კოლუმბია

ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები შეჯახების გზაზე

წელს ხუან მანუელ სანტოსმა კოლუმბიის პრეზიდენტის პოსტზე ალვარო ურიბე შეცვალა. ურიბეს მთავრობაში სანტოსი თავდაცვის მინისტრი იყო და მის მემკვიდრედაც მოიაზრებოდა. სანტოსის გაპრეზიდენტებისას კოლუმბიის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ ელოდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ გაცხადდა, რომ ეს პროგნოზი არ გამართლდა.

ურიბესა და სანტოსს შორის პირველი განხეთქილება ეგრეთ წოდებულ მსხვერპლთა და მიწის რესტიტუციის კანონს მოჰყვა, რომელიც ძალაში 2012 წლის იანვარში შევიდა. სანტოსის მიერ ინიცირებული ეს კანონი კოლუმბიაში ათწლეულების მანძილზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზეა გათვლილი. აგრეთვე, ის რადიკალური მარქსისტული ორგანიზაცია FARC-ის (კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები) და სხვა არასახელმწიფოებრივი სამხედრო ჯგუფების ძალადობის მსხვერპლთა ნათესავებისთვის კომპენსაციას ითვალისწინებს, ხოლო კონფლიქტის გამო საცხოვრებელი ადგილებიდან გადასახლებულ ფერმერებს მიწას უბრუნებს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ეხება იმათაც, ვინც კოლუმბიის უსაფრთხოების ძალების მოქმედებების გამო დაზარალდა. ექსპერტთა გათვლებით, კანონით სარგებლობა 4 მილიონამდე ადამიანს შეეძლება და პროცესი, შესაძლოა, 10 წელზე მეტხანს გაიწელოს. ურიბე აცხადებდა, რომ მთავრობა ვერ შეძლებდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას და არც კანონის ტერმინოლოგიას ეთანხმებოდა. მისი აზრით, FARC-ის წინააღმდეგ მოქმედება არა შეიარაღებული კონფლიქტი, არამედ ტერორიზმთან ბრძოლა იყო.

პრეზიდენტობის პერიოდში ურიბეს მთავარი მიღწევა FARC-ის შევიწროება გახლდათ. მისი დემოკრატიული უსაფრთხოების პოლიტიკის წარმატების მიუხედავად, ამ ორგანიზაციას (რომელიც კოლუმბიას, ამერიკასა და ევროკავშირს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი) მაინც დარჩა დაახლოებით 9 ათასი მებრძოლი. ურიბეს დროს კოლუმბიის არმია FARC-ის მეთაურებზე ნადირობდა, სანტოსი კი მათ სამშვიდობო მოლაპარაკებებს სთავაზობს და იარაღის დაყრის სანაცვლოდ, სასჯელის შემსუბუქებას ჰპირდება. FARC-მა გამოაცხადა, რომ გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანებს აღარ გაიტაცებს და მძევლად მყოფი პოლიციელები და ჯარისკაცებიც გაათავისუფლა. მაგრამ ამას სანტოსი მოლაპარაკებებისთვის საკმარისად არ თვლის. მისი მომხრეების აზრით, დიალოგს კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება შეუძლია, ურიბეს კი მიაჩნია, რომ ტერორისტებთან სუსტი პოლიტიკის შედეგები მომავალში გამოჩნდება.

ურიბეს დროს კოლუმბიის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე იურისდიქცია სამხედრო ტრიბუნალებს ეკუთვნოდათ. სანტოსმა გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მოთხოვნა და ურიბისტების წინააღმდეგობის მიუხედავად, ასეთ დანაშაულებზე იურისდიქცია სამოქალაქო სასამართლოებს გადასცა.

სანტოსის რეფორმები ამით არ დასრულებულა. მან გააუქმა ინვესტიციების წასახალისებლად ყოფილი პრეზიდენტის მიერ შემოღებული საგადასახადო შეღავათები. სანტოსი ნარკოტიკების ლეგალიზაციასაც ემხრობა, როდესაც მის წინამორბედს მათზე კონტროლის გამკაცრება სურდა. ბოლო ორი წლის მანძილზე დააკავეს ურიბესდროინდელი ოფიციალური პირები, რომლებსაც, ძირითადად, კორუფციასა და უფლებამოსილებების გადაჭარბებაში ედებათ ბრალი.

შეიცვალა საგარეო პოლიტიკაც. თუ ურიბეს საგარეო პოლიტიკური ორიენტირი ამერიკისკენ იყო მიმართული, სანტოსმა კურსი მეზობლებთან და სხვა ლათინოამერიკულ ქვეყნებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აიღო. კოლუმბიამ კონტაქტები აღადგინა ეკვადორთან და ვენესუელასთან – უგო ჩავესს სანტოსი ერთგულ მეგობარს უწოდებს. აი, ამერიკასთან ურთიერთობები კი გაცივდა. ეს, ნაწილობრივ, ობამას ადმინისტრაციის მიერ 2006 წელს ხელმოწერილი ამერიკა-კოლუმბიის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის გაჭიანურებითაც იყო გამოწვეული. საბოლოოდ, ამერიკის კონგრესმა ხელშეკრულება 2011 წლის ოქტომბერში მიიღო.

სანტოსის რეფორმები მასსა და მის წინამორბედს შორის იდეოლოგიურ განსხვავებებსაც აჩვენებს. ურიბე მემარჯვენე, სანტოსი კი ცენტრისტი პოლიტიკოსია. სანტოსის პოლიტიკური კოალიცია აერთიანებს როგორც მემარჯვენე ურიბისტებს, ისე მემარცხენე ცენტრისტებს. სანტოსის ცვლილებების შემხედვარე ექსპრეზიდენტის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ახალმა პრეზიდენტმა მათ უღალატა – ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად არჩევნებამდე თავს ურიბისტად ასაღებდა. არ გამორიცხავენ ურიბეს პოლიტიკაში დაბრუნებასაც. მართალია, მესამე ვადით პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ შესაძლოა კონგრესში მოხვდეს.

რეფორმებმა სანტოსის რეიტინგის ვარდნა გამოიწვია, მოსახლეობის 57% ფიქრობს, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ქვეყანაში უსაფრთხოება გაუარესდა. თუმცა სანტოსი ჯერჯერობით კვლავ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია კოლუმბიაში. ის კონფლიქტით დაღლილ ქვეყანას პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნებს, რაც, უმეტესწილად, სწორედ ურიბეს პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი.

 

კომენტარები