ვენესუელა

უჩავესოდ

0 კომენტარი

ვენესუელაში 7 ოქტომბრისთვის საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. ამჟამინდელი პრეზიდენტი და ერთიანი სოციალისტური პარტიის ლიდერი უგო ჩავესი მოსახლეობაში კვლავ პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ქვეყნის კიდევ ერთი ვადით მართვას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებს. სხვადასხვა გათვლების მიხედვით, ლიდერს 8-12 თვის სიცოცხლე დარჩა, მისმა პოლიტიკიდან წასვლამ კი შეიძლება ქვეყანაში არეულობა გამოიწვიოს.

ქვეყნის პირველი პირი სიმსივნეს ებრძვის. ჟურნალისტ ნელსონ ბოკარანდას ცნობით, რიგით მესამე ქიმიური თერაპიის შემდეგ კუბელი ექიმები ჩავესის მდგომარეობას ძალიან სერიოზულად მიიჩნევენ. გავრცელებული ინფორმაციით, კუბელმა ექიმებმა თავიანთი შესაძლებლობები ამოწურეს და მდგომარეობის დამძიმების გამო ლიდერს მკურნალობის გაგრძელება ბრაზილიაში მოუწევს. უსაფრთხოების არასათანადო ზომების გამო, პრეზიდენტი სან პაულოს საავადმყოფოში თერაპიის კურსზე დღემდე უარს ამბობდა.

თავად ჩავესი ამტკიცებს, რომ განიკურნა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის ექვსი წლით გაძღოლას მოახერხებს. თუმცა გასულ კვირას, რელიგიურ მსახურებაზე მან ღმერთს სიცოცხლის გახანგრძლივება სთხოვა, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სპეკულაციებს პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ.

ვენესუელა რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლით (30%) გამოირჩევა. ამასთან, ქვეყანა განიცდის პირველადი მოხმარების პროდუქტების ნაკლებობას და მაღალია როგორც დანაშაულის, ისე კორუფციის დონე. ყოველივე ამას კი ოპოზიციის, დემოკრატიული გაერთიანება MUD-ის, ახალგაზრდა კანდიდატი, მემარჯვენე ცენტრისტი ენრიკე კაპრილესი თავისი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებს. მან უკვე დაიწყო აქტიური საარჩევნო კამპანია და ელექტორატს ძირეული რეფორმების გატარებას ჰპირდება. კერძოდ, ხელისუფლების შტოების დანაწილებას, მმართველი პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნას და ეკონომიკურ საკითხებში პოლიტიკური ჩარევის შემცირებას.

ამის წყალობით ჩავესის ოპონენტი მოსახლეობის მზარდი მხარდაჭერით სარგებლობს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, კაპრილესს მოქალაქეების 31% ემხრობა, მაშინ როცა ჩავესის რეიტინგი 50%-იანი მაჩვენებლიდან 44%-მდეა შემცირებული. მიუხედავად ამისა, ბევრი სკეპტიკურად უყურებს ახალგაზრდა ოპოზიციონერის გამარჯვების შანსებს, რისი მიზეზიც ჩავესის გარემოცვის ინტერესებია.

ამ გარემოცვაში ორი ჯგუფი დომინირებს. აქედან ერთი ვენესუელაზე გამავალი ნარკოტრაფიკის ქსელის მაკონტროლებელი ეროვნული გვარდიითაა დაკომპლექტებული, მეორე კი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის მქონე ნავთობრესურსებით ზურგგამაგრებული ბიზნესელიტა გახლავთ.

ეს ჯგუფები აკონტროლებენ მედიას, ბიზნესს და ადმინისტრაციულ რესურსს. ნავთობიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს ხელისუფლება სოციალურ პროგრამებზე ხარჯავს, რაც მას ღარიბი მოსახლეობის მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

ამ ორი დაჯგუფების მთავარ გამაერთიანებელ რგოლს სწორედ ქვეყნის პირველი პირი წარმოადგენს. მისი წასვლა ორ კლანს შორის პოლიტიკურ და, ზოგის ვარაუდით, შეიარაღებულ დაპირისპირებასაც კი გამოიწვევს.

მსგავსი უსიამოვნებების ასაცილებლად ჩავესის გარემოცვა უკვე ცდილობს, რომ ლიდერის გარდაცვალების შემდეგ მდგომარეობა არ აირიოს. ერთ-ერთ სცენარად ანალიტიკოსები ჩავესის მოადგილის ან შემცვლელის დასახელებას განიხილავდნენ, მაგრამ ეს ვარიანტი უკვე გამოირიცხა – მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად კვლავაც ჩავესი დაასახელა. თუმცა დაირხა ხმები, რომ ხელისუფლება და ელიტა ამ ნაბიჯით ახალი კანდიდატის საპოვნელად საჭირო დროის მოგებას ცდილობენ. ამ ვერსიის მიხედვით, დღევანდელმა ლიდერმა არჩევნებამდე უნდა იცოცხლოს, გამარჯვების შემდეგ კი სხვა მისაღები კანდიდატით ჩაანაცვლებენ. მიუხედავად ყველაფრისა, ახალი კანდიდატის ლეგიტიმურობის საკითხი კვლავაც ღიად დარჩება, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩავესის ავტორიტეტის ჩანაცვლება მარტივად მოხერხდეს.

როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში დაძაბულობა მოიმატებს და ბევრი იქნება დამოკიდებული როგორც მმართველ ელიტაზე, ისე მოსახლეობის არჩევანზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები