იაპონია

ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილების გზების ძიებაში

0 კომენტარი

იაპონიის პრემიერმინისტრმა იოშიჰიკო ნოდამ, სამომხმარებლო გადასახადების გაზრდის კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, გადასახადები 2014 წელს 5%-დან 8%-მდე გაიზრდება, ერთი წლის შემდეგ კი 10%-მდე აიწევს. კანონპროექტი მიზნად ისახავს სამთავრობო ვალის შემცირებას, რაც ამ დროისთვის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე ორჯერ მეტია.

იაპონიის ეკონომიკა უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში არ იზრდება. უმუშევრობა 2000 წელთან შედარებით მაღალია. სოციალური უსაფრთხოების დანახარჯებმა 1990-2010 წლებში ორჯერ იმატა და ქვეყნის საჯარო ვალის ზრდა გამოიწვია. მოსახლეობის ნახევარი 45 წელს ზემოთაა, პენსიებისა და ჯანდაცვის ხარჯები კი მოსახლეობის დაბერებასთან ერთად კიდევ უფრო აიწევს.

დღეს იაპონიის სამომხმარებლო ტვირთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის წევრებს შორის. ინიციატივის მომხრეების აზრით, გადასახადის გაზრდა აუცილებელია როგორც ფისკალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ასევე მოსახლეობის დაბერების შედეგად, სოციალური უსაფრთხოების პროგრამებზე მზარდი დანახარჯების დასაფარად.

კანონპროექტის ოპონენტები თვლიან, რომ გეგმა დეფლაციას გამოიწვევს. გარდა ამისა, 1997 წელს, სამომხმარებლო გადასახადების ორპროცენტიანი ზრდა ეკონომიკური რეცესიის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორი იყო. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ბევრია დარწმუნებული, რომ ცვლილება მდგომარეობას გააუარესებს.

კანონპროექტი უკვე იქცა მნიშვნელოვანი დაპირისპირების მიზეზად. დეკემბერში, როდესაც პრემიერმა ნოდამ წინადადება პირველად გააჟღერა, იაპონიის დემოკრატიული პარტია (DPJ) 9 წევრმა დატოვა. პარტიის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიღება მათ ამომრჩევლებში პოპულარობას დააკარგვინებს. შიდაპარტიული უთანხმოების გარდა, მმართველი ჯგუფი წინააღმდეგობას აწყდება მთავარი მეტოქისგან – ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისგანაც (LDP).

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის აზრით, პრემიერმინისტრი და DPJ ფისკალური პრობლემების მოსაგვარებლად არასწორ გზას ირჩევენ. LDP-ის წევრები პრემიერისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. LDP პარლამენტის ზემო პალატას აკონტროლებს და სწორედ ამიტომ, ინიციატივის დამტკიცებისთვის მის თანხმობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

მდგომარეობიდან გამოსავალი ამ ორ პარტიას შორის შესაძლო კოალიციის ჩამოყალიბებაა, თუმცა იდეოლოგიური სხვაობის გათვალისწინებით, არცერთ მათგანს არ სურს მეორესთან ითანამშრომლოს. იაპონური მედიის ცნობით, ნოდა LDP-ის ლიდერს, სადაკაზუ ტაგინაკის შეხვდა პირისპირ. რაზე ისაუბრეს ლიდერებმა, ძნელი სათქმელია, თუმცა სავარაუდოდ, LDP მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ნოდას კანონპროექტს, თუ ეს უკანასკნელი ქვემო პალატას დაშლის. ქვემო პალატაში უმრავლესობა DPJ-ს უკავია.

სანამ ორი ძირითადი პარტია ერთმანეთის კრიტიკითაა დაკავებული, მოსახლეობა მათ მიმართ ნდობას კარგავს. გაზეთ Yomiuri-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა 16 პროცენტი მხარს უჭერს DPJ-ს, 17 პროცენტი კი LDP-ს. 50 პროცენტი არცერთ პარტიას არ ემხრობა. ეს სიტუაცია ხელსაყრელ პირობებს უქმნის ახალ პარტიებს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ – ერთ-ერთი მათგანია ოსაკას მერის, ტორუ ჰაშიმოტოს რესტავრაციის პარტია. ის მემარჯვენე ფლანგზეა, ემხრობა მთავრობის შეზღუდულ როლს და მუშათა გაერთიანების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ამიტომაც, ექსპერტთა აზრით, LDP-მ შესაძლოა ჰაშიმოტოსთან გამონახოს საერთო ენა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები