ღვინო

ქვევრის ღვინოები ღვინის კლუბში

ღვინის კლუბში მორიგი საჯარო ჭაშნიკი გავმართეთ. საჯარო იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ღვინის კლუბის წევრი. ამჯერად ინგოროყვას 2-ში, ახლადგახსნილმა ღვინის ბარმა ქვევრის კახური ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა, სადაც ქვევრში დაყენებული თითქმის ყველა ის ღვინო იყო წარმოდგენილი (ერთი-ორი ძვირიანი გამონაკლისის გარდა), რომელიც დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

ქვევრის ღვინის დეგუსტაციას ჩვენ ყოველწლიურად ვმართავთ. იყო დრო, როდესაც მაღაზიებში მხოლოდ ერთი ან ორი ნიმუშის მოძიება შეიძლებოდა, ახლა კი ქვევრში დაყენებული ღვინოების რიცხვმა ისე იმატა, რომ გადავწყვიტეთ, ამ ტიპის ღვინოები რამდენიმე ნაწილად დაგვეყო და ცალკე თეთრი ჯიშებიდან დაყენებულების დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა, ხოლო ცალკე – საფერავების, ქართლური და დასავლეთ საქართველოს ქვევრის ღვინოების. ამჯერად მხოლოდ თეთრი საღვინე ჯიშებიდან დაყენებული კახური ღვინოები შევარჩიეთ. წარმოდგენილი იყო 12 ნიმუში: კომპანია ნაღდი ღვინის წარაფი, 2011, თელიანი ველის სამშვენისი, 2010, ხარებას ქვევრში დაყენებული ქისი და რქაწითელი, 2010, ალავერდის მარნის ბერების ღვინო, 2010, ელიზბარ თალაკვაძის წარაფი, 2009, ვაზი+-ის რქაწითელი, 2009, დერგის რქაწითელი, 2009, თბილღვინოს ქვევრის ღვინო, 2010, ხოხბის ცრემლების მწვანე და ქისი, 2010, და კომპანია ვინოტერას მწვანე, 2008.

კომპანიების ვინაობა დაფარული იყო, ღვინოები გასასინჯად დეკანტერებით გამოდიოდა და მხოლოდ ვაზის ჯიში და მოსავლის წელი ცხადდებოდა. დეგუსტაციის ბოლოს, დამსწრეთა შეფასებების მიხედვით, დეგუსტაციის საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა. 20-ქულიანი სისტემით შეფასებულ ღვინოებს შორის საუკეთესო შედეგი ექვსმა ღვინომ აჩვენა – ვინოტერას მწვანემ, ხარებას ქისმა, თბილღვინოს ქვევრის ღვინომ, ვაზი+-მა, კომპანია დერგმა და ალავერდის მარნის ბერების ღვინომ.

დეგუსტაციაზე ქვევრის ღვინოების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. 1. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯიშები – რქაწითელი, ქისი, მწვანე. 2. განსხვავებული ტექნოლოგიები – საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ღვინო, ტრადიციულად, 5-6 თვის მანძილზე იყო დავარგებული ჭაჭა-კლერტზე; ზოგი იანვარში იყო მოხსნილი; სხვები – უფრო ადრეც; იყო მუხაში დავარგებული რამდენიმე ნიმუშიც და ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, მუხის ეგრეთ წოდებული ჩიფსებიც გამოიყენეს. 3. წარმოდგენილი იყო სრულიად განსხვავებული მიკროზონების კახური ქვევრის ღვინოები – კარდენახი, ნაფარეული, ტიბაანი, არგოხი, მაღრაანი, ოჟიო და სხვა.

ჭაშნიკს პროფესიონალებიც ესწრებოდნენ და მოყვარულებიც. პროცესში ყველაზე მეტად ქვევრის კახურების ტიპურობაზე იყო საუბარი. ეს თემა ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა წამოსწია პირველი ნიმუშების გასინჯვისთანავე და ამაზე კამათი მთელი დეგუსტაციის მანძილზე არ შენელებულა. მწიფე კლერტი, ფიზიოლოგიური სიმწიფე, ღვინის ჭაჭა-კლერტზე 6-თვიანი დავარგება – ეს ის ძირითადი წინაპირობებია, რომლის გარეშეც ქვევრის ტრადიციული კახურები წარმოუდგენელია. სწორედ ამ პირობების დარღვევის გამო, რამდენიმე მონაწილემ ზოგი ნიმუში დაიწუნა, სხვებმა კი, პირიქით, სწორედ ნოვაციას და გაბედულებას მისცეს მაღალი შეფასება. მაგალითად, პირადად მე, ქვევრის ღვინოებში, რომლებიც 6 თვის მანძილზე ჭაჭა-კლერტზე ვარგდებოდა, მუხა ზედმეტად მიმაჩნია, თუმცა ყველაზე მაღალი ქულები დეგუსტაციაზე სწორედ მუხაში დაძველებულმა ღვინომ მოიპოვა.

დეგუსტაციაზე ბევრი სხვა დეტალი თუ პრობლემაც გამოჩნდა. გამორჩეული და დასამახსოვრებელი ნიმუშები ცოტა იყო – მახსოვს, შარშან გამართულ დეგუსტაციაზე გაცილებით საინტერესო შედეგები მივიღეთ და ინტრიგაც მეტი იყო. მაგრამ წლევანდელი წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ ბაზარზე 10-მდე ახალი დასახელების ქვევრის ღვინო გამოჩნდა და იმედი გვაქვს, ეს ზრდა სულ უფრო საგრძნობი იქნება. რაც მთავარია, დეგუსტაციის ყველა მონაწილემ შეარჩია თავისი ფავორიტი ღვინოები და სპეციალიზებულ მაღაზიასა თუ სუპერმარკეტში შესული კი არ დაიბნევა, არამედ თამამად გააკეთებს არჩევანს.

 

კომენტარები