ფეხბურთი

რაული შალკედან მიდის

ესპანეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რაული გელზენკირხენის შალკე 04-ს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს: 34 წლის თავდამსხმელს 1 ივლისს ეწურება კონტრაქტი, გუნდი კი მის გახანგრძლივებას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროთასების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი (77 გოლი) კარიერას ყატარში გააგრძელებს.

მადრიდის რეალის ლეგენდა რაული გერმანულ კლუბში 2010 წლის ზაფხულში გადავიდა და მასთან ერთად შარშან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. შალკე 04-ის მაისურით ესპანელმა 96 ოფიციალურ მატჩში 39 გოლი გაიტანა, მათ შორის 27 ბუნდესლიგაში.

რაული, რომლის სანაკრებო კარიერა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ შეწყდა, შესაძლოა, ევროპის წლევანდელ პირველობაზე ვიხილოთ. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ვისენტე დელ ბოსკემ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, რაული პოლონეთ-უკრაინაში იახლოს. მწვრთნელის თქმით, წელს გელზენკირხენელთა მე-7 ნომერი ჩინებულ ფორმაშია და ევროპირველობაზე მისი თამაშის შანსიც დიდია.

ქვეყნის პირველი გუნდის მაისურით ვეტერანმა გოლეადორმა 102 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა. ის ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია დავიდ ვილიას შემდეგ.

კომენტარები