ქართული ფეხბურთი

დევდარიანმა დინამო დატოვა

თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა კლუბის მფლობელთან რომან ფიფიასთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

“მივიღე გადაწყვეტილება დინამოს დატოვების თაობაზე. ამ ეტაპზე ჩემსა და ფეხბურთელებს შორის არ შედგა კომუნიკაცია, ჩვენ სხვადასხვა განზომილებაში ვიმყოფებით. წლების მანძილზე ბავშვებთან მუშაობის შედეგად, ფეხბურთელების მხრიდან მიჩვეული ვიყავი სათამაშო დისციპლინის სრულ მორჩილებას, რაც ამ შემთხვევაში ვერ მოვახერხე. ძალიან გამიჭირდა წლების მანძილზე ჩემს გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრებზე უარის თქმა, მაგრამ წინ დინამო დავაყენე, ვინაიდან ძალიან მჯეროდა წარმატების. სამწუხაროდ მოლოდინი არ გამართლდა. როდესაც გუნდი ვერ აჩვენებს სათანადო შედეგს, ან მწვრთნელმა უნდა დატოვოს თანამდებობა, ან ფეხბურთელების ჯგუფმა. ამ შემთხვევაში გადავწყვიტე, რომ ჩემი წასვლა სწორი არჩევანი იქნებოდა. მე ისევ ვრჩები ქართული ფეხბურთის სამსახურში,” - განუცხადა დევდარიანმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.

გუნდიდან წავიდა ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ნემსაძეც. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი დევდარიანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში გუნდს დევდარიანის თანაშემწე ნესტორ მუმლაძე უხელმძღვანელებს.

გიორგი დევდარიანი დინამოს მთავარ მწვრთნელად წლის დასაწყისში, ესპანური შეკრების მიწურულს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საწყისი 4 მატჩი მოიგო, მომდევნო 7 შეხვედრა კი ფრედ დაასრულა.

ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდი ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან ქუთაისის ტორპედოს 2 ქულით ჩამორჩება.

თბილისის დინამოს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები