ოკუპირებული ტერიტორიები

ანქვაბზე თავდასხმა: გახსნილი შეთქმულება

0 კომენტარი

ალექსანდრ ანქვაბზე თავდასხმა გახსნილია. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამართალდამცავებმა 12 აპრილს განაცხადეს, როცა აფხაზეთში, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ექვსი ადამიანი დააკავეს. 17 აპრილს კიდევ ერთმა ეჭვმიტანილმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა „მინისტრმა” ალმასბეი კჩაჩმა, მისი დაკავების მცდელობისას, თავი მოიკლა. მეორე დღეს თვითმკვლელობა ორმა დაკავებულმა სცადა, მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩა.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს 22 თებერვალს, გუდაუთა-სოხუმის გზაზე დაესხნენ თავს. თავად ანქვაბი გადარჩა, თუმცა თავდასხმას მისი ორი მცველი შეეწირა.

დანაშაულში ეჭვმიტანილთა დაკავება იმის გათვალისწინებით გახდა მოულოდნელობა, რომ ანქვაბზე განხორციელებული წინა თავდასხმებიდან არცერთი არ გახსნილა. მის მოკვლას 2005 წელს, ორჯერ 2007-ში და ერთხელაც 2011 წელს შეეცადნენ.

როგორც გამოძიებამ, ასევე საზოგადოებამ, აფხაზეთში ანქვაბზე თავდასხმაში „ქართული კვალის” არსებობა იმთავითვე გამორიცხა. მთავარ ვერსიად „შიდა გარჩევა” განიხილებოდა. თავად ანქვაბი აცხადებდა, რომ მისი მოსისხლე მტრები „მაფიოზური კრიმინალური დაჯგუფებები” არიან, რომლებსაც „მართვადი და დამოკიდებული პრეზიდენტი სჭირდებათ”.

აფხაზი ძალოვნების დასახმარებლად გამომძიებელთა ჯგუფი მოსკოვიდან ჩავიდა. რუსული სააგენტო lifenews-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ თავდასხმის დამკვეთის ვინაობა ანქვაბისათვის თავიდანვე ცნობილი იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში, გამომძიებლები თავდასხმასთან მათი კავშირის დამტკიცებას ცდილობდნენ.

დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდა აფხაზეთში სერიოზული გავლენის მქონე ბიზნესმენი ანზორ ბუთბა. მას 90-იანი წლების დასაწყისიდან ჰქონდა საკუთარი ბიზნესი, განსაკუთრებულ წარმატებას კი სერგეი ბაღაფშის დროს მიაღწია. ის მრავალ დარგში საქმიანობდა, მათ შორის: ვაჭრობაში, სოფლის მეურნეობასა და ხე-ტყის სფეროში.

ბუთბა, სხვადასხვა საკითხების გამო, ხელისუფლებასთან კონფლიქტს არ ერიდებოდა. თუმცა, როგორც სოხუმში ვარაუდობენ, ყველაზე მწვავე დაპირისპირების მიზეზი უნდა გამხდარიყო ბუთბას ის ბიზნესი, რომელიც ინერტული მასალის მოპოვებას უკავშირდებოდა. 2010 წელს ხელისუფლებამ მას ამ საქმიანობაზე ლიცენზია ჩამოართვა ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანის მიზეზით და კარიერიც დაუხურა. სოხუმში ამბობენ, რომ ამაში დამნაშავედ ანზორ ბუთბამ მაშინდელი პრემიერმინისტრი, ალექსანდრ ანქვაბი მიიჩნია. და თითქოს პირობაც დადო, რომ სამაგიეროს გადაუხდიდა.

თუმცა, ბუთბასგან განსხვავებით, ანქვაბთან ამგვარი ფორმით ანგარიშსწორებისათვის ხელშესახები მოტივი არ ჰქონია ალმასბეი კჩაჩს, რომელიც ჯერ ვლადისლავ არძინბას პირად დაცვას, 1996-2003 წლებში კი სოხუმის მთავრობის შსს-ს ხელმძღვანელობდა.

ბუთბასა და კჩაჩს ერთი რამ აერთიანებთ – ორივე დაახლოებული იყო ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან და ბიზნესმენთან ბესლან ბუთბასთან. ეს უკანასკნელი ეკონომიკური განვითარების პარტიის ლიდერი და აფხაზეთში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, აბაზას, მფლობელია. ბესლან ბუთბამ 2009 წელს კენჭი იყარა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ხმათა მხოლოდ 8 პროცენტი მიიღო. მასთან ერთად ვიცეპრეზიდენტობისთვის ალმასბეი კჩაჩი იბრძოდა.

რაც შეეხება ანზორ ბუთბას, მას დიდი გავლენა ჰქონდა როგორც პარტიაზე, ასევე მის ლიდერზე. მონაწილეობდა ფინანსური, საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში თუ დავების გადაწყვეტაში, მაგრამ ჩრდილში დარჩენას ამჯობინებდა.

ბესლან ბუთბას სახელი კი ყოფილ პრემიერმინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბასაც უკავშირდება, რომელსაც ბუთბამ გასულ წელს ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაუჭირა მხარი.

თავდაპირველი ვერსია, რომ ტერაქტი პირად შურისძიებას და ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა, კჩაჩის თვითმკვლელობის შემდეგ დამაჯერებლად აღარ გამოიყურება. აფხაზეთში ამ საქმეში დაინახეს პოლიტიკური შეთქმულების ნიშნები, რომლის უკან დიდი და ძლიერი ჯგუფი იდგა და რომლის ახალი დეტალების გამოაშკარავებას სოხუმში ახლო მომავალში ელიან. ის, რომ თავდასხმის ორგანიზატორებს წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ მიმალვა არ უცდიათ, შესაძლოა, იმაზე მეტყველებს, რომ მათ ძლიერი მფარველი ჰყავდათ.

ნათელია ისიც, რომ ხელისუფლებაში „წესრიგის დამყარების” ლოზუნგით მოსული ანქვაბი, მასზე თავხედური თავდასხმის შემდეგ, იძულებული იყო, მკაცრი ზომები მიეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ავტორიტეტს გამოუსწორებელი ზიანი მიადგებოდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები