ეკონომიკა

იცით თუ არა, რომ...

0 კომენტარი

თუ თქვენი შემოსავალი თვეში დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, იმ პრივილეგირებული კლასის ნაწილი ხართ, რომელსაც მოსახლეობის საშუალო ფენა ეწოდება. უბრალოდ, პრივილეგიები, რომლითაც ვსარგებლობთ, ადვილად შესამჩნევი არ არის და არც ჩვენ ვიწუხებთ თავს ზედმეტი ფიქრით.

უფასო განათლება, სახელმწიფო გრანტები უნივერსიტეტში, ტროტუარი, რომელზეც ყოველდღე დავდივართ, თავისთავადი გვგონია. რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანი იხდის გადასახადებს, მაგრამ სავარაუდოდ ცოტა თუ დაფიქრებულა, როგორ ნაწილდება საზიარო რესურსები.

უხეში არითმეტიკა:

საქართველოს მოსახლეობა – 4.5 მილიონი ადამიანი

გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა – 1.6 მილიონი ადამიანი (Geostat, 2010)

საშუალო ხელფასი – 700 ლარზე ცოტა ნაკლები

საგადასახადო განაკვეთი – 20%

წლიური შემოსავალი ბიუჯეტში ჩვენი ხელფასებიდან – 700 × 0.2 × 12 × 1.600.000 = 2.688.000.000 ლარი

სახელმწიფო ბიუჯეტი 2010 წელს – 5.421.500.000

სხვაობა = დაახლოებით 2.700.000.000 ლარი

ანუ, ყოველწლიურ ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო და სამომხმარებლო კომფორტში ჩვენი წილი მაქსიმუმ 50%-ია. საიდან მოდის დარჩენილი 2.7 მილიარდი ლარი? ალბათ, ყველას გვყავს ერთი ნაცნობი მაინც, ვინც რომელიმე წარმატებულ კომპანიას უდგას სათავეში. თუ ასეთ ნაცნობს შემთხვევით სადმე შეხვდით, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა – თქვენი სასწავლო გრანტის და ყვითელი ავტობუსით მგზავრობის ნახევარი მისი გადახდილია.

როგორც წესი, სახელმწიფოს მიერ გადასახადების აკრეფა ხდება იმ მიზნით, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო პროდუქტებს (ჯანდაცვა, განათლება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა) მოხმარდეს და ამ პროდუქტების ხარჯი ყველაზე თანაბრად გადანაწილდეს.

სინამდვილეში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისეთი ხარჯების გაწევა უწევს, რომელთაგანაც თავად სარგებელს ვერ ნახულობს. თუ თქვენ ხართ წარმატებული საწარმოს მფლობელი, მაღალი ალბათობით გყავთ მანქანა ან გემსახურებათ მძღოლი; აქედან გამომდინარე, იშვიათად (ან არასდროს) ისარგებლებთ საჯარო ტრანსპორტით, რომელშიც ყოველწლიურად იხდით გარკვეულ თანხას.

ამავე დროს, თუ მუშაობთ ბანკში, გაქვთ ანაზღაურება 800 ლარი და ყოველდღიურად სამსახურში მისასვლელად სარგებლობთ მეტროთი, გილოცავთ, თქვენ განსაკუთრებული პრივილეგიით სარგებლობთ და გეძლევათ საშუალება გამოიყენოთ მეტროს მომსახურება ნახევარ ფასად – თქვენივე ბანკის მმართველის ხარჯზე. ბანკის მმართველზე არანაკლებ დაზარალებული გამოდის პატარა ქალაქში მცხოვრები დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანი.

ბანკის მმართველისათვის, რომლის შემოსავალიც შესაძლოა თვიურ 10 000 ლარს შეადგენდეს, 20% იმდენად დიდი დანაკლისი არ არის, რამდენადაც, ქონების ზრდასთან ერთად, იკლებს თითოეული ლარის გაღების ზღვრული ხარჯი. ანუ, თუ თქვენი შემოსავალია 10 000 ლარი, იხდით საშემოსავლო გადასახადს 2 000 ლარის ოდენობით. გრჩებათ 8 000 ლარი და 2 000-ის დანაკლისი თქვენი ცხოვრების დონეზე შესამჩნევ გავლენას არ ახდენს. სხვა შემთხვევაა, თუ თქვენი ხელფასი 300 ლარია და აქედან 60 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ამ დროს 60 ლარის სხვაობასაც კი შესამჩნევი გავლენა აქვს ცხოვრების დონეზე. მით უმეტეს, თუ ამ 60 ლარიდან უმეტესი სარგებელი სხვას ხვდება წილად.

მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სოციალური კეთილდღეობის გასაზრდელად მიმართულ სხვა რეგულაციებშიც. მაგალითად, ავიღოთ მინიმალური სახელფასო განაკვეთი. ყველაზე მეტ სარგებელს საშუალო ფენა ნახულობს. მინიმალური სახელფასო ნიშნულის არსებობა უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც დაბალი, ისე მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანებზე, თუმცა ხელშეუხებელს ტოვებს საშუალო ფენას – მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ეს რეგულაცია არ შეეხება.

ნეგატიური ეფექტების უკეთ დასანახად, შეგვიძლია განვიხილოთ ახალგახსნილი საწარმო, რომელსაც საკმარისი ბიუჯეტი აქვს, რომ დაასაქმოს ასი ადამიანი და გადაუხადოს ხელფასი 150 ლარის ოდენობით.

150 > 0

თუ სახელმწიფო აწესებს სახელფასო მინიმუმს 200 ლარის ოდენობით.

200 > 150

ამ შემთხვევაში არსებული ბიუჯეტით, საწარმოს ასის ნაცვლად, მხოლოდ სამოცდათხუთმეტი ადამიანის დასაქმება შეეძლება.

75 < 100

უმუშევარი რჩება პოტენციური მუშახელის 25%, ასევე იკლებს საწარმოს ეფექტიანობა და, საბოლოო ჯამში, მოგება.

პოტენციურად, იმ მოგების რეინვესტირებით, რომელსაც საწარმო კარგავს დამატებითი რეგულაციების გამო, შესაძლებელი იქნებოდა დამატებითი მუშახელის აყვანა ან არსებული ხელფასების გაზრდა. ზარალდება არაკვალიფიციური მუშახელი, რომელსაც გამოცდილების გაღრმავების საშუალება ერთმევა.

დაუსაქმებელი რჩება მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც თანახმაა იმუშაოს 150 ლარზე. მაგრამ უფლება არ აქვს, რადგან ეს ლეგალურ მინიმუმზე ნაკლებია.

მეწარმე კარგავს პოტენციალს, აწარმოოს მაღალი ხარისხის პროდუქცია შედარებით დაბალ ფასად, რაც ჯამში გაზრდის მოსახლეობის კეთილდღეობას. განსაკუთრებით სარგებლიანი კი ეს დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობისთვის იქნება – მაღალი ხარისხის

პროდუქციას მიიღებს ხელმისაწვდომ ფასად (არსებული ხელფასის პირობებშიც კი).

საშემოსავლო გადასახადის მსგავსად, რესურსების ეფექტიან გადანაწილებაზე მოქმედებს ბრუნვის გადასახადი, იგივე დღგ. ყოველი ამორტყმული ჩეკი და გაყიდული პროდუქტი დამატებით 18%-ით ბეგრავს ბიზნესს და მომწოდებელს 18%-ით უძვირებს წარმოებას. ანუ, მეწარმე ექცევა ორმაგი დაბეგვრის წნეხის ქვეშ და მომხმარებელსაც არანაკლებ აზარალებს, მიუხედავად იმისა, რომ დღგ მიმართულია მწარმოებელი კომპანიის ბრუნვის დაბეგვრისკენ. ისევ და ისევ, ყველაზე მეტად დაზარალებული თავად ბიზნესმენი და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახები რჩებიან. გაძვირებული პროდუქცია უარყოფითად აისახება დაბალ შემოსავალზე მცხოვრებ ოჯახებზე. როდესაც თქვენი შემოსავალი შეადგენს 300 ლარს, და თვეში მოიხმართ 130 ლარის ღირებულების საკვებს, დანახარჯი დაახლოებით 25 ლარით გეზრდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გადასახადი მიმართულია ბიზნესისკენ, საგადასახადო წნეხი თითქმის თანაბრად ნაწილდება როგორც მეწარმეზე, ასევე მომხმარებელზე და ამცირებს საზოგადოებრივ დოვლათს.

ეკონომიკის, როგორც მეცნიერების ხიბლი იმაშია, რომ მარტივი გეომეტრიული ნახაზით შეჯამებაა შესაძლებელი.

პირველ ნახაზზე გამოსახულია წარმოება დაბეგვრის გარეშე, მეორეზე კი – დაბეგვრის შემდეგ. დაბეგვრის შედეგად გამოწვეული დანაკარგები გეომეტრიულადაც ნათლად ჩანს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაზარალებული რჩება მომხმარებელი, რადგან გადასახადის სიმძიმე მას უფრო დააწვა ტვირთად, ვიდრე მწარმოებელს (ყვითელი ფერის ფართობი მეტად შემცირდა გადასახადების დაწესების შედეგად, ვიდრე რუხი). ეს ორი ფიგურა იმაზე მეტ ინფორმაციას გვაძლევს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს: მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ახლოს არის გადაკვეთასთან, არის ნაკლებად შეძლებული სეგმენტიდან. სწორედ ისინი ხვდებიან საგადასახადო დარტყმის ქვეშ. მეორე ნახაზის მიხედვით, მოსახლეობის ეს ნაწილი გადასახადების დაწესების შემდგომ საერთოდ ვერ ახერხებს კონკრეტული პროდუქციის შეძენას. გადასახადებიდან შემოსული თანხით კი, როგორც საჯარო ტრანსპორტისა და მინიმალური ხელფასის მაგალითზე ჩანს, ყველაზე მეტ სარგებელს ისევ საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა ნახულობს.

კანონზომიერება, რომ მოსახლეობის საშუალო ფენა ავტომატურად ხდება პრივილეგირებული ჯგუფი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამართლის და ეკონომიკის პროფესორმა, აარონ დაირექტორმაც შენიშნა. შედეგად, ჩამოყალიბდა დაირექტორის კანონი საჯარო სარგებლის გადანაწილების შესახებ და ემპირიულად დამტკიცდა ის, რაც საჯარო ტრანსპორტისა და მინიმალური ხელფასის მაგალითზე ნათლად ჩანს.

სახელმწიფო რეგულაციების შედეგად, რომელიც საჯარო კეთილდღეობის დონის გაზრდას უნდა ემსახურებოდეს, საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა ყველაზე მეტ სარგებელს ნახულობს და ყველაზე ნაკლებად ზარალდება. ამ მტკიცების ლოგიკური საფუძველი დემოკრატიული მმართველობის და ამომრჩეველთა უმრავლესობის ხასიათიდან გამომდინარეობს. ვინაიდან ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საშუალო ფენის წარმომადგენელია, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები სწორედ ამ კლასზეა მორგებული და, შესაბამისად, საზოგადოების ამ ფენის ინტერესების გამტარებელია.

შედეგად, სახელმწიფო შემოსავლების უმეტესი ნაწილი საშუალო ფენას ხმარდება მაღალ და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ხარჯზე.

ანუ, საზოგადოების შეძლებული ნაწილი კარგავს იმ თანხებს, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა წარმოების გაფართოება, დამატებითი მუშახელის დაქირავება, ხარისხიანი და შედარებით იაფი პროდუქციის წარმოება. ხოლო დაბალშემოსავლიანი, ნაკლებად კვალიფიციური მუშახელი კარგავს დასაქმების შანსს და უწევს დამატებითი ხარჯების გაღება, რომელთაგან პირად სარგებელს ყველაზე ნაკლებად ნახულობს (საჯარო ტრანსპორტის მაგალითი).

რა თქმა უნდა, გამოყენებული ნახაზები მხოლოდ მიახლოებაა რეალობასთან და არა რეალობის აღწერა, თუმცა დასკვნა ერთია: არ აქვს მნიშვნელობა, გადასახადი მწარმოებლისკენაა მიმართული თუ მომხმარებლისკენ – დაწესებული გადასახადით მიღებულ ზარალს ორივე თითქმის თანაბრად ინაწილებს. ვინ უფრო მეტად ზარალდება, კონკრეტული პროდუქტის მოთხოვნის ელასტიკურობაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის განხილვა მოსაბეზრებელ ტექნიკურ დეტალად გადაიქცევა.

შემოსავლების მიხედვით სარგებლისა და დანახარჯის შეფარდება გრაფიკულად ასე გამოიყურება:

თუ ამ პერსპექტივიდან კიდევ ერთხელ გადათვლით თქვენს რეალურ „შემოსავალს”, მიხვდებით, რომ იმაზე ბევრად უკეთ ცხოვრობთ, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ!

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები