სერბეთი

ტადიჩი მესამედ მოსვლისთვის ემზადება

0 კომენტარი

აპრილს სერბეთის უკვე ექსპრეზიდენტმა ბორის ტადიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება და მეორე დღეს პოსტი ოფიციალურად დატოვა. საპრეზიდენტო არჩევნები 6 მაისისთვის დაინიშნა და ის საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდება.

ტადიჩს პრეზიდენტის პოსტზე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. გადადგომით ის თავისი დემოკრატიული პარტიისთვის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების შანსების გაზრდას იმედოვნებს. ტადიჩი საკუთარ პარტიაზე უფრო პოპულარულია – მისი რეიტინგი 41 პროცენტია, ხოლო კონკურენტის, ტომისლავ ნიკოლიჩის – 33.5%. პარტიებს შორის, ნიკოლიჩის სერბეთის პროგრესული პარტია ლიდერობს 33 პროცენტით, დემოკრატიულ პარტიას კი ამ მომენტში მოსახლეობის 29% ემხრობა.

მარტში ევროკავშირმა სერბეთს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა და პროდასავლური ტადიჩის წინასაარჩევნო კამპანიაც სწორედ ევროინტეგრაციაზე იქნება აგებული. ექსპრეზიდენტს ოპონენტები ევროკავშირის სანაცვლოდ კოსოვოს დათმობაში ადანაშაულებენ, თუმცა მან გადადგომისას განაცხადა, რომ ევროკავშირისკენ სწრაფვის მიუხედავად, კოსოვოს სუვერენიტეტს არასდროს აღიარებს. ოპტიმისტური პროგნოზით, ევროკავშირთან მიერთებაზე მოლაპარაკებები შეიძლება უკვე დეკემბერში დაიწყოს, მაგრამ სერბეთის ევროკავშირში შესვლა, რიგი ეკონომიკური საკითხების გარდა, კოსოვოსა და მის ჩრდილოეთში მდებარე სერბებით დასახლებულ რეგიონებში (რომელსაც პრიშტინა ვერ აკონტროლებს) მოვლენების განვითარებაზეცაა დამოკიდებული.

ტომისლავ ნიკოლიჩი მესამედ ეცდება ტადიჩის დამარცხებას. საპრეზიდენტო მარათონი მან პირველად 2004 წელს წააგო, 2008-ში პირველი ტური მოუგო, თუმცა მეორეში დამარცხდა. პრორუსული პოლიტიკოსის რეპუტაციის მქონე ნიკოლიჩი 2008 წლამდე ულტრანაციონალისტური სერბეთის რადიკალური პარტიის წევრი იყო, 1998-1999 წლებში კი სლობოდან მილოშევიჩის მთავრობაში ვიცეპრემიერის თანამდებობა ეკავა. მისი გამარჯვების შემთხვევაში, მიმომხილველთა ნაწილი ვარაუდობს, რომ სერბეთს დასავლეთთან ურთიერთობები გაუფუჭდება და პროდასავლურ პოლიტიკურ კურსს პრორუსულით ჩაანაცვლებს. წინასაარჩევნოდ ის უკვე რამდენჯერმე სტუმრობდა მოსკოვს, თუმცა ნიკოლიჩი ცდილობს, მკვეთრად პრორუსული იმიჯი შეიცვალოს. მაგალითად, მან თქვა, რომ ევროკავშირში შესვლას ემხრობა, მაგრამ ეს კოსოვოს დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ნიკოლიჩი და მისი პროგრესული პარტია, რომლებიც ტადიჩის მთავრობას ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებსა და კორუფციაში ადანაშაულებენ, წინასაარჩევნოდ უმუშევრობის დაძლევასა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრაზე კონცენტრირდებიან.

ტადიჩისა და ნიკოლიჩის გარდა, სერბეთის პრეზიდენტობა სურთ სოციალისტური პარტიის ლიდერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს ივიცა დაჩიჩს, იუგოსლავიის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტსა (2000-2003) და სერბეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს (2004-2008) ვოისლავ კოშტუნიცას, ლიბერალ დემოკრატიული პარტიის ლიდერს ჩედომირ იოვანოვიჩს და სერბეთის გაერთიანებული რეგიონების პარტიის წევრს, ჯანმრთელობის მინისტრს ზორან სტანკოვიჩს. კიდევ ერთი კანდიდატი იქნება პროვინცია ვოივოდინას უნგრელთა ალიანსის ლიდერი იშტვან პაშტორი, რომელმაც 2008 წელს ხმათა 2.3% მოაგროვა. კანდიდატების სიმრავლის მიუხედავად, ანალიტიკოსები მთავარ ბრძოლას ტადიჩსა და ნიკოლიჩს შორის ვარაუდობენ.

უფრო დაძაბული იქნება საპარლამენტო არჩევნები, სადაც, სავარაუდოდ, ვერცერთი პარტია ვერ მოახერხებს ხმათა უმრავლესობის მოპოვებას. გამარჯვების მთავარი პრეტენდენტები იქნებიან დემოკრატიული და პროგრესული პარტიები. მიმომხილველთა აზრით, პროგრესულ პარტიას ოპოზიციიდან მთავრობაში გადანაცვლებისთვის დემოკრატთა სულ მცირე 6-7 პროცენტით დამარცხება ესაჭიროება. ტადიჩის პარტია, ალბათ, ადვილად იპოვის კოალიციურ პარტნიორს და უპრობლემოდ აღმოფხვრის შედარებით მცირე ჩამორჩენას.

საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, ტადიჩი შესაძლოა პრემიერი გახდეს. ექსპრეზიდენტების გაპრემიერების მაგალითები უკვე არსებობს რუსეთში (ვლადიმირ პუტინი 1999-2008 წლებში პრეზიდენტი, 2008-2012 წლებში პრემიერი, 2012 წლიდან ისევ პრეზიდენტი), ლიტვაში (ალგირდას ბრაზაუსკასი 1993-1998 წლებში პრეზიდენტი, 2001-2006 წლებში პრემიერი) და პაკისტანში (ზულფიკარ ალი ბჰუტო 1971-1973 წლებში პრეზიდენტი და 1973-1977 წლებში პრემიერი). ხოლო სერბეთის მეზობელ მონტენეგროში (რომელიც სერბეთს 2006 წელს გამოეყო) ფილიპ ვუიანოვიჩი ჯერ პრემიერ-მინისტრი (1998-2002) იყო, 2002 წლიდან კი პრეზიდენტია.

გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა არჩევნები კოსოვოს ჩრდილოეთში სერბებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. ერთი ვერსიით, შესაძლოა აქ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, მაგრამ ადგილობრივი – არა. კოსოვოს ხელისუფლება ამ რეგიონებს ვერ აკონტროლებს, თებერვალში გამართულ (იურიდიულად სავალდებულო ძალის არმქონე) რეფერენდუმზე კი ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიშტინის ხელისუფლების აღიარებაზე უარი თქვა.

ტადიჩს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად გამართვით საშუალება მიეცემა, რომ ისინი ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ რეფერენდუმად აქციოს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსმა მას სულზე მიუსწრო, თუმცა წინასაარჩევნო გამოკითხვები ცხადყოფს – მოსახლეობისთვის მთავარი თემები არა ევროკავშირი ან კოსოვო, არამედ 20-პროცენტიანი უმუშევრობა და ეკონომიკური კრიზისია. 2004 და 2008 წლების არჩევნები ტადიჩმა ძალიან პატარა უპირატესობით მოიგო და ახლაც დანის პირზე მოუწევს გავლა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები