ავღანეთი

მოცეკვავე ბიჭები

ავღანეთში საგრძნობლად გაიზარდა ეგრეთ წოდებული მოცეკვავე ბიჭების, იგივე ბაჩა-ბაზების რაოდენობა. ბაჩა-ბაზი სპარსულიდან ითარგმნება, როგორც ბიჭებთან თამაში და ამ „პროფესიის” ახალგაზრდები ნამდვილად არ არიან მხოლოდ უწყინარ თამაშებში ჩათრეულნი.

ბაჩა-ბაზის ტრადიცია უცხო არ არის ავღანური საზოგადოებისთვის და მისი ისტორიის ნაწილია, თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ის 80-იან წლებში გახდა, მაშინ, როცა ავღანელ მოჯაჰიდებს არასრულწლოვანი ბიჭები აყვანდათ სამხედრო შენაერთებში. სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა ქვეყნის სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ. მათი მმართველობისას ყველა სახის ჰომოსექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ბაჩა-ბაზისთანაც, სიკვდილით ისჯებოდა. იმის მიუხედავად, რომ კანონები დღევანდელი რეჟიმის პირობებშიც მკაცრად კრძალავს ქორწინებამდე სექსს და „სოდომურ ცოდვას”, ბაჩა-ბაზების ყოლის ტრადიცია არასდროს ყოფილა ასე მასშტაბურად გავრცელებული.

ტრადიციამ ფეხი განსაკუთრებით მოიკიდა სამხედრო მაღალჩინოსნებში, გავლენიან ბიზნესმენებსა და უბრალოდ მამაკაცებში, რომლებსაც ამის საშუალება აქვთ. საქმე ის არის, რომ ბაჩა-ბაზის პატრონობა გარკვეულ სოციალურ სტატუსთანაა დაკავშირებული და ბატონის პრესტიჟის ამაღლებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ უმეტესობამ, ვინც ახალგაზრდებს სექსუალურ ექსპლუატაციას უწევს, არც იცის საკუთარი კანონდარღვევის შესახებ. მთელ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული და მიუხედავად სახელმწიფო მოხელეების ოფიციალური განცხადებების და მკაცრი პოზიციისა, რეალურად არაფერი იცვლება. პირიქით, მდგომარეობა უარესდება კიდეც. ავღანეთის სასამართლო და პოლიციის სისტემაში გაბატონებული კორუფცია, ამ ტრადიციის მსხვერპლთ გამოსავალს არ უტოვებს და ისინი იძულებულნი არიან, „ცეკვა და თამაში” გააგრძელონ.

ამ პრობლემის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციები დიდ დაინტერესებას არ გამოხატავენ. ძირითადად, მათი ყურადღება ქალთა უფლებების დარღვევას ეთმობა, სექსუალურად ექსპლუატირებული ბიჭები კი დახმარების გარეშე რჩებიან. არ არსებობს რეალური სტატისტიკა, თუ რამდენი ახალგაზრდაა ამ საქმეში ჩართული, რადგან აღნიშნულ თემაზე ღიად არ საუბრობენ და „მოცეკვავე ბიჭების” ცხოვრებაში ღრმად ჩახედვა მხოლოდ რამდენიმე ინტერვიუს მეშვეობით შეგვიძლია.

როგორც წესი, ბიჭებს ღარიბი ოჯახებიდან არჩევენ, ვინაიდან ამ შემთხვევაში ოჯახს დამატებითი შემოსავლის წყარო უჩნდება და გადამყიდველს წინააღმდეგობასაც არ უწევს. ახალი პატრონი ბიჭს ჯერ ცეკვას ასწავლის და ყიდის, თუ ცეკვისთვის არ გამოდგება, მაშინ სხვა დანიშნულებით გამოიყენებენ. აუცილებელი პირობაა, ბიჭს წვერი არ ჰქონდეს, შესაბამისად, წვერის ამოსვლის შემდეგ მას აღარ მფარველობენ. იმაზეც შეიძლება ლაპარაკი, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ზოგიერთისთვის ბაჩა-ბაზის მოყვანა უფრო იაფია, ვიდრე ცოლის, რადგან ისლამის მიხედვით, ამ დროს პატარძლის ოჯახისათვის გარკვეული თანხაა გადასახდელი.

კომენტარები