ლონდონი 2012

ოლიმპიური ჰიმნი

0 კომენტარი

ოლიმპიური ჰიმნი საგუნდო კომპოზიციაა, რომელიც თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალებზე სრულდება.

1958 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგით 55-ე სესიაზე თამაშების ჰიმნი დამტკიცდა: დანიის პრინცის, აქსელის ინიციატივით, დელეგატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ჯერ კიდევ 1896 წელს, პირველ ოლიმპიადაზე შესრულებულ ჰიმნს.

ტექსტის ავტორი ბერძენი პოეტი კოსტას პალამასია, მუსიკა კი ასევე ბერძენს, სპირიდონ (სპიროს) სამარასს ეკუთვნის. მაშინ, XIX საუკუნის მიწურულს, მათი ნაწარმოები საუკეთესოდ კიდევ ერთმა ბერძენმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირველმა პრეზიდენტმა დემეტრიუს ვიკელასმა გამოაცხადა.

1896 წელს, ათენში გამართული თამაშები ამ ჰიმნით კი გაიხსნა, მაგრამ მომდევნო ოლიმპიადებზე ის აღარ შეასრულეს.

1932 წელს, ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე ამერიკელი ბრედლი კოლერის მელოდია დაუკრეს, ერთი წლის შემდეგ კი, ვენაში გამართულ სოკ-ის სესიაზე გამოცხადდა კონკურსი ახალი ოლიმპიური ჰიმნის შესაქმნელად.

1936 წლის 30 ივლისს საუკეთესოდ აღიარეს რიხარდ შტრაუსის კომპოზიცია, თუმცა მცირე ხნის შემდეგ სოკ-მა ოლიმპიური ჰიმნი საერთოდ გააუქმა.

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ყველაფერი თავიდან დაიწყო: კვლავ გამოცხადდა კონკურსი, მოისმინეს 40 ქვეყნიდან წარმოდგენილი 387 ნაწარმოები და გამარჯვებულად პოლონელი სპივაკი გამოაცხადეს. სოკ-ი პრობლემას ვერც ამჯერად გადაურჩა: სპივაკი ჰიმნის ყოველ შესრულებაში კოლოსალურ გასამრჯელოს ითხოვდა და მალე სოკ-ის აღმასრულებელმა საბჭომ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მერე 1958 წელიც დადგა...

ჰიმნის ორიგინალური ვარიანტი 2 წუთსა და 38 წამს გრძელდება. 1983 წელს შეიქმნა მოკლე, 63-წამიანი ვერსია.

მას შემდეგ ჰიმნი ზაფხულის და ზამთრის ყველა ოლიმპიადაზე სრულდება. ოფიციალურ ვერსიად ბერძნული და ინგლისური ვარიანტებია აღიარებული, თუმცა ოთხწლეულის მთავარი სპორტული მოვლენის მდიდარ ისტორიას არაერთი საინტერესო შემთხვევაც ახსოვს:

1964 წელს ტოკიოს ზაფხულის თამაშები იაპონურ ენაზე შესრულებული ოლიმპიური ჰიმნით დაიხურა.

1980 წელს, მოსკოვის თამაშების გახსნაზე კომპოზიცია რუსულად შესრულდა, დახურვისას კი ბერძნულად.

1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადის გახსნისას, ჰიმნის შემსრულებელმა ალფრედო კრაუსმა ტექსტის საწყისი ორი კუპლეტი კატალონიურ ენაზე შეასრულა, დანარჩენი კი ესპანურ-ფრანგულად. დახურვის ცერემონიალი ლეგენდარულმა პლასიდო დომინგომ დაამშვენა, რომელმაც ჰიმნი ესპანურად შეასრულა.

1998 წელს, იაპონიის ქალაქ ნაგანოში გამართულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მუსიკა ქალაქის ორკესტრმა დაუკრა, ტექსტი კი ბავშვთა ანსამბლმა იმღერა.

2006 წელს, ტურინის ზამთრის თამაშები ჰიმნის მოკლე ვარიანტით გაიხსნა და დაიხურა.

2008 წელს, პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ჰიმნი ორივე შემთხვევაში ბერძნულ ენაზე შესრულდა.

2010 წელს „თეთრი ოლიმპიადა” კანადის ქალაქ ვანკუვერში ჩატარდა. ჰიმნი ოლიმპიური მოძრაობის ერთდროულად ორ ოფიციალურ ენაზე – ინგლისური და ფრანგული – პირველად სწორედ მაშინ შესრულდა. მეაშა ბრუგერგოსმანმა თამაშების გახსნაზე, ხოლო ბენ ჰეპნერმა დახურვისას, ტექტის პირველი ორი, მეოთხე და მეექვსე კუპლეტები ინგლისურ ენაზე შეასრულეს, დანარჩენი – ფრანგულად...

სპირიდოს სამარასის მიერ ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს დაწერილი პარტიტურა დღეს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბბინაში ინახება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები