ ისედაც კარგი პოზიცია გიჭირავთ მსოფლიო ბანკის რეიტინგსა და ეკონომიკური თავისუფლების სხვა ინდექსებში. ამ მხრივ თქვენი კონკურენტუნარიანობა საკმარისად მაღალია და მეტი თავისუფლება ბევრს არაფერს მოიტანს. რაღაც ახალია საჭირო.

ამასთან, დაბალი გადასახადის მქონე ზონა მსოფლიოში ბევრია, მაგრამ ასეთ ადგილებში ინვესტირებული ფულის ოდენობა მთლიანობაში დიდი არ არის. კაპიტალი ძირითადად იმ ქვეყნებში მიდის, სადაც უკეთესი სასამართლო, ეფექტიანი მთავრობა და პოლიტიკური სტაბილურობაა უზრუნველყოფილი. ამ ელემენტების გარეშე მსხვილ ინვესტიციებს ვერ მოიზიდავთ. ამიტომ

მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი იურისდიქცია, სადაც ინვესტორს სტაბილურობის მაქსიმალური განცდა ექნება, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური, ისე ადმინისტრაციული და პოლიტიკური თვალსაზრისით.

რეფორმების შედეგად ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და საჯარო ადმინისტრაციის დახვეწის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ამ კუთხით ლაზიკა კარგ სასტარტო პირობებშია. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, აქ დამატებითი გარანტიები იქნება საჭირო.

საქართველომ სასამართლო სისტემის დახვეწის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. დღეს, თქვენ ბევრ ქვეყანაზე უკეთესი სასამართლო გაქვთ. მაგრამ ინვესტორი მას არ იცნობს, გაცნობა ეზარება, არ არის დარწმუნებული, რომ დავის შემთხვევაში ადგილობრივ ინტერესთა ჯგუფებთან თანაბარი პირობები ექნება. ამიტომ, ლაზიკაში ინვესტირების მსურველებს უნდა შეეძლოთ, სამართლებრივი დავები იმ სისტემაში გადაწყვიტონ, რომელსაც იცნობენ და ენდობიან.

ასეთი გამოცდილება არსებობს – დუბაი. მის დამფუძნებლებს სურდათ ეს ქალაქი საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად ქცეულიყო. მაგრამ, ვინ გარისკავდა დიდი ოდენობით ფულის ისეთ ქვეყანაში ჩადებას, სადაც გარანტია იმისა, რომ ადგილობრივ გავლენიან პირთან დაპირისპირების შემთხვევაში თანაბარ პირობებში აღმოჩნდები, არ გაქვს? ამიტომ, ადგნენ და ახალი სასამართლო შექმნეს, სადაც საუკეთესო რეპუტაციისა და გამოცდილების მქონე ჰონ კონგელი და ბრიტანელი გადამდგარი მოსამართლეები მიიწვიეს. ამასთანავე, ისინი დავების გადაწყვეტისას არა ადგილობრივი, არამედ ბრიტანული სამართლით ხელმძღვანელობენ, რომელიც ბიზნესწრეებისთვის ყველაზე კარგად ნაცნობია და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს.

მსხვილი კონტრაქტების შემთხვევაში სასამართლო დავის ადგილი ისედაც შეთანხმებით განისაზღვრება. მხარეები წინასწარ ირჩევენ ლონდონის არბიტრაჟს ან პარიზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატას. მაგრამ რა ქნას საშუალო მასშტაბის ინვესტორმა, ან ადგილობრივმა მეწარმემ?

სასამართლო სისტემის ქვეყნიდან გატანა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც თანაბარ და სამართლიან პირობებს შექმნის. ბრიტანელი მოსამართლისთვის ქართველი გავლენიანი და რიგითი მოქალაქე უფრო თანაბარია, ვიდრე ადგილობრივისთვის.

შესაბამისად, ლაზიკის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი ისაა, თუ რამდენად შეძლებთ ინვესტორთა დარწმუნებას. ისინი, როგორც წესი, რისკზე მიდიან, თუ იციან რა ტიპის რისკი შეიძლება შეხვდეთ. თუ არ არიან დარწმუნებულნი, რომ ერთ დღეს მთავრობა მათი ქონების კონფისკაციას არ მოახდენს, მით უფრო, რომ ასეთი რამ ბევრ ქვეყანაში ხდება, ინვესტორთა ყურადღების მიპყრობა რთული იქნება.

დღეს, ახალი – 21-ე საუკუნის ქალაქის პროექტს ჰონდურასი ახორციელებს. გვატემალა ფიქრის სტადიაშია. თქვენს რეგიონში მსგავსი არაფერი არსებობს, მაგრამ ლაზიკას აქვს პოტენციალი, ასეთად იქცეს.

21-ე საუკუნის ქალაქის პროექტის განხორციელება სჯობს ნულიდან დაიწყოს. არსებულის ტრანსფორმირება ბევრად რთულია. ძველი

ქალაქების უმრავლესობა ისე დაიგეგმა, მანქანა არავის ენახა. თბილისის ისტორიული შენობების დიდი ნაწილი იმ დროსაა აშენებული, როდესაც ელექტროენერგია არ არსებობდა. ახალი ქალაქის აშენებას ბევრი უპირატესობა აქვს, იმიტომ რომ ახალი ტექნოლოგიებით და თანამედროვე პირობების გათვალისწინებით შეგიძლია დააპროექტო.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ დაუსახლებელი მიწა იაფი ღირს. განსხვავებით არსებული ქალაქების უძრავი ქონებისგან. როდესაც კაპიტალს ასეთ პროექტში აბანდებ, ურბანიზაციის სწორად განვითარების შემთხვევაში, ძალიან დიდი მოგების შანსი ჩნდება. თუმცა, ამას შეიძლება 20-30 წელი დასჭირდეს.

თუ ლაზიკა 21-ე საუკუნის ქალაქი იქნება, მაშინ ის დუბაის გაუწევს კონკურენციას. თუმცა ბევრისთვის დუბაის თავისი მინუსები აქვს – კლიმატი ცუდია, ამას გარდა, ეს ქალაქი ევროპულ კულტურულ საზღვრებს მიღმაა. თქვენი მდებარეობა ამ თვალსაზრისით ბევრად ხელსაყრელია.

ურბანიზაციასა და ეკონომიკურ პროგრესს შორის კავშირი არსებობს. საგულისხმოა, რომ იმ ქვეყნებში, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს აღწევს, ქალაქად მინიმუმ 65% ცხოვრობს. თქვენთან ეს მაჩვენებელი ჯერ 50% არ გასცდენია. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ურბანიზაციის ტემპი გაიზრდება.

ამ პროცესს პრობლემებიც ახლავს თან. ცუდია, თუ მიგრაცია მხოლოდ ახალი ქალაქის მიმართულებით მოხდება. ეს დისპროპორციული განვითარების საფრთხეს გააჩენს. მიყვებოდნენ, რომ საბჭოთა სისტემაში, იმისთვის რომ მეტრო, ოპერა და 50 ათასკაციანი სტადიონი ჰქონოდა, ქალაქის მოსახლეობა მილიონი მაინც უნდა ყოფილიყო. ამიტომ ზრდიდნენ ქალაქებს ხელოვნურად, რომ ამ ობიექტებისთვის დაფინანსება მიეღოთ.

ალბათ ამით აიხსნება, რომ საქართველოში თბილისი დისპროპორციულად მრავალრიცხოვანია, ყველა დანარჩენი ქალაქი მასთან

შედარებით ძალიან პატარაა. მაშინ, როდესაც ქვეყნების უმეტესობაში ყველაზე დიდ ქალაქს, არცთუ ძალიან დიდი სხვაობით, მოსდევს მეორე, შემდეგ მესამე.

გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება – ლაზიკა საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს მდებარეობს. საერთაშორისო ეკონომიკური ინტერესი ამ ტერიტორიას მეტად დაცულს გახდის. უფრო შორეულ პერსპექტივაში კი ისეთივე ეფექტი შეიძლება იქონიოს მეზობელზე, როგორიც ჰონგკონგმა მოახდინა ჩინეთზე. ყველა შიშობდა, რომ ჩინეთი თავისუფალ ჰონგკონგს მიიტაცებდა. სინამდვილეში მან დაინახა, რომ ჰონგკონგის მაგალითი მუშაობს, ამიტომ მასთან ახლოს გამოძებნა ტერიტორია, სადაც ჩინური სტანდარტით ცოტა, სულ რაღაც 100 ათასი მოსახლე ცხოვრობდა. დღეს ამ ქალაქის მოსახლეობა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება და უკვე 10 მილიონს შეადგენს. პროექტმა, როგორც ჩანს, იმუშავა, იმიტომ რომ შენჟენის კვალდაკვალ, ჩინეთში არაერთი თავისუფალი ქალაქი შეიქმნა.

ასე რომ, ლაზიკაზე როცა ვფიქრობ, ვერ გავურბივარ იმ აზრს, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ქალაქმა იგივე ეფექტი იქონიოს რუსეთზე, რაც ჰონგკონგმა მოახდინა ჩინეთზე. მგონია, რომ – კი!

სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ლაზიკა არა როგორც სამშენებლო პროექტი, არამედ როგორც იურისდიქცია განვიხილოთ. იმაზე ვიფიქროთ რა ტიპის პირობები შევქმნათ, რომ ინვესტორი ენდობოდეს მის ადმინისტრაციას, სასამართლოს და არ უფრთხოდეს პოლიტიკურ არასტაბილურობას.

თავის დროზე, მე რონალდ რეიგანთან ვმუშაობდი სფიჩრაითერად და არამხოლოდ. თბილისში მისი ძეგლი ვნახე – მომეწონა. ბუნებრივი ზომა მას ძალიან ჰუმანურს ხდის. როგორც წესი, ლიდერებს ფეხზე აყენებენ ხოლმე, რათა უფრო ძლევამოსილებად გამოჩნდნენ. ეს ზის, მოშვებული და კმაყოფილია, თითქოს მოსწონს საქართველოში რასაც ხედავს და დარწმუნებული ვარ, ლაზიკის იდეასაც მოიწონებდა. იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა და გამოწვევაა.

რონალდ რეიგანი პრეზიდენტობის განმავლობაში ყოველწლიურად აქვეყნებდა დატყვევებულ ერთა პროკლამაციას. ამ ერებს შორის იყო საქართველო, ბალტიისპირეთი, უკრაინა, პოლონეთი და ასე შემდეგ. მაშინ, აკადემიური წრეების რაფინირებული წარმომადგენლები წუხდნენ, რომ რეიგანი ცუდად იქცევა, რომ ასე არ შეიძლება, რომ ის წარსულში ცხოვრობს – საქართველო ხომ დამოუკიდებელი 1921 წლის შემდეგ არ ყოფილა.

ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ სინამდვილეში რეიგანი მომავალში ცხოვრობდა. მათ ხედვას რეალობა ზღუდავდა – საბჭოთა კავშირის სახით, განსხვავებით რონალდ რეიგანისგან, რომელიც ხვდებოდა და კრიტიკის მიუხედავად არ მალავდა, რომ ბოროტების იმპერია დაიშლებოდა, ხოლო ტყვე ერები გათავისუფლდებოდნენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები