შოპინგი

შოპინგის სამამულო თავისებურებანი

„მოდა თევზის გაყიდვას ჰგავს: ახალი თევზის მსგავსად, უკანასკნელი ტენდენციის ფერების გათვალისწინებით შეკერილი ქურთუკი სწრაფად და მაღალ ფასად იყიდება. გუშინ დაჭერილი კი უნდა ჩამოფასდეს ან საერთოდ აღარ გაიყიდოს”, – ამბობს Inditex-ის დამაარსებელი ამანციო ორტეგა. მისი ცნობილი ბრენდები – Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho – მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, წლიური შემოსავალი კი 2 მილიარდ ევრომდეა.

ამ და სხვა ცნობილი ბრენდების სამოსს თბილისის ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებშიც შეხვდებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ხელთ შეგრჩებათ ეგრეთ წოდებული პატენტი. სამოსის შერჩევის შესახებ კვლევითმა კომპანიამ ACT 2009 წელს კვლევა ჩაატარა. მისი მიხედვით, საქართველოს დიდ ქალაქებში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად ყველაზე პოპულარული სავაჭრო ადგილი ბაზრობაა. სწორედ აქ დადის გარდერობის განსაახლებლად ურბანული მოსახლეობის უმრავლესობა (67%). თუმცა, მათ მიერ დახარჯული თანხა, ზოგადად მოსახლეობის მიერ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დახარჯული თანხის მხოლოდ ერთ მეათედს შეადგენს.

საზღვარგარეთ ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2% ყიდულობს – სამაგიეროდ, დახარჯული თანხა ბევრად აღემატება ამავე მიზნით გაწეულ ადგილობრივ დანახარჯებს. საქართველოში ყველაზე ხშირად ტანსაცმელს სეზონურად

იძენენ. ქალაქის მცხოვრებლების 27% ტანისამოსს სამ თვეში ერთხელ ყიდულობს. ზრდასრული მოსახლეობის 23% კი ამბობს, რომ ტანსაცმელს არ ყიდულობს არც თავისთვის და არც ოჯახის წევრებისთვის.

ჯერ კიდევ ხშირად შეხვდებით ადამიანებს, ვინც ადგილობრივი შოპინგით უკმაყოფილოა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში თბილისში სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების ტანსაცმლის მაღაზიები მომრავლდა. ზოგიერთში ტანსაცმლის შეძენა ბაზრობაზე იაფადაც კი შეიძლება.

2012 წლის თებერვალში ACT-იმ პროდუქტის სახეობების მრავალფეროვნება გამოიკვლია. აღმოჩნდა, რომ თბილისელები სამოსის არჩევანს დიდად არ უჩივიან: გამოკითხულებმა სამოსის და აქსესუარების მრავალფეროვნება ხუთიდან 4.1 ქულით შეაფასეს. საინტერესოა ისიც, რომ ამ საკითხში მამაკაცების და ქალების მოსაზრება დაემთხვა.

ბაზრობებსა და სავაჭრო ცენტრებს კვლავ ბევრი სტუმრობს, თუმცა, არის რამდენიმე მაღაზია, სადაც ხალხის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. მეტიც, ზოგიერთ ადგილებში ტანსაცმელი ხელიდან ხელში გადადის, გასახდელთან კი რიგი დგას – განსაკუთრებით იქ, სადაც დაბალი ფასები ან 50-70%-იანი სეზონური ფასდაკლებაა.

სამოსის დაბალი ფასითა და ხალხმრავლობით გამოირჩევა მაღაზიები: შოდი, მალსი, მელიზი, შანა, პიაზა იტალია... აქ ფასები 8 ლარიდან

იწყება და ხშირად, ხარისხი და მომსახურებაც შესაბამისია. მაგალითად, მაღაზია მალსი თბილისში სამ ადგილასაა, თუმცა მყიდველთა სიმრავლის გამო ტანსაცმლის მშვიდად შერჩევა თითქმის შეუძლებელია. ფასი დაბალია, თუმცა, რაიმე გამორჩეულის პოვნა გაგიჭირდებათ. ერთმანეთზე დაყრილ სამოსში, შეიძლება, გაგიმართლოთ და ცნობილი ბრენდის იარლიყით რაიმე საინტერესოს წააწყდეთ. კიდევ უფრო გაგიმართლებთ, თუ თქვენ მიერ მოწონებული სწორად შეკერილი, დაულაქავებელი და დაუხეველი აღმოჩნდება.

უკანასკნელ წლებში არჩევანი განსაკუთრებით საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის გაიზარდა. ქალის, კაცის და ბავშვის შედარებით მაღალი ხარისხის საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია ნოვო ჯგუფია. ის მომხმარებელს სთავაზობს ცნობილ ბრენდებს: MANGO, Mexx, SISLEY, UNITED COLORS OF BENETON. საქართველოში MANGO-ს სახელობითი მაღაზიაა, თუმცა ესპანური ბრენდის სამოსზე შესაძლოა ამოიკითხოთ: Made in China, Made in Pakistan ან Made in Turkey. მიუხედავად ამისა, ეს ფასზე და ფასდაკლებების დროს მყიდველთა რაოდენობაზე არ აისახება. საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს ქალის, მამაკაცის და ბავშვის სამოსის შერჩევა შეუძლიათ Next-ში, ასევე ახალგახსნილ ბრიტანული ბრენდების მაღაზიებში: Peacocks, River Island.

Adress your shopping address – ამ სლოგანით შემოიყვანა კომპანია Adress-მა 2007 წლიდან საქართველოში ცნობილი ბრენდები: Promod, Tom Tailor, Gerry Weber, Celio, 123, Etam, DPAM. „Adress არის ადგილი ნებისმიერი ასაკის, შემოსავლის და სქესის ადამიანისთვის, რომელსაც სურს თანამედროვედ, კომფორტულად და მოდურად ჩაცმული იყოს” – მიაჩნიათ კომპანიაში. თუმცა, ეს მაღაზიები მხოლოდ საშუალო და მაღალშემოსავლიანი მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.

საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებლებს ცნობილი ბრენდების ჯინსისა და სამოსის შეძენა შეუძლიათ Levi’s-ის, Dockers-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-ის, Burlington-ის, Falke-ის ჯინსის გალერეებში. საქართველოში მათი ოფიციალური დისტრიბუტორი ექსკლუზიური პარტნიორია კომპანია თრეიდლაინი. აქ ფასები 50-180 ლარამდე მერყეობს. მაღაზიები Diesel და Replay მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი: ფასები 100-დან 900 ლარამდეა. თუმცა, ამ ბრენდების ოფიციალურ გვერდებზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს ვერ ნახავთ.

თბილისში მომრავლდა მხოლოდ ბავშვებისთვის განკუთვნილი მაღაზიები, რომლებიც საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვისაა განკუთვნილი. 10 წლამდე ბავშვების და ორსულებისთვის აუცილებელ ყველა სახის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებელს ბრიტანული ბრენდის მაღაზია Mothercare. მსოფლიოში 3 300-ზე მეტი ამ ბრენდის მაღაზიაა. 12 წლამდე ბავშვთა მაღალი ხარისხის ტანსაცმელია ბრიტანული ბრენდის მაღაზიაში Yoopidoo London. იტალიური ბრენდების კოლექციებიდან, 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მაღალი ხარისხის ტანსაცმლის ყიდვას მაღაზია Balduci-შიც შეძლებთ.

თბილისში მაღაზიების უმეტესობა რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეა კონცენტრირებული: პეკინი, ჭავჭავაძე, რუსთაველი, აღმაშენებელი. თუმცა, მალე შესაძლოა, სავაჭრო უბანი „თბილისი მოლი” გახდეს. დიღომში უკვე დასრულებულია 185 ათასი კვ.მ. ფართის კომპლექსის მშენებლობა. ახალი სავაჭრო ცენტრი კომპანია რაკიინ დეველოპერმა აფთაუნ თბილისის პროექტის ფარგლებში ააშენა. ახლახან0 ამ ცენტრში ცნობილი ბრენდების მაღაზიები გაიხსა, მათ შორის: Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Oysho. როგორც მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ზვიად არჩუაძე ამბობს, საკონსულტაციო ფირმა, ჩამოთვლილის გარდა, სხვა მრავალი ახალი ბრენდის შემოყვანაზე მუშაობს. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება 60-მდე ბრენდთან. მათ შორისაა H&M-იც, რაც საშუალო შემოსავლის მყიდველს განსაკუთრებით გაახარებს.

 

კომენტარები