ზურაბ ჭიაბერაშვილი

კარგი საძირკველია ჩადებული

0 კომენტარი

მარტს საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრად ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა. მინისტრმა უკვე წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, სადაც საუბარია ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში არსებულ პრიორიტეტებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. უფრო დაწვრილებით, ამ საკითხებზე, ზურაბ ჭიაბერაშვილს ტაბულა ესაუბრა.

ერთი თვეც არ არის, რაც შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჩაიბარეთ. ბევრისთვის თქვენი გამოჩენა ამ პოსტზე, შესაძლოა, მოულოდნელიც იყო. ფლობთ თუ არა დაწვრილებით ინფორმაციას საქართველოში შესაბამისი სფეროების და არსებული პრობლემების შესახებ?

ბოლო ერთი თვის განმავლობაში შევხვდი მრავალ ადამიანს, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ასევე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს. ეს პერიოდი სრულიად საკმარისია იმ სპეციფიკის აღსაქმელად, რაზეც ჩვენი ჯანდაცვა, სოციალური დახმარების სისტემა დგას და საკმარისია ამ სფეროებში არსებული პრობლემების დანახვისთვისაც. რთული სფეროებია, მაგრამ იმედიანად ვარ განწყობილი, რადგან კარგი საძირკველია ჩადებული: სახელმწიფომ ჯანდაცვის სისტემის სადაზღვევო პრინციპებზე გადაყვანა შეძლო და ამის ბაზაზე დაიწყო ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განახლება. ჩვენ, პრაქტიკულად, მთელ საქართველოს ვფარავთ სრულიად ახალი ან რეაბილიტირებული საავადმყოფოებით, რითიც მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა უზრუნველვყავით. ძირითად გამოწვევად ფინანსური ხელმისაწვდომობა რჩება.

რა მექანიზმით აპირებთ ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდას?

აქ მნიშვნელოვანი, ეგრეთ წოდებული ოჯახების ქულათა შეფასების სისტემა ჩამოყალიბდა. ოჯახს შეაქვს განაცხადი და ეუბნება სახელმწიფოს, რომ თავს დაბალშემოსავლიან ან შემოსავლის არმქონედ თვლის და მისგან დახმარება სჭირდება. შემდეგ სოციალური აგენტი მიდის ოჯახში და მას გარკვეული კრიტერიუმების საფუძველზე აფასებს. მთლიანობაში, სისტემა მოქმედებს და მისი მეშვეობით 800 ათასზე მეტი ადამიანი სახელმწიფოსგან იღებს სოციალურ დახმარებას. ეს საკმაოდ ძლიერი მექანიზმია ყველაზე გაჭირვებულების დასახმარებლად.

სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტად სოციალურად დაუცველებისთვის შეფასების ქულათა სისტემის დახვეწასაც მოიაზრებთ. რა პრობლემები აქვს დღევანდელ სისტემას?

რეგიონებში სიარულისას ვნახე, რეალურად როგორ ცხოვრობს ხალხი, ვისაც სოციალურად ვეხმარებით. ჩვენი ამოცანაა, ამ ადამიანებს არა მხოლოდ დავეხმაროთ, არამედ შევქმნათ წინაპირობები, რომ სიღარიბიდან გამოვიდნენ. ამიტომ ქულათა შეფასების სისტემა კიდევ უფრო კარგად უნდა მოვარგოთ რეალობას. მაგალითად, საზღვრისპირა რაიონებში ასეთი პრობლემაა: დღევანდელი მოდელით, თუ ოჯახის რომელიმე წევრმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, ითვლება, რომ შემოსავალი აქვს და ქულები ისე მატულობს, რომ ოჯახმა შეიძლება სოციალური დახმარება დაკარგოს. შესაბამისად, ქულათა შეფასების სისტემაში საზღვრის კვეთის საკითხის გადახედვას ვფიქრობთ.

ხომ არ გამოიწვევს კრიტერიუმების გამარტივება იმას, რომ გაიზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა? თანაც, ქულათა სისტემა იდეალური ვერ იქნება და გარკვეული სტატისტიკური ცდომილება ნებისმიერ შემთხვევაში იარსებებს.

შეიძლება რაოდენობა ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც რეალურად უჭირს. სახელმწიფო ერთი მხრივ აცხადებს, რომ კომპიუტერი 21-ე საუკუნეში აღარ არის ფუფუნების საგანი, სჭირდებათ ბავშვებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ქულათა შეფასების სისტემაში კი კომპიუტერის ქონა ავტომატურად იწვევს ქულათა მატებას და ეს სოციალური ბაზიდან ამოვარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

სადავოა, თუ ვისი ბრალია, როდესაც ოჯახი ქულათა ზედა ზღვარს გადაცდება. ეკონომიკური ზრდის პირობებში საზოგადოებას სხვა ტიპის მოთხოვნები უჩნდება. მნიშვნელოვანია, სისტემა ფეხს უწყობდეს ჩვენს ცხოვრებას.

დავუბრუნდეთ ჯანდაცვის სფეროს. რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საავადმყოფოების პრივატიზებაა. ამ პირობებში, ინვესტორებს სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი აქტიურობა ხელს ხომ არ შეუშლის, რომ თავისუფლად აწარმოონ ბიზნესი და, შესაბამისად, საავადმყოფოების განვითარების მეტი სტიმული ჰქონდეთ?

პირიქით, სახელმწიფოს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვის წინაპირობა შექმნეს. როდესაც უბრალოდ სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საავადმყოფოები არსებობდა, ინვესტორი უნდა მოსულიყო, ჩაედო ფული და დალოდებოდა, როდის მოვიდოდა მის კართან პაციენტი. ამიტომ მას უჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა და გათვლა, დაიტვირთებოდა თუ არა საავადმყოფო.

სახელმწიფოს მიერ სოციალური ბაზის შექმნით და ამდენი ადამიანის დაზღვევით ცხადი გახდა – ჩვენ ამ სისტემაში ძალიან დიდ რესურსს ვდებთ. წარმოიდგინეთ, რამხელა თანხას გასცემს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებზე. ამან მათ მისცა სტიმული, რომ გადაედგათ ნაბიჯი, მოეზიდათ დამატებითი ინვესტიციები და მოკლე დროში განეახლებინათ ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. ახლა, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა რაიონში გვაქვს განახლებული, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საავადმყოფოები.

თავადაც აღნიშნეთ, რომ დაზღვევისთვის დიდი თანხებია გამოყოფილი. სამოქმედო გეგმაში ამბობთ, რომ წლის ბოლოს ყოველი მეორე მოქალაქე მაინც იქნება დაზღვეული. რა გათვლებს ემყარება ეს გეგმა? აქვს სახელმწიფოს ამის რესურსი, თუნდაც, ფინანსური?

ახლა სახელმწიფო 800 ათასზე მეტ ადამიანს აზღვევს. პირველი სექტემბრიდან ამას დაემატება უკლებლივ ყველა პენსიონერი, ისინიც, რომლებიც საშუალო ან მაღალი შემოსავლის ოჯახებში ცხოვრობენ და სოციალური დახმარება არ სჭირდებათ. ასევე, 0-დან 5 წლამდე ბავშვები. წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიერ, დაზღვეული იქნება მილიონ ექვსასი ათასზე მეტი ადამიანი, რასაც ემატება კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეები.

რესურსი, ბუნებრივია, დათვლილია. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო არ გადადგამდა ამ ნაბიჯს. ვალდებულებებს, რაც ხალხის წინაშე ავიღეთ, შევასრულებთ.

თუ სახელმწიფო სულ უფრო მეტ ადამიანს დააზღვევს, ხომ არ გაუქრებათ მათ მოტივაცია, თავად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე, თავად აირჩიონ სადაზღვევო კომპანიები? და, საბოლოოდ, ეს კერძო სფეროში კონკურენციას ხომ არ შეაფერხებს?

სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა უმეტესობა ის კატეგორიაა, რომელსაც საკუთარი ჯიბიდან ამ დაზღვევის ყიდვა არ შეუძლია.

კონკურენციას ეს ხელს არ შეუშლის. იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო ჯანდაცვაში მიმართავს რესურსებს სადაზღვეო კომპანიების გავლით, ეს უკანასკნელნი თვითონ აფართოებენ კერძო დაზღვევის ბაზას.

ჩვენთან ჯანმრთელობის დაზღვევის კულტურა დაბალია. მის საჭიროებას მაშინ ვხვდებით, როცა პრობლემა დადგება. სექტემბრიდან, მრავალ ოჯახში, რომელიც არ თვლის საჭიროდ დაზღვევის პოლისის შეძენას, ერთ ადამიანს მაინც, მოხუცს ან ბავშვს, დაზღვევა ექნება. როცა ისინი დაიწყებენ პოლისის გამოყენებას, ოჯახში მოტივაცია გაჩნდება, სხვებიც დაეზღვიონ და კომპანიები კერძო ბაზასაც გააფართოებენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახადებს იხდის ყველა, მათ შორის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობაც, გამოდის, რომ ღარიბებს უწევთ შეძლებული ფენების სუბსიდირება, რომ მათაც მიიღონ სახელმწიფო დაზღვევა. არადა, ეს ყველაფერი სოციალური სამართლიანობის სახელით კეთდება.

ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება და სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ, გადასახადებსაც, პრაქტიკულად, არ იხდიან. პირიქით, ქვეყანაში არის კატეგორია, რომელსაც აქვს შემოსავალი და ბიუჯეტში გადასახადს იხდის. ყველანი ვთანხმდებით – ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადიდან ნაწილი სოციალური დახმარებისა და სადაზღვევო პოლისების სახით უნდა მივმართოთ გაჭირვებულთა დახმარებაზე. ამიტომაა ეს სისტემა სოლიდარობასა და ურთიერთდახმარებაზე აგებული.

რატომაა აუცილებელი, სახელმწიფომ დააზღვიოს მაქსიმალურად მეტი ადამიანი და არა კონკრეტულად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა?

პენსიონერები დაზღვევისათვის მაღალი რისკჯგუფია. ამ ჯგუფის დაზღვევას კომპანიები უფრთხიან, არადა, მას ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება. სახელმწიფო ამბობს: ჩვენ ვზრუნავთ მომავალზე და მოხუცებზე. მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი დაზღვეული იყოს.

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას რაც შეეხება – რაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ აქ პრობლემებია?

დღეს ახალი კლინიკების მენეჯმენტი ატარებს ტესტს, რომ კვალიფიციური ადამიანები სისტემის მიღმა არ დარჩნენ, ხოლო არაკვალიფიციურნი – შიგნით. ამასთანაა დაკავშირებული თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის რისკი.

უნდა გვესმოდეს, რომ პაციენტი შეიძლება კვალიფიციურ მედპერსონალსაც გამოეცალოს ხელიდან. ყველა დაავადებას აქვს სიკვდილიანობის გარკვეული პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ვერცერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაექცევა. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ კვალიფიციური ექიმები გვყავს, მაგრამ თუ არიან არაპროფესიონალები, ისინი დატოვებენ სისტემას.

სახელმწიფო აქაც მზადაა დახმარებისთვის. გეგმაში გვაქვს მედპერსონალის ტრენინგცენტრის გაკეთება, სადაც არსებული კონტინგენტი რეგულარულად გაივლის კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. იმის გამო, რომ პერსონალის შეცდომას მაღალი საფინანსო სანქციები მოჰყვება, თავად სადაზღვევო კომპანიები და საავადმყოფოების მენეჯმენტი ცდილობენ, სამედიცინო კადრები მუდმივად მოამზადონ. ეს მნიშვნელოვანია. უნდა გვჯეროდეს, რომ როდესაც საავადმყოფოს კარს შევაღებთ, მივიღებთ კვალიფიციურ მომსახურებას.

რატომ თვლით, რომ ამას სახელმწიფო უნდა კურირებდეს და კვალიფიკაციის დონეს თავად დასაქმების ბაზარი ვერ დაარეგულირებს?

დასაქმების ბაზარი ამას დღეს ახერხებს, მაგრამ რადგან ამ მიმართულებით ბევრი პრობლემა დავინახეთ, სახელმწიფო კერძო სექტორს გვერდში დაუდგება. თუ კერძო სექტორს ამაზე დასჭირდება, ვთქვათ, ხუთი-შვიდი წელი, სახელმწიფოს ჩარევით ეს ვადები უნდა შევამციროთ. ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ.

რაც შეეხება მედიაციის სამსახურს, რომელიც იცავს დაზღვევის მქონე მოქალაქეებს. რისთვისაა საჭირო ორგანო, რომელიც ჩაერევა ადამიანის, საავადმყოფოს და სადაზღვევო კომპანიის ურთიერთობაში?

სწორედ ეს ურთიერთობა უნდა დაარეგულიროს თამაშის წესებმა, რომელსაც საზოგადოებას მალე გავაცნობთ. აქ იგულისხმება, რომ საავადმყოფოში შესულ ადამიანს არ შეიძლება სამედიცინო მომსახურებაზე უარი უთხრან. არანაირი მოტივით. იმის მიუხედავად, თუ რომელი სადაზღვევო კომპანიის პოლისი აქვს მას.

ხომ არ აზარალებს ეს წესი ფინანსურად საავადმყოფოებს?

არანაირად. საავადმყოფო დაინტერესებულია, რომ მას პაციენტები მიმართავდნენ. მისი ფინანსური მდგრადობა სწორ ბიზნესსტრატეგიასა და პაციენტთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. პაციენტი კი მას მაშინ მიმართავს, როცა იცის, რომ საავადმყოფოში არიან კარგი და კვალიფიციური ექიმები, სათანადო სამედიცინო ტექნიკა და შესაბამისი სერვისი.

მაშინ რა მოტივაცია აქვთ საავადმყოფოებს, რომ დაზღვეულებს არ მოემსახურონ?

პრობლემა შეიძლება გახდეს სამართლებრივი და ფინანსური დავა საავადმყოფოსა და სადაზღვევოს შორის. შეიძლება დაზღვეული ადამიანი საავადმყოფოში მივიდეს, საავადმყოფომ მასზე დახარჯოს რესურსი, სადაზღვევო კომპანიამ კი თქვას, რომ მისი პოლისი გაწეულ მომსახურებას არ ითვალისწინებდა და თანხას არ დაფარავს.

ხშირად დავაა მკურნალობის ადეკვატურობის თაობაზეც. მეტი ანაზღაურების მისაღებად, საავადმყოფომ პაციენტს შეიძლება აუცილებელზე მეტი პროცედურა ჩაუტაროს. სადაზღვევო კი დაინტერესებულია, მომსახურებაში რაც შეიძლება ნაკლები გადაიხადოს. მსგავსი დავები რომ არ წარმოიშვას და არ დაზარალდეს დაზღვეულების ჯანმრთელობა, საჭიროა არსებობდეს თამაშის წესები, რაც ყველას მომგებიან მდგომარეობაში დატოვებს.

მაგრამ თუ თავად სადაზღვევო კომპანიებს შორის იარსებებს კონკურენცია და არ იქნება რეგიონული მონოპოლიები, მათივე ინტერესში შევა ერთმანეთთან მოაგვარონ მსგავსი დავები, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

რეგიონული სადაზღვევო მონოპოლიები, პრაქტიკულად, აღარ გვექნება: რომელი სადაზღვევო პოლისიც არ უნდა გქონდეთ, რაიონულ საავადმყოფოში მომსახურებას გაგიწევენ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება პრობლემები არის, მაგრამ დღეს უკვე ასე ხდება. მოქალაქეების დაზღვევაზე სახელმწიფო ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს და ვალდებულიცაა თვალი მიადევნოს, იღებენ თუ არა მოქალაქეები ამ თანხის შესაბამის მომსახურებას.

სამოქმედო გეგმაში ნახსენები იყო „ჭკვიანი რეგულირება”. უფრო დაწვრილებით, რა იგულისხმება ამაში?

კლინიკებში უნდა დაინერგოს სტანდარტები და უნდა შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება ამ სტანდარტებს მომსახურების ხარისხი. ძველ საავადმყოფოებში „რეგულირება” ადვილი იყო: მძიმე მდგომარეობა და ხარისხი თვალნათლივ ჩანდა. ახალ საავადმყოფოებში, სადაც დაცულია სალიცენზიო პირობები და გამართულად მუშაობს სამედიცინო ტექნიკა, მომსახურების ხარისხის საკონტროლებლად საჭიროა ჭკვიანი რეგულირება. ამ რეგულაციის არსებითი ნაწილი საავადმყოფოებში პროტოკოლების დანერგვა იქნება. ესაა მკურნალობის სტანდარტები, რომლებიც ადგენს, კონკრეტულად რა პროცედურები უნდა გატარდეს ამა თუ იმ დაავადების შემთხვევაში. ასე ადვილად შევძლებთ გაკონტროლებას, გაკეთდა თუ არა ყველაფერი პაციენტის სამკურნალოდ.

ეს მომგებიანია ექიმებისა და ექთნებისთვისაც – მათ ვეღარავინ შეედავება, რომ პაციენტს რამე დააკლეს. თუ პაციენტი მედპერსონალს უჩივლებს, ის მიუთითებს პროტოკოლზე, რომელიც აღიარებულია შესაბამისი დარგის ასოციაციის მიერ.

მეორე მხრივ, ეს კარგი იქნება სადაზღვევო კომპანიებისთვისაც – საავადმყოფოსთან კონტრაქტის შესრულების პირობებს ადვილად გააკონტროლებენ. თუ პროტოკოლი დანერგილია, მარტივია მკურნალობის ტარიფის დადგენაც.

იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ჯანდაცვის სფეროში საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრ პასუხისმგებლობას იღებს, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის მთავარ მიზნად ისევ მომსახურების სფეროს ლიბერალიზაცია რჩება? იგულისხმება, თუნდაც, საავადმყოფოების სახელმწიფო მართვისგან გათავისუფლება.

რა თქმა უნდა. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს საზოგადოებრივი ჯანდაცვა – სფეროები, რომელსაც სახელმწიფო ხელიდან ვერასდროს გაუშვებს. ფსიქიატრია და შიდსის მკურნალობა ყოველთვის დარჩება სახელმწიფოს ხელში. სხვა შემთხვევაში, სწორედ ეს ხდება: საავადმყოფოები დამოუკიდებელი ბიზნესერთეულებია.

შევეხოთ ფარმაცევტულ სფეროსაც. ანდრია ურუშაძემ ტაბულასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ წამლების ბაზრის დერეგულაციაზე მუშაობა გაგრძელდებოდა. რეფორმამ უკვე მოიტანა შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენციამ და ახალმა აფთიაქებმა წამლის ფასები დასწია. თქვენ როგორ გესახებათ ეს პროცესი?

ამ მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა გაგრძელდება. აქ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ვხედავთ: წამალი გაიაფდა, ზოგიერთი 30%-ითაც კი, მაგრამ ჯანდაცვის საერთო ხარჯებში მედიკამენტებზე ჯერ კიდევ არაადეკვატურად დიდი წილი მოდის. ბაზრის ლიბერალიზებით ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში მედიკამენტების ხვედრითი წილის შემცირებას უნდა მივაღწიოთ, ხოლო ამბულატორიული მომსახურების ხვედრითი წილი უნდა გაიზარდოს – სასურველია, მძიმე დაავადებები ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ.

როგორია თქვენი ხედვა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებით?

ჩვენ ლიბერალური შრომის კოდექსი გვაქვს. საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა სჭირდება. უმუშევრობის პრობლემას ინვესტორებისთვის მიმზიდველი ეკონომიკური გარემოთი ვპასუხობთ, რაც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას იწვევს. რომ არა მიმზიდველი ბაზარი და ინვესტიციები, ბიუჯეტში ჯანდაცვის ხარჯების გასაწევად შემოსავალი არ გვექნებოდა.

ამის მიუხედავად, მომავალში შეიძლება აქაც გახდეს საჭირო მდგომარეობის თავიდან შეფასება. ჩვენ თავს ვარიდებთ ზედმეტ რეგულირებას, მაგრამ სადაც საჭიროა, მზად ვართ ნებისმიერი წინადადება განვიხილოთ. თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ შრომის კოდექსი ქვეყნის მოთხოვნებს პასუხობს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები