ჩოგბურთი

ვენუსის დაბრუნება

0 კომენტარი

გოგონების პრო ტური ინტერესს კარგავს. ერთჯერადი პირველი ნომრების (კაროლინ ვოზნიაცკი), სტაბილურად არასტაბილური დომინატორების (მაშა შარაპოვა, პეტრა კვიტოვა), ბავშვობაში ჩარჩენილი ნიჭიერი ბალასტების (მარია კირილენკო, იანინა ვიკმაიერი) ერთფეროვანი ტესტები უინტერესოა. გოგონების გარჩევები კარგავს თითქმის ყველაფერს და ურეიტინგო ამბებზე სპონსორებიც არ მიდიან. WTA გახუნებული და უინტერესოა.

რეიტინგის პირველი ნომერი ვიქტორია აზარენკაა. ჩოგბურთის ჯონი როტენი კვნესაში პირველია. ბელარუსი ჩოგბურთშიც მხეცია და თუ მოინდომებს, სადღაც, მარტინა ჰინგისის ტერიტორიაზე შევა. აზარენკამ იცის, რომ ნიჭით კვიტოვაზე უკან ზის და ჩოგბურთით, მონდომებით, ხვნეშით, ჩეხზე სერიოზულია.

ჩარლსტონში WTA აქტუალურ, საინტერესო, მოქნილ ტურნირად გადაიქცა. ჩარლსტონში სერენა და ვენუს უილიამსები დაბრუნდნენ.

ვენუსი შეიცვალა. ორი ოპერაციის, აწყობილი მუხლების, მხედველობის გაუარესების შემდეგ, უფრო სწრაფ და მოძრავ გოგოშკებთან მოგება გართულდა. ვენუსი ძველი სკოლაა და ახალი თაობა კორტზე საცვლის დემონსტრირებას უფრო ახდენს, ვიდრე ფორჰენდის. ახალი თაობა არ იზრდება ძველ თაობაზე და ვენუსი დღესაც წინა გენერაციის გიგანტებს იხსენებს.

ვენუსმა მეოთხედფინალამდე იარა. იქ ოზ სემ სტოსურს პირველი სეტი დაუტოვა (3:6), მეორე წაართვა (6:4) და მესამე ვერ აიღო (4:6). სტოსურმა სიცხეში, რთულ პირობებში იყოჩაღა და ვენუსმა ვერ ირბინა, დადგა.

უილიამსი დიდი გოგოა. 17 ივნისს 32 წლის ხდება. ფორმაშია, მაგრამ დაიღალა: „სეზონს დავხურავ და მერე მოვიფიქრებ, დავრჩე თუ თამაშს შევეშვა. სერენას თამაში უნდა, ბევრს ვარჯიშობს. თითქმის ყოველთვის ერთად ვვარჯიშობთ და ვხედავ, რომ ჩემი და მზად არის დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად. სერენა ჩემზე უკეთესია. კარიერით, გამძლეობით”.

ვენუსს ერთეულებში 43 ფინალი აქვს მოგებული. რესპექტაბელურია. ვენუსი და სერენა ერთმანეთზე ოცდასამჯერ გადიან და ცამეტ თამაშს პატარა და, სერენა იგებს.

ვენუსი: „აზარენკა აგრესიით იგებს და მომენტებში ელეგანტურია. შარაპოვა პოპულარულია, იცის მოგება და არ იცის, რომ ნიჭი ბოლომდე უნდა გამოიყენო. კვიტოვა არასტაბილურია. იქ, თავში, რაღაც უნდა გადაატრიალოს, სქემა შეცვალოს და ბევრს, ყველაფერს მოიგებს. სერენა – უილიამსია. ჩვენ ყველაფერს ვიგებდით და სერენა მალე რეალურად მიხედავს საქმეს”.

ვენუსი ჩავა უიმბლდონზე. ნიუ იორკშიც ჩაფრინდება და US Open რამდენიმე მაგარ კონტრაქტსაც მიიღებს. ვენუსი ყველა ტურნირის ჯეკპოტია.

ჩარლსტონამდე ის პირველი ასეულის ქვედა ეშელონში (7) ზის, გაკერილ სხეულს ასვენებს, ძველ დატვირთვას აჩვევს. უილიამსი ლეგენდაა და ერთფეროვანი WTA ყველგან წითელ ხალიჩას უგებს. ის არის ჩოგბურთის მერილ სტრიპი, რომელიც ხუთჯერ იგებს უიმბლდონს და კარიერული სარეკლამო ბონუსებით, უკვე 125 მილიონ დოლარზეა ასული. სერიოზულია. როჯერ ფედერერზე, ანდრე აგასიზე, რაფაელ ნადალზე, ყველა ჩოგბურთელზე სერიოზული. ვენუს უილიამსი ჩოგბურთის დაღლილი სახეა და ჩოგბურთმა სახე ჩარლსტონში დაიბრუნა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები